Home » ბიზნესი » „ქარხნის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის გაკეთება უნდოდათ, მაგრამ უარი ვუთხარი“

„ქარხნის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის გაკეთება უნდოდათ, მაგრამ უარი ვუთხარი“

გოგი თოფაძე ყაზბეგის ხარხნის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობისთვის ინვესტორებს ეძებს.

როგორც ბიზნესმენმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ფართი დედაქალაქის ცენტრშია, დაინტერესება დიდია, თუმცა, მისთვის მისაღები პირობები ჯერ არავის შეუთავაზებია.

მისივე თქმით, იყო სხვადასხვა ინიციატივა, მათ შორის, ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნეს ობიექტის განთავსების, თუმცა ბიზნესმენმა უარი განაცხადა.

ამასთან, გოგი თოფაძე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას, უპირატესობას ადგილობრივ ინვესტორს მიანიჭებს.

ბიზნესმენმა თბილისში, „ყაზბეგის“ ქარხნის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებელობის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ რამდენიმე თვის წინ განუცხადა. მისი თქმით, თბილისში კერძოდ, მარცხენა სანაპიროზე არსებული ნახევარი ჰექტარი ფართობი, კომპლექსისთვის სრულიად შესაფერისია. ამასთან, ტერიტორიაზე 60 მანქანის საპარკინგე სივრცის მოწყობაც შესაძლებელია.

„ინვესტორები მოდიან, აქვთ იდეები, მაგრამ ვერ შევთანხმდით. მე მაინც ადგილობრივი ინვესტორები მირჩევნია. ვნახოთ, რა იქნება, ჩვენ არსად გვეჩქარება. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ტერიტორია ქალაქის ცენტრშია, საკმაოდ მოთხოვნადი ადგილია, სავაჭროდ არავისთან მაქვს საქმე. იყვნენ ინვესტორები, სათამაშო ბიზნესის გაკეთება უნდოდათ, მაგრამ უარი ვუთხარი. ქალაქის ცენტრშია და არ შეიძლება აქ კაზინო განთავსდეს. ჩემგან ეს გამორიცხულია“,- აღნიშნა გოგი თოფაძემ.

შეგახსენებთ, ლუდსახარში “ყაზბეგის” ბრენდი და კომპანიის კომერციული აქტივები “საქართველოს კაპიტალის” ჯგუფში შემავალმა კომპანიამ “გლობალ ბიერ ჯორჯიამ” 3.65 მლნ დოლარად შეიძინა. ორ კომპანიას შორის გარიგების საგანს მხოლოდ სავაჭრო ნიშანი წარმოადგენდა, შესაბამისად, ლუდის ქარხანა, ტერიტორიასთან ერთად, მის ძველ მფლობელს, გოგი თოფაძეს დარჩა.

bpn.ge

Share