Home » მსოფლიო » შვედეთის კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგია მსოფლიოსთვის მოდელი უნდა იყოს – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

შვედეთის კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგია მსოფლიოსთვის მოდელი უნდა იყოს – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა შვედეთი კორონავირუსთან ბრძოლისთვის არჩეული სტრატეგიისთვის შეაქო და განაცხადა, რომ ის მსოფლიოსთვის “მოდელი” უნდა იყოს.

“ვფიქრობ, თუ სიტუაციის ნორმალიზებას მივაღწევთ, შვედეთი მრავალი თვალსაზრისით მომავლის მოდელს წარმოადგენს — თუ ისეთ საზოგადოებაში დაბრუნება გვსურს, სადაც იზოლაცია არ გვქონდა”, — განაცხადა რაიანმა.

მისივე თქმით, შვედეთის ჯანდაცვის სისტემამ ვირუსის დაწყებიდან ყველა ნაბიჯი სწორად გადადგა.

“ისინი აკეთებდნენ ტესტირებას. მათი ჯანმრთელობის სისტემას ყოველთვის რჩებოდა იმის შესაძლებლობა, რომ იმ შემთხვევების რაოდენობას გამკლავებოდა, რომელიც მათ ჰქოდათ” — განაცხადა რაიანმა.

რაიანის თქმით, შვედეთის მისამართით წამოსული კრიტიკა უსამართლოა, რადგან შვედეთმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძალიან ძლიერი პოლიტიკა დააწესა და ფიზიკური დისტანცირების, ადამიანების მოვლისა და დაცვის გრძელვადიანი შესაძლებლობა შექმნა.

“ის, რაც ამ ქვეყანამ განსხვავებულად გააკეთა არის, რომ ძალიან ენდობა ურთიერთობას მოქალაქეებთან, მათ უნარს, რომ საკუთარი ნებით შეძლონ თვითრეგულირება და დაიცვან სოციალური დისტანცია”, — განაცხადა რაიანმა.

შვედეთმა პანდემიასთან საბრძოლველად ევროპული ქვეყნებისაგან განსხვავებული გზა აირჩია. მაშინ, როცა ევროკავშირის მასშტაბით ქვეყნებმა კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად კარანტინის მკაცრი ზომები შემოიღეს, ჩაკეტეს საზღვრები, დახურეს ბევრი ბიზნესი, შვედეთში მაღაზიები, რესტორნები, ბარები და სკოლები კვლავ ღიაა. ქვეყანას არც საზღვრები ჩაუკეტავს.

ბოლო მონაცემებით, შვედეთში კორონავირუსით ინფიცირების 21 092 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის გარდაცვლილია 2 586 და გამოჯანრთელებულია 1 005 ადამიანი.

On.ge

Share