Home » მსოფლიო » ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსისგან სრულად განკურნების ვადები და შემთხვევები დაასახელა

ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსისგან სრულად განკურნების ვადები და შემთხვევები დაასახელა

ახალი ტიპის კორონავირუსის მსუბუქი ფორმა დაახლოებით ერთ კვირაში იკურნება, ხოლო შედარებით მძიმე შემთხვევებში სრული განკურნებისთვის დაახლოებით ორი კვირაა საჭირო. აქედან გამომდინარე კი, გამოჯანმრთელებული და კლინიკებიდან გაწერილი ადამიანების რიცხვი უახლოეს დღეებში თანდათან გაიზრდება – ამის შესახებ სამშაბათს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის ექსპერტთა ჯგუფის წევრმა ლი სილვანმა განაცხადა.

„ამ დროისთვის მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტები დაახლოებით ერთ კვირაში გამოჯანმრთელდებიან. შედარებით მძიმე ფორმას დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება და შესაძლოა, კიდევ უფრო მეტიც, აქედან გამომდინარე საავადმყოფოებიდან გაწერილი პაციენტების რაოდენობა დროთა განმავლობაში გაიზრდება.” – განაცხადა სილვანმა ბრიფინგზე.

მისივე განმარტებით, იმისათვის, რომ პაციენტი საავადმყოფოდან გაეწეროს, მან უნდა გაიაროს შემდეგი ეტაპები: პაციენტის სხეულის ტემპერატურა ნორმალურ მდგომარეობას უნდა დაუბრუნდეს და ვირუსული ნუკლეინის მჟავის ანალიზმა უარყოფითი შედეგი ზედიზედ ორი შემოწმებისას უნდა აჩვენოს.

ჩინეთის ხელისუფლების მონაცემებით, 28 იანვრისთვის ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის მქონე პაციენტთა საერთო რიცხვმა 4 515 ადამიანს მიაღწია, რომელთაგან 106 გარდაიცვალა, 60 ადამიანი გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს.

ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსი ჯერჯერობით შემდეგ ქვეყნებში დაფიქსირდა: ჰონგ კონგი, მაკაო, ტაივანი, ტაილანდი, იაპონია, სამხრეთ კორეა, შეერთებული შტატები, კანადა, ვიეტნამი, სინგაპური, ნეპალი, საფრანგეთი, ავსტრალია, მალაიზია და გერმანია.

წყარო: “რეზონანსი”

Share