Home » ბიზნესი » ღვინის ინდუსტრია რუსული ბაზრის საცეცებს ვერ ელევა

ღვინის ინდუსტრია რუსული ბაზრის საცეცებს ვერ ელევა

რუსეთს საქართველოს ღვინის ექსპორტში 61 პროცენტი უჭირავს

ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის მიმართულებით დადებითი ტენდენციები შეინიშნება. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სექტორმა უპრეცედენტოდ მაღალი ზრდა დააფიქსირა, როგორც ექსპორტის მიმართულებით, ასევე ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით. ღვინის სექტორის ზრდას ხელი მოსავლის ზრდამაც შეუწყო. ჯამში, 2019 წელს 271 000 ტონა ყურძენი ჩაიბარეს ქარხნებმა რთველის შედეგად.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 240 მილიონ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 17 პროცენტით მეტია, ხოლო საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს ექსპორტირებული ღვინის მოცულობის საერთო ღირებულება 222.9 მილიონს აღწევს. თუმცა, ეს მაჩვენებელი წინასწარია და ღვინის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემს, საბოლოო დაკორექტირების შემდგომ, მოსალოდნელია რომ გაუთანაბრდება.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში გავიდა ქართული ღვინო, ჯამში 94 მილიონამდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 2018 წლის რაოდენობას 9 პროცენტით აღემატება და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მიუხედავად ბაზრებზე არსებული წვდომისა, რაც საქართველოს ღვინის კომპანიებს აქვთ, ქართული ღვინის ძირითადი საექსპორტო ბაზარი კვლავ რუსეთია.

მიმდინარე კვირას „თიბისი კაპიტალმა“ ღვინის სექტორის კვლევა წარადგინა. კვლევის მიხედვით, ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის დადებითი ტენდენცია შეინიშნება.

„თიბისი კაპიტალის“ კვლევების უფროსის, თორნიკე კორძაიას განცხადებით, რუსეთს საქართველოს ღვინის ექსპორტში 61 პროცენტი უჭირავს. მისივე თქმით, ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო მაღალი იყო რუსეთის ემბარგომდე და 77 პროცენტს შეადგენდა.

„2019 წელს 271 000 ტონა ყურძენი ჩაიბარეს ქარხნებმა რთველის შედეგად, რაც წარმოების ზრდის საშუალებას იძლევა, მით უმეტეს ექსპორტიდან საქართველოს ღვინოზე მოთხოვნა არის გაზრდილი. 2019 გვქონდა რეკორდული ექსპორტის ციფრი – 93 მილიონი ბოთლი გავიტანეთ ექსპორტზე, რამაც ჯამში 223 მილიონი დოლარის შემოსავალი მოიტანა ქვეყანაში.

კვლევას რაც შეეხება, ჯერჯერობით ჩანს, რომ წარმოების ერთი მესამედი ისევ საოჯახო მეურნეობებზე მოდის და ჩვენ სამომავლოდ ამ წილის კლებას ველოდებით. საერთო ჯამში, 2025 წლამდე ქვეყანაში წარმოების ერთი მესამედით გაზრდას ვვარაუდობთ, რაც გვგონია, რომ ექსპორტს დამატებით წაახალისებს“, – განაცხადა კორძაიამ.

„თბილღვინოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზურაბ მარგველაშვილის თქმით, ქართული ღვინის ცნობადობა წლიდან წლამდე იზრდება და შესაბამისად გამოწვევებიც მზარდია. მისივე თქმით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა მაღალი ხარისხის შენარჩუნებაა.

„ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა მაღალი ხარისხის შენარჩუნება და არის რისკი, რომ ქართული მეღვინეობა გადავიდეს იაფფასიანი ღვინის მწარმოებელი ქვეყნის რეპუტაციაში, რისი საშიშროებაც რეალურად არის“, – აცხადებ „თბილღვინოს“ თანადამფუძნებელი.

ზურაბ მარგველაშვილი ასევე მიუთითებს რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების რისკებზეც, რაც ღვინის ინდუსტრიაში შეინიშნება.

„უზარმაზარი რისკია როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური, როდესაც ქვეყნის ინდუსტრია დამოკიდებულია ერთ ბაზარზე. ჩვენ უარი არ უნდა ვთქვათ რუსეთში გაყიდვებზე, მაგრამ ჩვენი სწრაფვა უნდა იყოს ისეთ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობა არის ძალიან მყარი, იქ არ გვექნება ისეთი სწრაფი ზრდის ტემპები, როგორც რუსეთში, მაგრამ იქ ნებისმიერი ზრდა არის ბევრად უფრო პროგნოზირებადი და შენარჩუნებადი“, -აღნიშნა მარგველაშვილმა.

ღვინის სექტორის დივერსიფიკაციის გაზრდაზე მიუთითებს „თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძეც. ის აღნიშნავს, რომ მეღვინეობა-მევენახეობა არის ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება და აქედან გამომდინარე, „თიბისისთვის“ ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია.

„მეღვინეობა-მევენახეობა არის ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება და აქედან გამომდინარე, „თიბისისთვის“ ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგი და მიმართულებაა. ამ მიმართულებით საქართველოს როლი თანდათანობით იზრდება და უფრო მეტი ექსპორტი ხდება ქართული ღვინის. საქართველოს გააჩნია ძალიან დიდი პოტენციალი, როგორც მოცულობაში გაზარდოს, ასევე ხარისხობრივად უკეთესი ღვინოები აწარმოოს.

თუ ავიღებთ, საკმაოდ წარმატებული ათი წელი გაიარა ამ ინდუსტრიამ და დაახლოებით 6,5-ჯერ არის გაზრდილი, უბრალოდ ვფიქრობთ, რომ ასათვისებელია ახალი ბაზრები. დივერსიფიკაცია კეთდება, მაგრამ საშუალოვადიან პერსპექტივაში საჭიროა, რომ გაიზარდოს დივერსიფიკაცია, რაც ამ ინდუსტრიის სტაბილურობას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ვახტან ბუცხრიკიძემ.

როგორც მონაცემების გაანალიზებიდან ჩანს, მიუხედავად ღვინის გასაღების ბაზრების სიუხვისა, ქართული ღვინის ძირითადი გასაღების ბაზარი რუსეთია. ღვინის კომპანიები კვლავ აქტიურად ოპერირებენ აღნიშნულ ბაზარზე. ამაში ცუდი არაფერია და ბიზნესი თავად წყვეტს სად და რა ფასად უნდა გაყიდოს თავისი პროდუქცია, თუმცა, 20 ივნისის ცნობილმა მოვლენებმა, კიდევ ერთხელ ცხადყო რუსული ბაზრის არაპროგნოზირებულობის ფაქტორი და მასზე დამოკიდებულების საფრთხეები კიდევ ერთხელ წარმოაჩინა. ამ „გაკვეთილიდან“ კი ბიზნესს სწორი დასკვნების გამოტანა და სხვა ქვეყნების ბაზრების ათვისების ტემპების დაჩქარება მართებს, რაშიც სახელმწიფომაც უნდა მიიღოს მონაწილეობა აქტიური პიარ კამპანიების ჩატარებით ამა თუ იმ ქვეყნებში, რათა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს ღვინის სამშობლოს ცნობადობა დანარჩენ მსოფლიოში.

ცნობისთვის, 2019 წელს სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 341-მა კომპანიამ განახორციელა. ადგილწარმოშობის ღვინოებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული“ – 17418683 ბოთლი. დანარჩენი ღვინის სახეობების მოცულობა კი შემდეგნაირად გამოიყურება: „მუკუზანი“ – 5160309 ბოთლი; „წინანდალი“ – 4407563 ბოთლი; „ახაშენი“ – 1577823 ბოთლი; „ხვანჭკარა“ – 1011887 ბოთლი; „ტვიში“ – 298509 ბოთლი.

სანდრო პირველი

Share