Home » ბიზნესი » წაგებული საქართველო

წაგებული საქართველო

აზარტული თამაშები  საქართველოს მძიმე სენად იქცა. პრობლემამ იმდენად მწვავე ხასიათი მიიღო, რომ მისით უკვე არა მხოლოდ ერთეული ადამიანები ზარალდებიან, არამედ მთელი საზოგადოება და ქვეყნის ეკონომიკაც აზარტული მეტასტაზებითაა გარშემორტყმული.  დაუძლეველ სიღარიბეში ჩაფლული ქვეყანა და მისი მოსახლეობა ბოლო კაპიკებს თამაშში აგებს და ის ფული რაც ქვეყნის ეკონომიკაში უნდა მოძრაობდეს, რეალურად სათამაშო ბიზნესის მფლობელების ჯიბეებში მიედინება. უკვე არაერთმა ახალგაზრდამ დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით და მიუხედავად საზოგადოების და მედიასაშუალებების მცირე ნაწილის ხმაურისა პრობლემა სულ უფრო მეტად მწვავდება.

აზარტული თამაშები – ქვეყნის მთავარი ბიზნესი

“საქსტატის” მიერ გამოქვეყნებული უახლესი მონაცემებით აზარტული თამაშები ქვეყნის წამყვანი ბიზნესსექტორია და  ბრუნვის მოცულობით ყველაზე მაღალშემოსავლიან TOP-10 კომპანიას შორის 6 სათამაშო ბიზნესის წარმომადგენელია. ანუ, სიაშია ყველა ონლაინ კაზინო, რომელიც დღეს ქვეყანაში ფუნქციონირებს და მათი რაოდენობა ათს რომ შეადგენდეს, ათივე აქ მოხვდებოდა.  აზარტულმა თამაშებმა დაჩრდილა ყველა სხვა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელი და ათეულში მათ გარდა მხოლოდ “ჯორჯიან მანგანეზი”, “სოკარ ჯორჯია გაზი”, “ენერგო–პრო ჯორჯია” და “ტოიოტა კავკასია” მოხვდნენ.

სექტორის უდიდეს ზრდა ცხადყოფს სათამაშო ბიზნესის ბრუნვის მაჩვენებელიც, რომელიც 2018 წელს  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 173%-ითაა გაზრდილი. თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 5,060 მლრდ ლარი იყო, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 13,806 მლრდ ლარი შეადგინა. სამწუხაროდ, 2019 წლის მონაცემები ჯერ–ჯერობით არ არსებობს. თუმცა, ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 10 წელიწადში ეს სექტორი თითქმის 200-ჯერ გაიზარდა. სათამაშო ბიზნესი უფრო დიდია, ვიდრე მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ენერგორესურსების ბაზარი და ა.შ.

სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 2008-2018 წლებში: 2008 წელი – 70.7 მლნ ლარი; 2009-ში – 74.3 მლნ ლარი; 2010 წელს – 112.7 მლნ ლარი; 2011-ში – 366. 3 მლნ ლარი; 2012 წელს – 996.0 მლნ ლარი; 2013 წელს – 1, 213 მლრდ ლარი; 2014 წელს – 2, 032 მლრდ ლარი; 2015 წელს – 3,890 მლრდ ლარი; 2016 წელს – 4, 036 მლრდ ლარი; 2017 წელს – 5,060 მლრდ ლარი; 2018 წელს – 13,806 მლრდ ლარი.

მხოლოდ ეს ციფრებიც საკმარისია იმის გასააზრებლად, თუ რა საგანგაშო ვითარებაა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში. თუმცა, სამწუხაროდ, ამის დანახვა არ სურთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, პარლამენტარებს და იმ პოლიტიკოსებს, ვისი პრეროგატივაცაა დღეს ამ ბიზნესის მოთოკვა და შესაბამისი რეგულაციების მიღება.

დუმილზე გაყიდული ტელევიზიები

მაგრამ ერთია ხელისუფლების მხრიდან პრობლემაზე წაყრუება და მეორე წამყვანი ტელეკომპანიების დუმილი და ფაქტობრივად უყურადღებოდ დატოვებული უმნიშვნელოვანესი პრობლემა. მხოლოდ ორ ტელეკომპანია – “პალიტრა” და “საზოგადოებრივი მაუწყებელი”, მუდმივად ცდილობენ გააშუქონ ეს საკითხი, ხოლო დანარჩენი ტელევიზიები თითქოს არც იმჩნევენ ამ საკითხს. ამ ყველაფრის მიზეზი კი სავარაუდოდ აზარტული თამაშების რეკლამიდან მიღებული მსუყე შემოსავალია. ბუნებრივია,  მაღალი შემოსავლის კვალობაზე, სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები ახერხებენ, რომ რეკლამაში საკმაო თანხები დახარჯონ და შედეგად ორმაგად მოგებულებიც რჩებიან – ერთი მხრივ, თამაში ტრენდად აქციეს მთელ ქვეყანაში და მეორეს მხრივ ტელევიზიებისგან პრობლემის უგულებელყოფა გარანტირებული აქვთ.

ამ ყველაფრის ნათელი დადასტურებაა, ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადება პირდაპირ ეთერში, როდესაც სათამაშო ბიზნესის რეგულაციებზე საუბრისას ანა დოლიძეს მიუთითა, რომ ეს ბიზნესი მათ რეკლამაში საკმაოდ დიდ თანხებს უხდიდა და ამიტომ ამ საკითხზე საუბარი არ სურდა.

სამწუხაროდ, სანამ მსგავსი ტენდეცია გაგრძელდება და აზარტული თამაშებისგან შექმნილ უმძიმეს პრობლემებზე მხოლოდ ერთეული ტელევიზიები ისაუბრებენ, მანამდე ჩვენს ქვეყანაში ეს საკითხი კიდევ უფრო მეტად გამწვავდება და სულ უფრო მეტი ახალგაზრდის სიცოცხლეს იმსხვერპლებს ეს სექტორი.

ფსონად დადებული სიცოცხლე და ტრენდად ქცეული აზარტი

როგორც აღვნიშნეთ აზარტული თამაშები დღეს ქვეყანაში ერთგვარ ტრენდადაა ქცეული. ყოველწლიურად მასში სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვება და ამ ყველაფერს ხელს უწყობს სათამაშო ბიზნესის უკონტროლო რეკლამაც, რომელსაც დღეს ყველგან შეხვდებით. საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკოლებთან, უნივერსიტეტებთან, სოციალურ ქსელში და ტელევიზიებში ნებისმიერ საეთერო დროს. მუდმივად იმის ტირაჟირება ხდება, თუ რამდენად დიდი თანხის მოგება შეუძლიათ მოქალაქეებს და როგორი მარტივია გახდე მილიონერი. ეს ყველაფერი კი, ბუნებრივია, საკუთარ გავლენას ახდენს ადამიანებზე, განსაკუთრებით კი არასრულწლოვნებზე.

“აზარტული თამაშებისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრმა”  14–18 წლამდე მოზარდები გამოკითხა, არასრულწლოვნების 59%–მა დაადასტურა, რომ ჩართულია აზარტულ თამაშებში. ერთი მხრივ,  მაღალი პროცენტია საგანგაშო, ხოლო მეორეს მხრივ, იგივე კვლევა თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით, რომ ჩატარებულიყო  5% კი არ იტყოდა იმას, რომ თამბაქოს მომხმარებელია, მიუხედავად იმისა რომ შესაძლოა მოიხმარდეს კიდეც. ეს ყველაფერი კი განპირობებულია იმით, რომ მათ კარგად იციან თამბაქოს მავნებლობის შესახებ, ხოლო აზარტული თამაშები პრობლემად კი არ მიაჩნიათ, არამედ ჩვეულებრივ, ტრენდულ ამბად. რეგულაციების არარსებობის გამო, რომ მარტივად შეუძლიათ ონლაინ კაზინოებში რეგისტრაცია და თამაში ეს კიდევ ცალკე პრობლემაა.

ეს რაც შეეხებათ არასრულწლოვნებს, ზრდასრულებში პრობლემა კიდევ უფრო მწვავეა. ზოგადად, ცნობილია ფაქტია, რომ ღარიბ ქვეყანაში ადამიანები მოსაგებად თამაშობენ და არა გასართობად. და მაშინ, როდესაც რეგულაციებიც არ არსებობს ეს ბიზნესი თავის ნებაზეა მიშვებული, ხშირად ფსონად ადამიანები საკუთარ სიცოცხლესაც კი დებენ. ანუ, მოგების ნაცვლად, იმდენს აგებენ, რომ შემდეგ სუიციდის გარდა გამოსავალს ვერაფერში ხედავენ. 2019 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 200-ზე მეტი სუიციდი აღირიცხა და კიდევ ამდენივე თვითმკვლელობის მცდელობა და მათგან ხშირ შემთხვევაში მიზეზი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება იყო.

რატომ რეგულაციები და არა აკრძალვა

სათამაშო ბიზნესის მსგავსი მანკიერი ფორმით არსებობა არამარტო რიგით ადამიანებს, არამედ უპირველესად ქვეყანას და მის ეკონომიკას აზიანებს. დავიწყოთ იქიდან, რომ ქვეყნის ყველაზე შრომისუნარიანი ძალა – ახალგაზრდები გემბლინგში არიან ჩაძირული და საკუთარ შემოსავლებს სრულად კარგავენ. გარდა ამისა, ეს არის ბიზნესი, რომელიც ქვეყანაში ვერანაირ ეკონომიკურ დოვლათს ვერ ქმნის და ის თანხები რომლებიც ეკონომიკაში უნდა ბრუნავდეს, რეალურად რამდენიმე ადამიანის ჯიბეში მიედინება. კაზინოების  საკონტროლო პაკეტს უმეტეს შემთხვევაში ოფშორულ ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიები ფლობენ. შესაბამისად, გაღარიბებული მოსახლეობისგან ამოღებული თანხებიც უმეტესწილად სწორედ ამ ოფშორულ ქვეყნებში გაედინება.  ასევე, სათამაშო ბიზნესის ფულის გათეთრების ერთ–ერთ მთავარ საშუალებას წარმოადგენს და ეს მთელ მსოფლიოში ცნობილი ფაქტია. საქართველოში კი ონლაინ აზარტული თამაშები იმდენად გაუმჭვირვალეა, რომ იქ მოძრავ თანხებზე ფინანსთა სამინისტროსაც კი არ აქვს სრული წვდომა.

აქვე იხილეთ – შავბნელი ბიზნესის მამები – ვინ არიან ქართული ონლაინ კაზინოების მფლობელები

სათამაშო ბიზნესზე საუბრისას ეს სექტორი აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ ორ ნაწილად – ერთი მხრივ, მიწის კაზინოები  და მეორე მხრივ ონლაინ კაზინოები. პირველ რიგში აუცილებელია მოხდეს ონლაინ კაზინოების მაქსიმალური რეგულაცია, ვინაიდან მთავარ პრობლემას ქვეყანაში დღეს სწორედ ეს სექტორი ქმნის, აქ თამაშობენ არასრულწლოვნები, მათი ფინანსებია ფაქტობრივად გაუმჭვირვალე და ესაა ბიზნესი რომლის მიერ შექმნილ პრობლემებზე არაერთი სტატია გამოგვიქვეყნებია.

ხოლო მეორეა მიწის კაზინოები, რომლებიც შეგვიძლია პრობლემის ნაცვლად ქვეყნის წამყვან ბიზნესსექტორად ვაქციოთ. ვინაიდან მეზობელ ქვეყნებში აზარტული თამაშები აკრძალულია, ეს შანსია ჩვენთვის, რომ იქაური მოთამაშეები მოვიზიდოთ და სწორი რეგულაციებით, გამჭვირვალე ფინანსებით, სათანადო საგადასახადო პოლიტიკით და ეფექტური მართვით რეალურად ეფექტურ ბიზნესად იქცეს.

ამიტომაცაა, რომ მუდმივად ვსაუბრობთ რეგულაციებზე და არა აკრძალვაზე. სწორი რეგულაციებით ნამდვილად გვაქვს შანსი, რომ აზარტული თამაშები ვაქციოთ წამყვან ბიზნესად და არა ბიზნესის ისეთ მანკიერ ფორმად, როგორიც დღესაა. ამ ყველაფრისთვის კი საჭიროა მხოლოდ შესაბამისი პოლიტიკური ნება და იმ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც დღემდე არ ჩანს.

გიორგი კაპანაძე

Share