Home » ბიზნესი » ქუთაისის აეროპორტთან სასტუმროს გახსნა წლის ბოლოსთვის იგეგმება

ქუთაისის აეროპორტთან სასტუმროს გახსნა წლის ბოლოსთვის იგეგმება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან GDG+-ის მიერ მშენებარე სასტუმროს გახსნა წლის ბოლოს იგეგმება, – განუცხადა „ბიზნესაპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა. ბეჟან წაქაძე ამბობს, რომ თუ მშენებლობა დაგეგმილ ვადებში ვერ დასრულდა, სასტუმრო მაქსიმუმ 2021 წლის მარტში გაიხსნება.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან სასტუმროს მშენებლობა განახლდა. დაახლოებით ათ დღეში შავი კარკასი დასრულდება. ბოლო სართული დარჩა დასასხმელი და კედლები იფუთება. თვენახევარში შიდა რემონტი უნდა დავიწყოთ. ვფიქრობ, თუ მოვასწრებთ, ამ წლის ბოლოს ყველაფერი დასრულებული იქნება. თუ ვერ მოვასწრებთ, მაქსიმუმ 2021 წლის მარტში გაიხსნება, მაგრამ ჩვენ ახალ წლამდე გვინდა“,- აღნიშნა წაქაძემ.

ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმებოდა, თუმცა სამშენებლო სამუშაოები კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული იყო. სასტუმრო 103 ნომრიანი იქნება 170 საპარკინგე ადგილით. GDG+ სასტუმროს ერთ ჰექტრამდე მიწაზე აშენებს და მისი ფართობი 12 ათასი კვადრატული მეტრი იქნება.

„ბიზნესაპარტნიორი“

Share