Home » საზოგადოება » შეუძლებელია კურსის ასეთი მერყეობის პირობებში, ბიზნესი განვითარების რაიმე გეგმას გაჰყვეს ბოლომდე – აფბას ანალიტიკოსი

შეუძლებელია კურსის ასეთი მერყეობის პირობებში, ბიზნესი განვითარების რაიმე გეგმას გაჰყვეს ბოლომდე – აფბას ანალიტიკოსი

“შეუძლებელია კურსის ასეთი მერყეობის პირობებში, ბიზნესი განვითარების რაიმე გეგმას გაჰყვეს ბოლომდე”, – ამის შესახებ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” – აფბას ანალიტიკოსი, ბაჩანა ჯინჭარაძე სოციალურ ქსელში წერს.

ანალიტიკოსი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება, რომელიც ქვეყანაში ლარის გაცვლითი კურსის გადაჭარბებული რყევებისგან ფინანსური სტაბილურობის კუთხით წარმოქმნილ საფრთხის შემცველ პროცესს ეხება.

“საკმაოდ საინტერესო ანგარიში გამოაქვეყნა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, სადაც აღნიშნულია, რომ ლარის გაცვლითი კურსის გადაჭარბებული რყევები, შესაძლოა, ფინანსური სტაბილურობის კუთხით საფრთხის შემცველიც კი იყოს.

ეს მარტივი ჭეშმარტებაა – შეუძლებელია ქვეყანა, რომელიც გამოირჩევა იმპორტდამოკიდებულობის მაღალი მაჩვენებლით, არ იყოს დამოკიდებული გაცვლით კურსზე. როგორც კი უფასურდება ეროვნული ვალუტა, ის სწრაფადვე კონვერტირდება ფასების ზრდაში, მაგალითად ნავთობზე, რომელიც ჯაჭვური რეაქციით გადაეცემა მასთან დაკავშირებულ ყველა სფეროს და შედეგად, იზრდება კომპანიების სატრანსპორტო ხარჯი, რაც საბოლოო ფასში ჰპოვებს ასახვას.

გაუფასურებული კურსი აისახება ქვეყანაში შემოტანილ სხვადასხვა პროდუქტებსა და მასალებზე, იქნება ეს სამშენებლო, სამომხმარებლო თუ ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო პროდუქტი, რომლისგანაც შედგება ჩვენი სამომხმარებლო კალათა. ჩვენს სამომხმარებლო კალათაში კი 70%-ზე მეტი იმპორტირებული საქონელია.

ძნელი მისახვედრი არაა, რომ საბოლოო ჯამში ეს პროცესი ინფლაციის მაჩვენებელზე და თითოეული ჩვენგანის ჯიბეზე ჰპოვებს ასახვას.

ახლა რა ხდება ეროვნული ვალუტის გარშემო, ვინ არის მის სტაბილიზაციაზე პასუხისმგებელი – არავინ. ეროვნული ბანკი ინფლაციაზეა პასუხისმგებელი. ასეა კანონით მის დებულებაში. როგორ ართმევს ამ პროცესს თავს, გნებავთ კორონომიკის და გნებავთ მანამდე პერიოდში, კარგად ვხედავთ.

შეუძლებელია კურსის ასეთი მერყეობის პირობებში, რომელიმე ბიზნესსუბიექტმა, იქნება ეს ადგილობრივი მეწარმე თუ იმპორტზე დამოკიდებული კომპანია, განვითარების რაიმე გეგმას გაჰყვეს ბოლომდე, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ბიზნესისთვის – პროგნოზირება, შეუძლებელი ხდება.

არ იქნებოდა ურიგო ეროვნულმა ბანკმა კანონით აიღოს პასუხისმგბლობა კურსის სტაბილიზაციაზე, რადგან ის არის ლარის ემიტენტი ქვეყანაში. მიიღოს ეს მინიშნებად საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, რომელიც მიუთითებს, რომ ლარის გაცვლითი კურსის გადაჭარბებული რყევები, შესაძლოა, ფინანსური სტაბილურობის კუთხით საფრთხის შემცველიც კი იყოს”, – წერს აფბას ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში.

Share