Home » ეკონომიკა » ქვეყანა კონტრაბანდულ თამბაქოს ვეღარ უმკლავდება, სამეგრელოში კი აქციზური თამბაქო უკვე აღარ იყიდება

ქვეყანა კონტრაბანდულ თამბაქოს ვეღარ უმკლავდება, სამეგრელოში კი აქციზური თამბაქო უკვე აღარ იყიდება

უკვე ბოლო რამდენიმე წელია ქვეყანაში კონტრაბანდული თამბაქოს წილი იზრდება. საქართველოში კონტრაბანდული თამბაქო მეზობელი ქვეყნებიდან და საქართველოს არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან შემოედინება. იმდენად, რამდენადაც საქართველოში არსებული თამბაქოს ფასი, თითქმის 3-ჯერ აღემატება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში თამბაქოზე არსებულ ფასს, ქვეყანაში კონტრაბანდულ საქონელზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. ამ მიმართულებით გამოსარჩევია დასავლეთ საქართველო, სადაც კონტრაბანდული პროდუქცია უკვე კარგა ხანია სჭარბობს ლეგალურ თამბაქოს.

საინტერესოა ბოლო წლებში რა შეიცვალა და რატომ ვეღარ უმკლავდება ქვეყანა კონტრაბანდულ თამბაქოს. ყველაფერი თამბაქოს შესახებ კანონით დაიწყო, რომელსაც ერთი შეხედვით კეთილშობილური მიზანი ჰქონდა, მწეველთა რაოდენობის შემცირება ქვეყანაში. მართალია მწეველთა სტატისტიკა საქართველოში არ იწარმოება, თუმცა ლეგალური თამბაქოს იმპორტისა და არალეგალური თამბაქოს გამოვლენილი ფაქტების ზრდის ფონზე, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ რეგულაციებს მწეველთა რაოდენობა ნამდვილად არ შეუმცირებია. სამაგიეროდ მნიშვნელოვნად შეამცირა ადგილობრივი თამბაქოს ლეგალური წარმოება სამუშაო ადგილები და გაზარდა ინფლაცია.

როგორც ზემოთ ვახსენეთ ყველაფერი “თამბაქოს შესახებ კანონით” დაიწყო. იმდენად, რამდენადაც კანონი ყოველგვარი ეკონომიკური ანალიზისა და გათვლების გარეშე იქნა მიღებული, მან თავიდანვე ბევრი პრობლემა შექმნა. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვნად კანონმა ამოქმედებისთანავე ადგილობრივ წარმოებას დაარტყა.

როგორც ზემოთ ვახსენეთ ყველაფერი იმ უტოპიური მიზნით დაიწყო, რომ თამბაქოს მოხმარება ფასების ზრდით შემცირებულიყო. სწორედ ამ მიზნით 2013 წლიდან 2019 წლამდე აქციზის განაკვეთი სიგარეტზე პერმანენტულად იზრდებოდა. ერთადერთი გამონაკლისი, მხოლოდ 2014 წელი იყო, როდესაც სიგარეტზე აქციზი არ გაზრდილა. როგორც მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს ფასების ზრდა მოხმარებაზე მნიშვნელოვნად არ მოქმედებს. ანალოგიურად მოხდა ჩვენთანაც ფილტრიან სიგარეტზე ფასების პერმანენტულმა ზრდამ მომხმარებელი ადგილობრივ წარმოებაზე გადაიყვანა, რომელსაც აქციზის ზრდა, შედარებით ნაკლებად შეეხო. შესაბამისად, 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს 1.6 % -ით ნაკლები ღირებულების თამბაქოს იმპორტი განხორციელდა ქვეყანაში.

სამაგიეროდ გაცილებით უფრო სწრაფი ტემპით იზრდებოდა ადგილობრივი წარმოება იმავე პერიოდში. მაგალითად, თუ 2015 წელს ადგილობრივ ბაზარზე 24 მლნ კოლოფი უფილტრო სიგარეტი იწარმოა, ეს ციფრი 2016 წელს 35 მლნ-მდე გაიზარდა. 2017-ში კი ადგილობრივ ბაზარზე ნაწარმოებმა უფილტრო სიგარეტმა 73 მლნ კოლოფს გადააჭარბა. როგორც მონაცემებმა ცხადყო, მიზანი მიღწეული ვერ იქნა და მწეველთა რაოდენობაც არ შემცირებულა. ანდაც როგორ უნდა შემცირებულიყო, აკი ვახსენეთ, იდეა ცალსახად უტოპიური იყო და მსგავსი ფაქტი მსოფლიოშიც არ გვხდება. თუმცა, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ფორმალურად სწორედ ეს უტოპიური იდეა იქცა  ადგილობრივ წარმოებაზე გადამწყვეტი და სასიკვდილო დარტყმის მიტანის საფუძვლად.

გადამწყვეტი დარტყმის თარიღად კი 2019 წლის პირველი იანვარი შეირჩა. სწორედ, პირველ იანვარს ამოქმედდა გადასახადების მთელი ჯგუფი, რომელსაც უნდა გაენადგურებინა ადგილობრივი წარმოება და ასეც მოხდა. კერძოდ, 2019 წელის პირველი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა – კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10 პროცენტის ნაცვლად, 30 პროცენტის გადახდა უწევთ. ამას გარდა, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთი გათანაბრდა და 20 ღერზე 1.70 ლარი გახდა. მანამდე უფილტრო სიგარეტზე აქციზის გადასახადი 60 თეთრი იყო. ცხადია, მაღალხარისხიანი და დაბალხარისხიანი პროდუქტის ერთი და იმავე პირობებში ჩაყენებით, უფილტრო სიგარეტი ყველამ მიივიწყა.

ეს აქცია კი ცალსახად ადგილობრივი წარმოების წინააღმდეგ იყო მიმართული. იმდენად, რამდენადაც უფილტრო სიგარეტის 90%-ზე მეტი, სწორედ ადგილობრივი წარმოების იყო. შედეგმაც არ დააყოვნა და თუ 2016 -2017 წლებში ადგილობრივი წარმოების აღმავლობის ხანა იყო სულ რაღაც 2 წელიწადში ადგილობრივი წარმოება გამიზნულად მოკლეს. კერძოდ, თუ ოფიციალურ მონაცემებს მოვიშველიებთ, 2019 წელს ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტზე გაცემული აქციზების რაოდენობა, 2018 წელთან შედარებით, 25 ჯერ შემცირდა. თუმცა, კიდევ უფრო დიდია შემცირება შეინიშნება ადგილობრივი წარმოების ფილტრიან სიგარეტზე, რომლის წარმოებაც 2019 წელს 27-ჯერ შემცირდა, წინა წელთან შედარებით.

როგორც უკვე ვახსენეთ თამბაქოს მოხმარება არ შემცირებულა, შესაბამისად ადგილობრივი წარმოების მსგავსი შემცირების ფონზე, ლეგალური პროდუქცია მომხმარებელმა კონტრაბანდული თამბაქოთი ჩაანაცვლა. რომლის სტატისტიკაც მზარდია. მაგალითად თუ 2016 წელს თამბაქოს კონტრაბანდაზე სისხლის სამართლის 16 საქმე აღიძრა, 2017 წლის 3 კვარტლის მონაცემებით ეს რიცხვი უკვე 48-მდე იყო გაზარდილი. რაც შეეხება საზღვარზე ამოღებული თამბაქოს რაოდენობას, 2016 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 28 357 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო, 2017 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით კი 494 320 კოლოფი. 2018 წლის ივლის-სექტემბერში საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებული უაქციზო თამბაქოს ღირებულებამ 98 000 ლარს გადააჭარბა. მეტი თვალსაჩინოებისთვის – 2014 წლიდან 2016 წლამდე ქვეყანაში კონტრაბანდული საქონლის შემოტანა 48-ჯერ გაიზარდა და ეს პროცესი მუდმივად გრძელდება. თუ 2019 წლის მონაცემებს ჩავხედავთ დავინახავთ, რომ 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 2019 წლის პირველ კვარტალში 200%-ით მეტი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ქვეყანაში არადეკლარირებული თამბაქოს შემოტანის თაობაზე.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2020 წლის ივნისის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თამბაქოს კონტრაბანდის 341 ფაქტი გამოავლინა. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ მიმდინარე წლის ორი კვარტლის მაჩვენებელი, მნიშვნელოვნად აჭარბებს 2018 წლის მთლიანი წლის მაჩვენებელს. ეს მონაცემები ნათლად აჩვენებს “თამბაქოს შესახებ” კანონის უტოპიურობას და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ თამბაქოს მოხმარების შემცირება მასზე ფასების ზრდით პრაქტიკულად შეუძლებელია. სამაგიეროდ კანონი ეფექტურად ამცირებს ადგილობრივ ლეგალურ წარმოებასა და ბიუჯეტის შემოსავლებს.

პეტრე ინაური

Share