Home » ახალი ამბები » შსს-მ ონლაინ ტოტალიზატორის სისტემაში უნებართვოთ შეღწევისა და 72 000 ლარის მითვისების ბრალდებით 5 ადამიანი დააკავა

შსს-მ ონლაინ ტოტალიზატორის სისტემაში უნებართვოთ შეღწევისა და 72 000 ლარის მითვისების ბრალდებით 5 ადამიანი დააკავა

სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქურდობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ბრალდებით თბილისსა და ბათუმში 5 პირი: 1994 წელს დაბადებული ა.კ., 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.პ, 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.მ., 1975 წელს დაბადებული კ.მ. და 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ჯ. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაუსწრებლად პასუხისგებაშია მიცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული მ.მ. მათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევასა და დიდი ოდენობით თანხების ფარულად დაუფლებაში ედებათ ბრალი.

დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ რუსეთის მოქალაქე მ.მ.-მ და ა.კ.-მ უნებართვოდ შეაღწიეს ონლაინ ტოტალიზატორისა და კაზინოს მომხმარებელთა ვებ-გვერდებზე და მათზე მიბმული საბანკო პლასტიკური ბარათებიდან ფარულად დაეუფლნენ 23 მოქალაქის კუთვნილ თანხებს. უკანონოდ დაუფლებული თანხების განაღდებაში კი მათ მ.მ., კ.მ., თ.პ. და გ.ჯ. ეხმარებოდნენ. მოქალაქეთათვის მიყენებული ზიანის ოდენობამ, ჯამში, 72 000 ლარი შეადგინა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 284-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ქურდობას და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.

Share