Home » მსოფლიო » ყოველი წლის ბოლოს რომ არ დავიჩოქოთ, ენერგობაზრის დივერსიფიკაციას ვაგრძელებთ – ლუკაშენკო

ყოველი წლის ბოლოს რომ არ დავიჩოქოთ, ენერგობაზრის დივერსიფიკაციას ვაგრძელებთ – ლუკაშენკო

14 თებერვალს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექანდერ ლუკაშნეკომ განაცხადა, რომ ბელარუსი სხვა ქვეყნებისგან, რუსეთზე მაღალი ფასის მიუხედავად, ნავთობის ყიდვას გააგრძელებს. 

მისი თქმით, ბელარუსი შესყიდვების დივერსიფიკაციას გააგრძელებს, რათა “ყოველი წლის 31 დეკემბერს მუხლებზე არ დაიჩოქოს”.

ლუკაშნეკომ ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი მინსკს ენერგოფასებზე შეთანხმების სანაცვლოდ რუსეთთან სამოკავშირეო სახელმწიფოში გაერთიანებაზე ანიშნებდა. 

ბელარუსის პრეზიდენტმა ხაზგასმით თქვა, რომ რუსეთთან ზესახელმწიფოებრივი სტრუქტურების შექმნას არ განიხილავს, თუმცა ინტეგრაციის მიმართულებით სვლას განაგძობს – “ამაში ცუდი არაფერია. ინტეგრაციის დღის წესრიგში წმინდად ეკონომიკური საკითხებია”.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსი და რუსეთი 2020 წლისთვის ნავთობის მომარაგებაზე ამ დრომდე არ შეთანხმებულან. რუსეთმა ბელარუსს ნავთობის მიწოდება 1 იანვრის შეუჩერა, რაც 4 იანვარს ნაწილობრივ აღდგა.

ბელარუსის მხარე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ნავთობის სუბსიდიები შეაჩერა და ფასები აწია, ბელარუსმა 2019 წლიდან უკვე 300 მილიონი აშშ დოლარი დაკარგა.

2019 წლის დეკემბერში ინტეგრაციის საკითხზე მოლაპარაკებების გამართვას ბელარუსში წლების განმავლობაში ერთერთი ყველაზე დიდი პროტესტი მოყვა. “ეს არ არის ინტეგრაცია, ეს ოკუპაციაა,” – ვკითხულობთ აქციაზე ერთერთ ბანერზე.

პუტინი ბელარუსისთვის ენერგორესურსების მიწოდებას ქვეყნების ინტეგრაციასთან აკავშირებს. მაგალითად, დეკემბრის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ვერ ხედავდა ბელარუსისთვის გაზის შეღავათიან ფასად მიწოდების არსს მანამ, სანამ ინტეგრაციის პროექტი უფრო წინ არ წავიდოდა.

გასულ კვირას პუტინმა ლუკაშენკოს სოჭში უმასპინძლა, ნავთობის ფასზე მხარეები კვლავ ვერ შეთანხმდნენ.

ორი კვირის წინ ლუკაშენკო აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს შეხვდა, რომელმაც უთხრა, რომ აშშ მზადაა ბელარუსის ნავთობის საჭიროების 100%-ით უზრუნველჰყოს.

იანვარში ბელარუსმა ნორვეგიისგან ნავთობის შეიძინა. იანვრის ბოლოს მან ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსი რუსული ნავთობის ალტერნატივებს ეძებდა და აშშ-თან, საუდის არაბეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან მოლაპარაკებებს აგრძელებდა.

ლუკაშენკოს ნათქვამი აქვს, რომ რუსეთისგან ბელარუსმა თავისი ნავთობის საჭიროების 40%-ზე მეტის იმპორტი არ უნდა განახორციელოს. დანარჩენი ნავთობის რესურსის იმპორტს ბალტიის ქვეყნებიდან და უკრაინიდან განიხილავდა.

tabula.ge

Share