Home » მსოფლიო » ჩინური დრაკონი – ციკლიდან ეკონომიკის გაკვეთილები

ჩინური დრაკონი – ციკლიდან ეკონომიკის გაკვეთილები

ჩინეთის ეკონომიკური მოდელი პრინციპულად განსხვავდება დასავლური ეკონომიკური მოდელებისაგან იმით, რომ კერძო საკუთრების შეზღუდულ ფორმაზე დგას. მართალია, ჩინური ეკონომიკური მოდელი ერთის მხრივ არის სოციალისტური ეკონომიკა, შეზღუდული კერძო საკუთრებით, რომელიც ხუთწლედის გეგმის საფუძველზე ვითარდება, მაგრამ იგი პრინციპულად განსხვავდება საბჭოური ან თუნდაც შვედური მოდელისაგან. ეკონომიკური რეფორმების კონცეფტუალური ქვაკუთხედი არის კონფუციანიზმი, რაზეც იგება რეფორმირების არქიტექტურა და რომლის მიხედვითაც „ადამიანი არის ყოველივეს საფუძველი“, ხოლო მიზანი არის „ჰარმონიული საზოგადოების“ შექმნა, ჩინური ფილოსოფიით კაცთმოყვარება (ჟენ), სწორედ კონფუციანური ტრადიციას ეფუძნება.

ჩინურმა ეკონომიკურმა გამოცდილებამ ეკონომიკის გაბატონებული შეხედულებებიც კი სარევიზიო გახადა. ჩინეთმა შექმნა სახელმწიფო კაპიტალიზმის (state-guided capitalism) ერთობ ეფექტიანი მოდელი. ეს არის არა სახელმწიფო რეგულირების კეინსიანელობა, არამედ ეყრდნობა წმინდა ჩინურ ფილოსოფიურ ეკონომიკურ სპეციფიკას, შეზღუდული კერძო საკუთრებით. ამ მოდელში წამყვანი როლი აკისრია არა მომსახურების სფეროებს, არამედ მეწარმეობას. ეს მოდელი პრინციპულად განსხვავდება ჩვენში ლამის სტიგმად ქცეული ნეო-ლიბერალური მიდგომებისაგან და საბაზრო კაპიტალიზმის გაგების ჩამოყალიბებული სტერეოტიპებისაგან, სადაც ეკონომიკური განვითარების და ზრდის მთავარი ლაიტმოტივი თავისუფალ ბაზარზე და კერძო საკუთრების პრიმატზეა აგებული.

ჩინეთის ეკონომიკური სასწაული დაიწყო 1978 წელს დენ სიაოპინგის მიერ, რომელიც სამართლიანად ითვლება თანამედროვე ჩინური სახელმწიფოს მამად. მიიჩნევა, რომ განვლილ პერიოდში, კერძოდ 1978 – 2010 წლებში, ჩინეთმა ეკონომიკის ევოლუციის თვალსაზრისით გაიარა ის გზა, რასაც თუნდაც ორმა თანამედროვე მეგაეკონომიკამ აშშ-მა და გერმანიამ მთელი საუკუნე მოანდომეს. ჩინეთის ასეთი ტრანსფორმაცია განაპირობა პირველ რიგში ტექნოლოგიურმა პროგრესმა.

დღეს პრაქტიკულად ყველა თანხმდება, რომ ჩინეთმა დაანგრია არსებული სტერეოტიპი, რომ ჩინეთი ვერ შექმნიდა განვითარებული დასავლეთის ალტერნატივას, და მხოლოდ აგროსექტორის მოდერნიზება(ისიც ნაწილობრივ) და დაბალტექნოლოგიური საქონლის და ტესქსტილის წარმოება შეეძლო. მაგრამ უკვე გასული საუკუნის 90-იანი წლების მიწურულს ჩინეთმა დაძლია არა თუ დაბალტექნოლოგიური, არამედ საშუალოტექნოლოგიური პროდუქციის წარმოების ბარიერიც და 2010 წლიდან მაღალტექნოლოგიურ ჰაბად იქცა. ჩინეთმა უზრუნველყო აგროსექტორის მთლიანი ტრანსფორმაცია, როდესაც რეფორმების დაწყებიდან უკვე მეათე წლისთავზე შეძლო დაეპურებინა მილიარდიანი მოსახლეობა, რაც წარმოუდგენლად მიიჩნეოდა. ეს რეფორმაც განხორციელდა წმინდა სოციალისტური მოდელით, როდესაც გლეხებს მიწები გადაეცათ დასამუშავებლად კოლექტიური თანასაკუთრების პრინციპით;

უნდა აღინიშნოს ჩინური გეო-ეკონომიკის კიდევ ერთი მიმართულება რომელიც არის განათლების რეფორმა. ჩინეთმა დაძლია წერა-კითხვის მასობრივი უცოდინრობა და სასწავლო დაწესებულებების დეფიციტი. დღეს ჩინეთში 2 ათასზე მეტი უმაღლესი სასწავლებელია, სადაც განათლება უფასოა.
ჩინური წამყვანი უნივერსიტეტები შედიან მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების ასეულში. განათლების რეფორმამ, გარდა სამეცნიერო პოტენციალის ზრდისა, კონკურენტუნარიანი მენეჯერების გამოშვებაც უზრუნველყო, რამაც გაზარდა ჩინური საწარმოების კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო ბიზნესში;

ნიშანდობლივია, რომ ყველა რეფორმა თავიდანვე სოციალურად ორიენტირებული იყო და პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა საბაზრო კაპიტალიზმს. კონფუციანური სწრაფვა განათლებისაკენ სწავლების ყველა დონეზე ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი წამყვანი პრიორიტეტია დღემდე. კონფუციანური განათლების პრინციპებია თვითრეალიზება და საკუთარი თავის დაძლევა (ცზი). დღეს მსოფლიო სამეცნიერო და პოლიტიკური წრეები სულ უფრო იხრებიან იმ თვალსაზრისისაკენ, რომ ჩინეთი არის არა მხოლოდ ევროცენტრიზმისა და ვესტერნიზმის რეალური ალტერნატივა, არამედ გლობალური ისტერნიზაციის მაგალითი. იაპონიამ და სამხრეთ კორეამაც განახორციელა ეკონომიკური სასწაული გასული საუკუნის მეორე ნახევარში, მაგრამ არც იაპონია და არც სამხრეთ კორეა არ გამოსულან ევროპეიზმისა და ვესტერნიზმის საზღვრებიდან.

ჩინეთს ჰქონდა არჩევანი: აქცენტი გაეკეთებინა ტრადიციულ კონკურენტული უპირატესობის საქონელზე, ან მოეხდინა ეკონომიკის სრული მოდერნიზაცია. პირველის არჩევის შემთხვევაში ჩინეთი დიდი ალბათობით იქცეოდა ბრინჯის მწარმოებელ აგრო ჰაბად და ღარიბ ქვეყნად დარჩებოდა; იგივე შეიძლება ითქვას სამხრეთ კორეაზეც და ვიეტნამზეც, რომლებიც დღეს სამრეწველო კაპიტალიზმის ფლაგმანებად ითვლებიან.

ჩინეთი გარდა ავტომობილებისა აწარმოებს გემებს, მეტალურდიულ პროდუქციას და ცემენტს. ჩინეთს პრაქტიკულად არა აქვს ენერგეტიკული პრობლემები, რადგან ყველაზე მეტი კაშხალი აგებული. 2017 წლის მონაცემებით ჩინეთი ავტომობილების ყველაზე დიდი მწარმოებელია რაც ყოველწლიურად 29 მლნ ავტომობილს შეადგენს, შედარებსათვის აშშ აწარმოებს 11,2 მლნ ავტომობილს წელიწადში, ხოლო იაპონია-9,7 მლნ ერთეულს. რეფორმების დაწყებიდან ორმოცი წლის შემდეგ, ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი მაჩვენებელი 2018 წელს $13.6 ტრილიონს შეადგენდა, ეკონომიკის წილი მსოფლიო ეკონომკიკაში კი 22 %-ს შეადგენდა და მხოლოდ ამერიკის მაჩვენებელს ჩამორჩება, რომელიც 2018 წლის მიხედვით 20,5 ტრილიონ აშშ დოალრი იყო და ეს მაშინ, როცა 1978 წელს, ჩინეთის მშპ მხოლოდ $150 მილიარდი იყო!!!. ამასთან, ბოლო 20 წლის მანძილზე, ზრდასრული მოსახლეობის სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე გაოთხმაგდა. ჩინეთში 600 მილიარდელია, რაც ასევე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში. ბოლო წლებში ჩინეთს ჰქონდა ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 7.8 %-ზე მეტი, რაც აღემატება სხვა სწრაფი ეკონომიკური ზრდის ქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ჩინეთმა განვითარებად ქვეყნებს უფრო მეტი კრედიტები გამოუყო, ვიდრე მსოფლიო ბანკმა. ჩინეთი წარმოადგენს უმსხვილეს ინვესტორს აშშ-სთან და იაპონიასთან ერთად.

2010 წლისათვის ჩინეთი უკვე გადავიდა მაღალტექნოლოგიური პროდუქციის წარმოებაზე. იქმნება ახალი თანამედროვე ლოჯისტიკური ჰაბები. ჩინეთი დღეს ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მზარდ ლოჯისტიკურ ჰაბად, მსოფლიოს 10 უმსხვილესი პორტიდან 7 ჩინურია. ჩინური საკომუნიკაციო და კომპიუტერული ბრენდები მსოფლიოში ცნობილია. ჩინეთი არ იშურებს თანხებს ხელოვნური ინტელექტის განვითარებისათვის. ჩინეთის წილი სამეცნიერო კვლევებში სულ უფრო იზრდება. დიდი თანხებია მიმართული კოსმოსურ კვლევების მიმართულებითაც.

გიორგი ცუცქირიძე, ეკონომიკის დოქტორი

Share