Home » საზოგადოება » “ჩვენ ვერც რეპრესიული ნარკოპოლიტიკა გვექნება და ვერც ლიბერალური”
"ჩვენ ვერც რეპრესიული ნარკოპოლიტიკა გვექნება და ვერც ლიბერალური"

“ჩვენ ვერც რეპრესიული ნარკოპოლიტიკა გვექნება და ვერც ლიბერალური”

“სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტის გატარებაზე ნაკლები უჯდება გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ორგანიზება და დამოკიდებულთა მკურნალობა”

რატომ არის საქართველოს სახელმწიფო ინტერესების მტრებისთვის ხელსაყრელი ნარკოტიკების ლეგალიზება და რატომ ვერ უნდა დასაქმდნენ ნარკომომხმარებლები სახელმწიფო და ბიზნესსტრუქტურებში.

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისთვის აქტიური ბრძოლა გასულ წელს დაიწყო. გასულ წელს ზუსტად ამ დროს მოეწყო პირველი საპროტესტო აქციაც მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით. მართლაც, არავინ დავობს, რომ მარიხუანის მოწევის გამო ადამიანები ციხეში არ უნდა ისხდნენ. წელს მიზანი მიღწეულია, თუმცა რაკი არა მხოლოდ მადა მოდის ჭამაში, როგორც ჩანს, კაიფის სურვილიც ცხოველდება დაბოლებისას, აწ უკვე ყველა ტიპის ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით გაიმართა საპროტესტო აქცია (კვლავ ახალგაზრდა და ჯანიანი მამრების მონაწილეობით), უდიდესი ალბათობით, ყველა ტიპის ნარკოტიკის ლეგალიზაციის საბოლოო მიზნის მისაღწევად. პირადად მე, ძალიან მომხვდა თვალსა და ყურში, რომ კაიფის თავისუფლებას იმაზე მეტი დამცველი გამოუჩნდა, ვიდრე, მაგალითად, ქვეყნის საზღვრების დაცვას. არის თუ არა ეს პროცესი სპონტანური და მართლაც ჰუმანიზმის აპოგეა, ვის აძლევს ხელს ნარკოტიკულ თრობაში გახვეული ქვეყანა და რა საფრთხეს უქმნის მასობრივი დაბოლება სახელმწიფოს არსებობას, – თემას პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძესთან ერთად განვიხილავთ.

–  ჩვენს პოლიტიკურ სცენაზე არის ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალა, თუ ამას პოლიტიკური ძალა შეიძლება, ეწოდოს, რომელიც ნარკოტიკების მიმართულებითაა გამეცადინებული და ამ თემით ტივტივებს პოლიტიკურ ზედაპირზე. შემთხვევითი გგონიათ ამ საკითხის გააქტიურება, თუ მაინც ჩვენი მოსახლეობის დეზორიენტაციასა და მის კიდევ უფრო ადვილად სამართავ მასად ქცევას ემსახურება?

– თემა არის ძველი და კაცობრიობასავით ხანდაზმული, იმიტომ რომ, ნარკოტიკები, როგორც მას ახალ დროში უწოდებენ, ოდითგან იყო ლტოლვისა და გატაცების ობიექტი ბევრ ცივილიზაციაში. ამდენად, ჩვენ ვერ ვიპოვით რეცეპტს ამ პრობლემის გადასაჭრელად, რადგან უკვე მერამდენე თაობა ცდილობს, მოაწესრიგოს ნარკოტიკების მოხმარება, თუმცა ეს ჯერ არავის გამოსვლია. თუ ჩერჩილის ცნობილ გამონათქვამს გავიხსენებ: დემოკრატია არის საოცრად დიდი ხარვეზის მქონე პოლიტიკური მართვის სისტემა, ოღონდ ამაზე უკეთესი კაცობრიობას არ გამოუგონებია. აქედან გამომდინარე, თუ დემოკრატიას ვირჩევთ და არა ავტორიტარიზმს, ამას აქვს თავისი ხარვეზები, რომელთა მიმართ მეტად დამთმობი უნდა იყოს საზოგადოება. თუმცა უმრავლესობა კონსერვატიულია თავისი ბუნებით და სიახლეების მიმართ დასაბუთებული და გასაგები შიში აქვს, ისეთი რამ არ მოიტანოს, რაც აქრობს ცივილიზაციებსა და ერებს. ასე რომ, ნარკოტიკების შესახებ იმ ისტერიკის ატეხვა, რაც ახლა ჩვენთან ხდება, არ მგონია გონივრული. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რა გარემოში ვცხოვრობთ, როგორი სამეზობლო გვყავს, რა ურთიერთობები გვაქვს სხვა ქვეყნებთან, რომ თანდათან ვხდებით დიასპორა ერი. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ქსენოფობიურია დემოგრაფიული ვითარებისადმი დამოკიდებულება, ის გონებაშეზღუდული და ბრიყვია. ჩვენს ქვეყანაში უკვე მხოლოდ 3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ქვეყნიდან გასვლის ტენდენცია კი იზრდება.

– შობადობა იკლებს და დეპოპულაცია გარდაუვალია.

– მალე ეკონომიკის რამდენადმე ხელშესახები გამოცოცხლება მოითხოვს მუშახელს, რომელიც მცირდება. რა თქმა უნდა, ბუნებაში წმინდა ადგილი თავისუფალი არ რჩება, შემოვა ჩვენზე დემოგრაფიულად აქტიური რეგიონებიდან მუშახელი, რაც კაცობრიობის ერთ-ერთ მიღწევას, ქართულ ცივილიზაციას, შეუქმნის საფრთხეს.

– სხვათა შორის, ყოველწლიურად იზრდება საქართველოდან აფრიკისა და აზიის ქვეყნებში ფულადი გზავნილების რიცხვი, რაც იმას ნიშნავს, რომ იქიდან ჩამოსულები აქ საქმდებიან.

– ჩვენ, რა თქმა უნდა, არ მოგვწონს ცხოვრების დონე საქართველოში, ეკონომიკური განვითარების ხარისხი, სოციალური დაცულობის ხარისხი, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, მსოფლიოს უამრავი რეგიონი და ქვეყანაა, რომლებშიც საქართველოზე უარესად ცხოვრობს ხალხი, მათ შორის, ეკონომიკური აყვავების გზაზე მდგარ ჩინეთსა და ინდოეთში და ისეთ მრავალრიცხოვან ქვეყნებშიც კი, როგორებიცაა: ბანგლადეში, პაკისტანი, იემენი და სხვა. ამიტომ ჩვენ საკმაოდ მომხიბვლელი ოაზისი ვართ ამ დემოგრაფიული ბუმის პირობებში ხალხისთვის. ასეთ ვითარებაში კი ეს გამოიწვევს საქართველოს მკვიდრი მოსახლეობის, ვგულისხმობ, ყველას და არა მხოლოდ ეთნიკურ ქართველებს, დროთა განმავლობაში, 10-20 წლის შემდეგაც კი, დემოგრაფიული სურათის შეცვლას, რაც ჩვენს ეროვნულობასა და იდენტობას შეუქმნის საფრთხეს. ვთქვათ, მიაღწია ამ მოძრაობამ შედეგს და ამ პროცესს დაახვედრე ლიბერალური ნარკოპოლიტიკა: ყველა ტიპის ნარკოტიკის დეკრიმინილიზაციის შემდეგი ეტაპია თავისუფალი მისაწვდომობა და რეალიზაციის არხების გახსნა: ჩვენი უმუშევარი, ჯერ კიდევ უპერსპექტივო ახალგაზრდობა, რომელმაც ვერ მოახერხა ევროპაში, რუსეთში, თურქეთსა და საბერძნეთში გაქცევა, იქნება ამ ნარკოტიკების მოხმარების ტყვე.

– ამ მოძრაობის პათეტიკამ, დავიცვათ ნარკოპოლიტიკა, გამახსენა, რომ არავინ აწყობს აქციას, დავიცვათ საზღვრები და ამას ცოტა არ იყოს დეგრადაციის საწყისად მივიჩნიე.

– მე არ ვიქნები ასეთი რადიკალური, ოღონდ ვიტყვი ერთ რამეს: ჩვენ, რა თქმა უნდა, მივდივართ ევროკავშირისკენ და ეს არის მთელი ქვეყნის არჩევანი და ხილულ პერსპექტივაში, სხვა ალტერნატივა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არ ჩანს. ამდენად, უნდა გადავხედოთ, რა პრაქტიკაა ევროკავშირის ქვეყნებში და, მეორე, რა ტიპის ნარკოპოლიტიკა შეეფერება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, რომელიც შეიძლება, ერთი შეხედვით, აბსტრაგირებული ცნებაა, მაგრამ ის აქვს ყველა ქვეყანასა და ერს. ჩვენ უნდა დავიცვათ კანონის უზენაესობა, მაგრამ ეს კანონი უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენს დემოგრაფიულ პოლიტიკას, ეკონომიკის პერსპექტივას. თითქოს შეუთავსებელ რამეს ვიტყვი: ჩვენ ვერც რეპრესიული ნარკოპოლიტიკა გვექნება და ვერც ლიბერალური. ოქროს შუალედი უნდა მოვძებნოთ. ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ეგრეთ წოდებული მსუქუბი და მძიმე ნარკოტიკი.

– თუმცა მარიხუანა არ არის „მსუბუქი ნარკოტიკი“, სტატისტიკით, მისი მომხმარებელთა 60 პროცენტი გადადის უფრო მძიმე ნარკოტიკზე.

– ესეც გასათვალისწინებელია. მაგრამ ვერც ისე დავტოვებთ სიტუაციას, როგორც არის: ადამიანებს მიარბენინებენ მოსაშარდავად, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ისევ გრძელდება ნარკოტიკის ჩადების მანკიერი პრაქტიკა. ეს დაუშვებელია. ამიტომ ცალსახად უნდა მოხდეს ეგრეთ წოდებული მსუბუქი ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია. მკვეთრი ზღვარი უნდა გაივლოს ამ ეტაპზე, სხვა შემთხვევაში, როდესაც ამბობენ, რომ ნარკოდამოკიდებულება არის ავადმყოფობა, ნარკოდამოკიდებულებს უნდა ვუმკურნალოთ. პორტუგალიის მაგალითია საინტერესო: პორტუგალიაში იყო ძალიან მკაცრი ნარკოპოლიტიკა, მაგრამ  ძალიან ბევრი ნარკომომხმარებელი ჰყავდათ. შეარბილეს და როგორც სპეციალისტები ამბობენ, ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა შემცირდა, ხოლო სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკის გატარებაზე ნაკლები უჯდება გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ორგანიზება და ნარკოდამოკიდებულთა მკურნალობა. ვინც კანონს ამზადებს, მან უფრო საფუძვლიანად უნდა ჩაიხედოს ნარკოპოლიტიკის პრაქტიკაში.

– სპეციალისტებისგან ვიცი, რომ ყველაზე მეტს ევროპაში ანტინარკოტიკულ ღონისძიებებზე, მათ შორის, რეაბილიტაცია-მკურნალობაზე ხარჯავს ჰოლანდია. ანუ ნარკოლიბერალიზაცია ჯიბეზეცაა.

– გეთანხმებით. მე არ ვარ მომხმარებელი, ჩემი პოზიცია უფრო მჭვრეტელისაა და გარემოს პრაქტიკით ვხელმძღვანელობ. აქვე მახსენდება ერთი შემთხვევა: გურამ ფანჯიკიძე მიიწვიეს პირველ არხზე, იმხანად ვაჟები გრძელ თმას ატარებდნენ და სთხოვეს, მოეწოდებინა ახალგაზრდებისთვის, რომ შეეჭრათ თმა. გურამ ფანჯიკიძემ უთხრა, მე ერთი ღერი თქმა არ მაქვს თავზე და როგორ მოვუწოდო, მეტყვიან, გშურსო. ჩემთვის ნარკოტიკები პრობლემა არ ყოფილა და იოლია თქვა, რომ კანონი უნდა იყოს რეპრესიული, რადგან ნარკოტიკების ლიბერალიზაცია დააქცევს ქვეყანას. მაგრამ მე ასე არ ვიტყვი, მეც გავიზიარებ გურამ ფანჯიკიძის მიდგომას: ეს მარტივი თემა არ არის, არც რეპრესიულ პოლიტიკას მოაქვს შედეგი. ბევრ ქვეყანაშია რეპრესიული პოლიტიკა, მაგრამ ამით არაფერი იცვლება. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები დემოკრატიის ფლაგმანია ამ ეტაპზე და პრეზიდენტმა ნიქსონმა ნამდვილი ომი გამოუცხადა ნარკოტიკებს. მართალია, დღეს ის პოლიტიკა შერბილდა, მაგრამ პრობლემას ვერ მოერივნენ. ქვეყანა ებრძვის ნარკოკარტელებს ლათინურ ამერიკასა და აღმოსავლეთში, მაგრამ არანაირი შედეგი არ არის, პრობლემა პრობლემად რჩება. ამიტომ, ჩემდა სამწუხაროდ, პესიმისტური დასკვნა უნდა გავაკეთო: რეპრესიული იქნება ნარკოპოლიტიკა თუ ლიბერალური, პრობლემა პრობლემად დარჩება. იმიტომ რომ, პრობლემა არის კომპლექსური და კომპლექსური მიდგომაა აუცილებელი. ჩვენ ის მიღწევა მაინც გვაქვს, რომ დღევანდელი მთავრობა შეიძლება, რაღაცის გაკონტროლებას ვერ ახერხებს, მაგრამ შეკრული არ არის ნარკოკარტელებთან. პატივს ვცემ ადამიანების უფლებებს, არ უნდა იჭერდნენ ერთი და ორი გრამი მარიხუანის მოხმარებისთვის. მაგრამ ის, რომ ხელის ერთი მოსმით გადაიზარდოს დეკრიმინალიზება ლეგალიზებაში და საქართვლეოში ნებადართული იყოს ნებისმიერი სუბსტანციის მოხმარება, ყოვლად მიუღებლად და დაუშვებლად მიმაჩნია. პერსპექტივაში უნდა დავინახოთ ამის სოციალური და პოლიტიკური შედეგები და კურსი თანდათანობით ავიღოთ ლიბერალიზაციისკენ. ნარკოტიკების უკონტროლო მიღება არ მიმაჩნია მართებულად. ადამიანმა, თუ ნარკოტიკის მომხმარებელია, უნდა იცოდეს, რომ ის ნარკოტიკის სასარგებლოდ აკეთებს არჩევანს. მას არ ექნება სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობის და გარკვეულ ბიზნესსტრუქტურებში დასაქმების უფლება, არ ექნება სხვა სოციალური შეღავათები. მან უნდა იცოდეს, რომ იღებს ნარკოტიკს და ამის გამო რაღაცას კარგავს. უფრო კომპეტენტურ ადამიანებს, ექიმებსა და ფსიქოლოგებს უნდა დავეკითხოთ, თუ რას იწვვს ნარკოტიკების მოხმარება და ამის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილება. მეორე მხრივ, საინტერესოა, მარიხუანის მოწევა დასაშვები იყოს და მისი ყიდვა არსად შეიძლებოდეს?!

– ყველა დათესავს, ალბათ, ბოლოს და ბოლოს, სახლში ქოთნებში.

– აი, მაშინ დაედება ქართულ მიწას ოქროს ფასი…

– აი, იმ პარტიამ, სახელს არ ვახსენებ, რომ ზედმეტად არ დავამახსოვრო ვინმეს, საერთოდაც, განაცხადა, რომ ჩვენმა ქვეყანამ უნდა დაიწყოს ნარკოტიკების წარმოება და ბიუჯეტი გაზარდოს, უფრო ამაღლდება სოციალური დონეო.

– თუ დავუშვებთ ყველა ნარკოტიკის დეკრიმინალიზებას და მივაყოლებთ ლეგალიზებას, მთელი საქართველო გაეხვევა იასამნისფერ ნისლში, აღარც პრობლემები შეგვაწუხებს და აღარც ამბიციები.

– აღარც ოკუპაცია შეგვაწუხებს, არც უმუშევრობა. დავსხდებით ხის ძირას და ვიქნებით ნეტარად.

– იმ დროს, როდესაც გასათვალისწინებელია ჩვენი სამეზობლო. დემოკრატიულ ქვეყანაში, თუ მარიხუანას გამოჰყოფ და დასაშვებს გახდი მის მოხმარებას, ბუნებრივია, ადამიანს უნდა შეეძლოს მისი ლეგალურად შეძენაც. მეორე მხრივ, ცივილიზებულ ქვეყანაში, ცხადია, უნდა იყოს გასართობი ადგილები, კლუბები, სადაც გამოიყენება ეგრეთ წოდებული კლუბური ნარკოტიკები; რომლებიც, ასევე, ფართოდაა გავრცელებული მუსიკალურ ფესტივალებზე. ესე იგი, ესეც უნდა დავუშვათ. თუ ქვეყანა ევროპული განვითარების გზას დაადგა, ბუნებრივია, უნდა იყოს გასართობი სახლები, ეგრეთ წოდებული სათამაშო სახლები, ლეგალური ბორდელები, რომ ჩამოსულმა ტურისტმაც იგემოს ეს „სიამეები“ და ვერც შენს მოქალაქეს დაუშლი. მაგრამ ჩვენ ხომ ჯერ ეს არ დაგვიშვია?! იმიტომ რომ, ქვეყანა რთულ მდგომარეობაშია, ჰყავს რთული სამეზობლო, მდებარეობს ნარკოტრეფიკის ტრასაზე, მეზობლობს სახიფათო რეგიონთან. ჩვენს რეგიონში არის მოუგვარებელი ეთნკონფლიქტები, უამრავი საგარეო საფრთხის წინაშე ვდგავართ, ვიმყოფებით მულსიმანური ქვეყნების გარემოცვაში.

– თავი რომ დავანებოთ ქვეყნის შიგნით არსებულ აზრს ნარკოტიკებისადმი, პათოსით, ჩემს სხეულს რასაც მინდა, იმას ვუზამ. არ ვამბობ, ცხადია, რომ „გირჩი“ უბრალოდ მტრის აგენტია, მაგრამ რაციონალურად რომ შევხედოთ, ვისთვისაა ხელსაყრელი იასამნისფერ ბოლში გახვეული საქართველო?

– რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მოწინააღმდეგე ქვეყნებისა და ძალებისთვის მთელ მსოფლიოში. ყველაფერს სიჭრდება საფუძვლიანად აწონ-დაწონა. ადრე თუ გვიან, ეს რეგიონი უეჭველად მივა მარიხუანის ლეგალურ მოხმარებამდე, ლეგალურ სამეძავო სახლებამდე და ასე შემდეგ, რადგან ეს არის დემოკრატიის თანმხლები. ოღონდ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაფერი დროულად უნდა გაკეთდეს. გავიხსენოთ შაჰისდროინდელი ირანი, როდესაც თანამედროვე ქალაქი იყო თეირანი და უცებ მთელი ქვეყანა იქცა რელიგიური იდეოლოგიის სახელმწიფოდ. აი, ამ გამოცდილებებს უნდა გადახედონ ძლიერებმა ამა სოფლისათა. ასეთი თავისებურებების რეგიონია ეს. ნარკოტიკების ლეგალიზაციის მოძრაობის აქტივისტებს კი ვეტყოდი, მეგობრებო, თქვენ სწორი გზით მიდიხართ, მაგრამ კი არ ჩქარობთ, ძალიან ჩქარობთ. ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები ამ ეტაპზე ასეთ სწრაფ ლიბერალიზაციას გამორიცხავს. ჩვენ უნდა შევამსუბუქოთ ნარკოკანონმდებლობა, გავაუქმოთ სასჯელი ეგრეთ წოდებული მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებისთვის, დავტოვოთ ჯარიმები, მაგრამ მეტის მოთხოვნა და მიღწევა ამ ეტაპზე არასწორი იქნება.

ნინო ხაჩიძე

ჟურნალი “თბილისელები”

Share