Home » საზოგადოება » „ჩვენი საზოგადოებისთვის უხერხული საკითხია სექსუალური უმცირესობების მიერ მათი უფლებების დაცვა“

„ჩვენი საზოგადოებისთვის უხერხული საკითხია სექსუალური უმცირესობების მიერ მათი უფლებების დაცვა“

„ჩვენი საზოგადოებისთვის უხერხულ საკითხად რჩება სექსუალური უმცირესობების მიერ მათი უფლებების საჯაროდ დაცვა“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში, ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ლგბტ საზოგადოების მიერ საჯარო გამოსვლების (პრაიდის) მიმართ საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება ეფუძნება როგორც რელიგიურ ტრადიციებს, ისე საბჭოთა პურიტანიზმის კვალს.

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ დაცულ იქნას ეს უფლებები და გამოხატვის თავისუფლება, თავიდან იქნას აცილებული კონფლიქტი სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს შორის. სამართალდამცველებმა მოახერხეს ამ სიტუაციების მართვა. ისინი ეფექტიანად იცავენ უმცირესობებს ფიზიკური ძალადობისგან.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული და სრულად დაცულია. მაგრამ რეალობა კანონმდებლობის ჩარჩოებს სცდება: თავისუფლებას არ აქვს საზღვარი, რაც ხშირად საზოგადოებას სიძულვილის ენით ამძიმებს.

კონტროლის მექანიზმისა და თვითრეგულირების არქონა კი, როგორც სხვაგან, საქართველოშიც ართულებს სოციალურ გარემოს. როგორც თავისუფალ, განვითარებულ ქვეყნებში ხდება, სოციალურ მედიაში გამოხატვის თავისუფლება იქაც პასუხისმგებლობის შეგრძნების გარეშე ხორციელდება, იგი ხშირად ანონიმურია და ისედაც პოლარიზებულ საზოგადოებაში დაძაბულობის მატებას უწყობს ხელს.“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


Share