Home » მსოფლიო » „შეიძლება ვცდები, მაგრამ მტკიცედ მჯერა, რომ ვაქცინა წლის ბოლოსთვის მზად იქნება“

„შეიძლება ვცდები, მაგრამ მტკიცედ მჯერა, რომ ვაქცინა წლის ბოლოსთვის მზად იქნება“

„შეიძლება ვცდები, მაგრამ მტკიცედ მჯერა, რომ ვაქცინა წლის ბოლოსთვის მზად იქნება“ – ტრამპის ინტერვიუ 03/05

შეერთებულ შტატებში, კორონა ვირუსის გამო წარმოქმნილი გაურკვევლობისა და ბუნდოვანების შესახებ, სხვა რომ არაფერი, მხოლოდ Covid-19 სტატისტიკაც ბევრ რამეს გვეუბნება. თუმცა, ამ სირთულეებში კიდევ უფრო მეტად გავერკვევით, თუკი 2 დღის წინ, ჩვეულებრივი მოქალაქეების მიერ, პრეზიდენტისთვის დასმულ კითხვებს შევავლებთ თვალს.

„როდის შევძლებთ გავხსნათ ბიზნესი“?

„დავბრუნდებით თუ არა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში“?

„შევძლებთ თუ არა ვირუსის მეორე ტალღის თავიდან აცილებას“?

„რა სახის პრევენციულ საშუალებებს გამოვიყენებთ უსაფრთხოების შესანარჩუნებლად“?

ეს იმ კითხვების ძირითადი ჩამონათვალია, რომლებზეც, ცოტა ხნის წინ, მსოფლიოს ზესახელმწიფოს ლიდერს მოუწია პასუხის გაცემა.

კითხვები ქვეყნის სხვადასხვა შტატიდან დაისვა, თუმცა, ტრამპის პასუხებში კონკრეტიკის ნაკლებობა ნამდვილად შეინიშნებოდა.

ფაქტი ერთია, რომ პრეზიდენტს ქვეყნის ეკონომიკის რაც შეიძლება მალე ამუშავება სურს. მისი რეკორდულად წარმატებული მაჩვენებლები, მილიონობით უმუშევარი ამერიკელით ჩანაცვლდა, რომლებისთვისაც ტრამპს უჭირს ზუსტი პასუხის გაცემა, თუ როდის აღდგებიან თავიანთ სამსახურში, ან მიიღებენ თუ არა ალტერნატიულ სამუშაოს.

შესაბამისად, იგი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები სრულიად გასაგებია, რადგან ხალხს ეშინია, რომ პანდემიის შემდეგ „სამსახური უბრალოდ აღარ დახვდებათ“.

მიმდინარე პანდემიური პროცესის მეორე მხარეს დაღუპული და დაავადების საფრთხის წინაშე მდგომი ადამიანები დგანან. თუკი მიმდინარე წლის იანვრისთვის ტრამპი აცხადებდა, რომ ვირუსი ჩვეულებრივი გრიპისგან არ განსხვავდება, უახლეს ინტერვიუში ამბობს, რომ გრიპით დაღუპული არასდროს უნახავს, თუმცა, კორონა ვირუსის გამო, უკვე 3 ახლო მეგობარი დაკარგა. ამიტომ, პრეზიდენტი ერთის მხრივ მხარს უჭერს მანიფესტანტებს, თუმცა, მეორე მხრივ ერიდება სიხისტეს გადაწყვეტილებებში.

ინტერვიუს მიმდინარეობისას, ხაზი არა ერთ პანდემიამდელ მოვლენას, წარმატებას თუ წარუმატებლობას გაესვა. ტრამპმა აქ ვირუსის კონტექსში განაგრძო ადგილობრივი წარმოების განვითარების ერთგვარი მხარდაჭერა და თქვა, რომ „ჩვენს წამლებს ყველგან ამზადებენ, თავად ჩვენი ქვეყნის გარდა“.

ცხადია, ფრაზა უტრირებულადაა გადმოცემული, თუმცა, იქვე დასაბუთებული იქნა მაგალითით, რომ ამერიკისთვის, მედიკამენტებს ჩინეთსა და ირლანდიაში ამზადებენ, რაც პანდემიის მენეჯმენტისთვის პრობლემას ქმნის. განსაკუთრებით ეს მწვავდება მაშინ, როდესაც შეერთებულ შტატებს, საქმე ჩინეთის სახით, უკვე დეკლარირებულ პოლიტიკურ მეტოქესთან აქვს.

მეორე საკითხია არის თუ არა კომპეტენტური ტრამპი სამედიცინო საკითხებში, თუმცა, მისი მტკიცებით, ექიმების ძალისხმევით ვაქცინა წლის ბოლოსთვის მზად იქნება. ამის დასასაბუთებლად, მან ჯანდაცვის მენეჯმენტის წამყვანი წარმომადგენლების აზრი მოიხმო, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთი განცხადებები, მეტწილად, ერთგვარი პოზიტივისა და დადებითი მოლოდინის შენარჩუნებას ემსახურება.

ყურადღების ღირსია ასევე ჩინეთთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც, ტრამპმა საკმაოდ კომპლექსურად მიმოიხილა. მან პირველ რიგში დემოკრატი ოპონენტები გააკრიტიკა, რადგან როგორც გვახსოვს, მათ თავდაპირველად, ტრამპის მიერ ჩინეთიდან ავიამიმოსვლის აკრძალვა გააპროტესტეს.

„ჩემი აზრით, ადგილი ან არაკომპეტენტურობას ჰქონდა, ან უბრალოდ ყველაფერი მიზანმიმართულად გაკეთდა“. მათ შეცდომები დაუშვეს, შემდგომ მისი დაფარვა სცადეს და შედეგად, დაავადებულთა ნაკადმა მსოფლიოს ყველა კუთხეში დაიწყო მიმოსვლა. მათ პრობლემის შესახებ იცოდნენ, თუმცა დაიბნენ და ვერ მოახერხეს მობილიზება“.

აქ ტრამპმა ასევე ხაზი გაუსვა, მისი აზრით, ჩინეთის მთავრობის აბსურდულ ბრალდებებს, რომ ვირუსი ვუანში თითქოს ამერიკელმა სამხედროებმა გაავრცელეს, შემდეგ იგივე ევროპას დააბრალეს.

მისი აზრით, ეს განცხადებებიც სწორედ დაბნეულობის გამოხატულება იყო.

გარდა ამისა, ტრამპი შეეხო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოქმედებებს და პირდაპირ განაცხადა, რომ ისინი ჩინეთის მთავრობის მოსაზრებებს გადაუმოწმებლად იზიარებენ. სწორედ ამიტომ, მათთვის დაფინანსების შეწყვეტა, მისი აზრით, სრულიად ბუნებრივი იყო და ამ საკითხზე, წინა პრეზიდენტებსაც უნდა ეზრუნათ.

უნდა ითქვას, რომ დონალდ ტრამპის ახალი ინტერვიუ არ გვაძლევს დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას, თუ რა საშუალებებით აპირებს ზუსტად იგი ეკონომიკის გამოცოცხლებას და როგორც თავად აღნიშნა, იმაზე უფრო გაუმჯობესებას, ვიდრე პანდემიამდე იყო. მეტიც, ზოგიერთი მკვლევარი ამჟამინდელ ეკონომიკურ ვითარებას „დიდ დეპრესიასაც“ კი ადარებს. ამიტომ, ჯერ კიდევ უძრაობის მდგომარეობაში, ტრამპს კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბარი ბუნებრივია, რომ გაუჭირდებოდა.

საბოლოო ჯამში, ინტერვიუს ფარგლებში ტრამპი ამერიკელებისა და მთელი მსოფლიოს ერთგვარ დაიმედებას ეცადა. მან აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუ სად შექმნიან ვაქცინას პირველად, არამედ მთავარია, რომ ამერიკა და მსოფლიო რაიმეგვარად გაუმკლავდეს კრიზისს. მის ასეთ პოზიტიურ განწყობაში იკითხება 3 ნოემბრის არჩევნების მოლოდინი და მოქალაქეების დარწმუნების მცდელობა, რომ იგი მაქსიმალურად სწორად მუშაობს. თუმცა, ამ შემთხვევაში მთავარია, თუ როგორ განწყობაზე იქნებიან ამერიკელები.

გიორგი ლაბაძე

თსუ-ს ამერიკისმცოდნეობის მიმართულების მაგისტრანტი

Share