Home » საზოგადოება » „ქართული მხარე უნდა გამოცოცხლდეს და გავიდეს პირდაპირ კონტაქტზე სოხუმთან“

„ქართული მხარე უნდა გამოცოცხლდეს და გავიდეს პირდაპირ კონტაქტზე სოხუმთან“

„დღევანდელ „ქართულ ოცნებას“ უნარი არ შესწევს აფხაზური და ოსური კონფლიქტების გადაწყვეტის“

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონი აფხაზეთი საპროტესტო აქციებმა მოიცვა. რეგიონში არეულობაა. მიმდინარეობს ბრძოლა შიდა გავლენების გადანაწილებისთვის. არეულობების ფონზე აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ თანამდებობა დატოვა. ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს გაიმართება.

რა გავლენა ექნება აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობების ჭრილში, ვინ არიან ის ძალები, ვინც დეფაქტო ხელისუფლებაში მოსვლისთვის იბრძვის და რა უნდა გააკეთოს ქართულმა მხარემ კონფლიქტის დეესკალირებისთვის, თემაზე „ბანკები და ფინანსებს“ კონფლიქტოლოგი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრა.

 – აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები, რა გავლენას მოახდენს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე, ვგლუსხმობ კონფლიქტის დეესკალიზაციის კუთხით?

– მე არ მგონია რაიმე პრინციპული გავლენა მოახდინოს, რადგან ქართული პოლიტიკა აფხაზეთის მიმართულებით მთლიანად ორიენტირებულია რუსებზე. რუსეთს ხედავს ერთადერთ ოპონენტად, ერთადერთ მხარედ. აფხაზურ მხარეს მხოლოდ როგორც საზოგადოებას აღიქვამს – ქუთაისის საზოგადოება, ბათუმის საზოგადოება, თელავის საზოგადოება, აი ასევე აფხაზური საზოგადოება, როცა არ გააჩნიათ არანაირი ინსტიტუტები. ჩვენ მათ არ ვთვლით, როგორც კონფლიქტის მხარედ, პოლიტიკური მოლაპარაკების მხარედ და ეს არასწორია. შესაბამისად, რაც არ უნდა ხდებოდეს აფხაზეთში, დადებითი თუ უარყოფითი, ეჭვი მეპარება ამან ასახვა ჰპოვოს დღევანდილი ქართული პოლიტიკის სარკეში, რომელიც ჩაკეტილია საკუთარ თავში. დღეს, „ქართულ ოცნებას“ პრაქტიკულად არ სცალია აფხაზეთისთვის. სახელმწიფოს არ სცალია, რადგან საკუთარ თავშია ჩაღრმავებული და გადარჩენაზე ფიქრობს. ეჭვი მეპარება არჩევნებამდე რაიმე შეიცვალოს, თუმცა თუ ბჟანიას გუნდი მოვა ე.წ. აფხაზეთის ხელისუფლებაში, ვფიქრობ, უფრო მოქნილი იქნება იგივე გალის მოსახლეობის მიმართ. მგონია, რომ ისეთი სისასტიკე აღარ იქნება ქართული მოსახლეობის მიმართ როგორიც იყო ხაჯიმბას დროს, რადგან მაშინდელი გამგებელი კაცთმოძულე ადამიანი იყო. ამის ფონზე, ვფიქრობ, მდგომარეობა შეიძლება შემსუბუქდეს. თუ ქართულ მოსახლეობას შეუმსუბუქდება ყოფა, ვფიქრობ, ამან შესაძლოა დადებითი გავლენა მოახდინოს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე. ესეც იმ შემთხვავაში, თუ საქართველო გონს მოეგება და დაანებებს „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს თავს და დაინახავს რუსეთის უკან აფხაზურ და თუნდაც იგივე ოსურ ინტერესებს. ჯერჯერობით ქართული პოლიტიკა ამისთვის მზად არ არის. ამასობაში გავა ერთი წელი, ჩატარდება არჩევნები და ვიმედოვნებ ისე შეიცვლება საქართველოში ვითარება, რომ გახდებიან ორიენტირებულები აფხაზურ და ოსურ მხარეებზე.

– ვინ არიან ის ოპოზიციური ძალები, ვინც აფხაზეთის პოლიტიკურ აქციებში იღებენ მონაწილეობას, თქვენი აზრით, დამოუკიდებელი ინსპირაციაა თუ მართული?

– ერთ-ერთმა წამყვანმა ქართველმა პოლიტიკოსმა, სესიაშვილმა თქვა, ის რაც ხდება აფხაზეთში მოსკოვის კარის თამაშებიაო. ეს არის ძალიან ზერელე შეფასება. როცა აფხაზები ამას ისმენენ, ხვდებიან რომ საქართველოში წარმოდგენა არ აქვთ თუ რა ხდება აფხაზეთში. როცა კომიტეტის თავმჯდომარე ამას ამბობს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ გაგნებაში არ არიან რა ხდება პარტიაში, პარლამენტში და ქვეყნის პოლიტიკაში. რაც ხდება აფხაზეთში, სოხუმის კარის თამაშებია ნამდვილად, რომელშიც ერევა რუსეთი, რათა დაალაგოს სიტუაცია. ეს სხვა საკითხია საერთოდ. სოხუმი საქმეს ურევს, რუსეთი კი მიდის და ალაგებს. რუსეთის ინტერესებში არ არის იქ სიტუაციის არევა. მას სიწყნარე სჭირდება, რადგან რა დროს აფხაზეთია ახლა, ირანში პრობლემები აქვს, ლიბიაში პრობლემები აქვს, უკრაინაიში პრობლემებია. ძლივს დაალაგა აფხაზეთში ვითარება, სექტემბერში დასრულდა აფხაზეთში ე.წ. არჩევნები, ჯახიმბას მხარი დაუჭირა რუსეთმა, ანუ თითქოსდა დაალაგა იქ ვითარება. ამიტომ, იმაზე აპელირება, რომ ახლა იქ სიტუაცის მოსკოვი რევს, არის უსუსურობის გამოვლინება, რადგან მოსკოვი ალაგებს. მოგვწონს თუ არა, ეს ასეა. აფხაზები ურევენ. სხვადასხვა ჯგუფებია. სხვადასხვა კლანებია. ყველა ჭიდაობს მოსკოვის დახმარებასა და ფულზე. ფული იქ არის და ყველას უნდა სახრავი. არაფერი არ იშოვება. ერთადერთი ფული არის მოსკოვის ფული. იქაური კლანები იბრძვიან ამ ფულისათვის. შესაბამისად, იქ კრიმინალიც ჩაერთო ავიძბას სახით. ეს არის სოხუმის, შიდა კარის თამაშები, რომელსაც ჩვენდა სამწუხაროდ ალაგებს რუსეთი. მთელი მსოფლიო ხედავს ვინ ალაგებს სიტუაციას. იქ არის ვიღაც ლემურები, დაახლოებით ასეთი განცდა შეიძლება იყოს დასავლეთში, ქართველებს იქ სიტუაციის დალაგება არ შეუძლია, რუსეთი ჩადის და ერთ ღამეში ალაგებს ვითარებას. ორი კაცი ჩავიდა, სურკოვი და დურგალიევი და ყველაფერი წესრიგშია, სისხლი არ დაღვრილა და არაფერი. ეს ძალიან ცუდად მეტყველებს საქართველოს იმიჯზე და სამწუხაროდ, დადებითად მეტყველებს რუსეთის იმიჯზე. რუსეთია დამლაგებელი სიტუაციისა. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში არ იმუშავებს საქართველოს სასარგებლოდ თუ ქართული მხარე არ გამოცოცხლდა და არ გავიდა პირდაპირ კონტაქტზე სოხუმთან.

 – თქვენი აზრით, რა არის ის მნიშვნელოვანი მიმართულებები, რაზეც უნდა იმუშაოს ქართულმა მხარემ, რა უნდა გაკეთდეს, რა სახის დიალოგი უნდა აწარმოოს საქართველომ აფხაზებთან და არამხოლოდ აფხაზებთან, რომ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით დასრულდეს?

– დღეს არაფერი კეთდება. „ქართულ ოცნებას“ არაფერი ეშველება და ის უნდა წავიდეს პოლიტიკიდან. მთავარია დავიწყოთ მუშაობა იმ თემებზე, რაც აფხაზურ და ოსურ მხარეებს ადარდებთ. მაგალითად, ისინი მუდვიმად იძახიან, რომ ხელი მოეწეროს რაიმე ტექსტს, ძალის არგამოყენების შესახებ. ჩვენები ჯიუტად ამის წინააღმდეგი არიან. როდესაც ხელისუფლებაში ვიყავი, ამ თემაზე მუდმივად ვმუშაობდი. რატომ არიან წინააღმდეგი? ჩვენ ისედაც ვამბობ ცალმხრივად, რომ არ გამოვიყენებთ ძალას. ამიტომ, არანაირი პრობლემა არაა მათთან დავსხდეთ და თავის დროზე, როგორც შევარდნაძე აწერდა ხელს, იგივე ჟვანია, გარკვეულ მემორანდუმებს ხელი მოვაწეროთ. სამაგიეროდ აქ ძალიან ბევრი პლიუსებია. მათი ინტერესები კმაყოფილდება, ასევე, აქ ჩვენი ინტერესები შეიძლება ჩავდოთ. მაგალითად, პრობლემები გალის რაიონში, პრობლემები ახალგორის რაიონში, მათი უფლებების დაცვა, მათი ქონების დაცვა, განათლების უფლების დაცვა, ჩავდოთ ეს ყველაფერი დოკუმენტებში. მგონია ამ მიმართულებით უნდა წავიდეს სამუშაოები. თუ რამე პრობლემები აქვს აფხაზურ და ოსურ მხარეებს, შევისწავლოთ და ჩვენი ინტერესებიც ჩავდოთ ამაში. თუ ვიღაცა რაღაცას გვთავაზობს, არ ნიშნავს იმას, რომ ის აუცილებლად უნდა დავაკმაყოფილოთ. მოლაპარაკებაც ის არის, რომ როცა ვინმე რამეს გთავაზობს, შენც სთავაზობ, ხდება შეჯერება სხვადასხვა საკითხებზე. აი ამ მიმართულებით უნდა იყოს მოძრაობა, როცა ვსაუბრობთ თუ რა უნდა გააკეთოს ქართულმა მხარემ. დღევანდელ „ქართულ ოცნებას“ ამის უნარი არ შესწევს და ერთადერთი ის დაგვრჩენია, რომ „ქართული ოცნება“ წავიდეს სახლში. მერე უკვე რაღაც კონიუქტურები გამოჩნდება. კარგი ქართული ანდაზაა, ვიდრე ურემი არ გადაბრუნდება, გზა არ გამოჩნდება. ვიდრე „ქართული ოცნება“ არ გადაბრუნდება, გზა არ გამოჩნდება.

– სერგეი შამბა ქართულ მხარესთან დიალოგის საჭიროებაზე კვლავ საუბრობს. როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა გავიგოთ მისი ეს მოწოდება და ხომ არ იმალება რაიმე ქვეტექსტი ამ განცხადების მიღმა?

– ამაში არაფერი ახალი არაა. როცა ქართველი ჟურნალისტები ურეკავენ, ყოველთვის აცხადებს ამის შესახებ. ეს განცხადება თვითონ არ გაუკეთებია. ქართველმა ჟურნალისტმა დაურეკა და აბსოლუტურად ნორმალური პასუხი გასცა. 2 წლის წინ, შამბა მოსკოვში იყო, სადაც „ეხო მასკვის“ ჟურნალისტმაც დაუსვა კითხა. ანუ, ის პასუხობს როცა ეკითხებიან. ის თავისით არასდროს გამოსულა ე.წ. პარლამენტში და არასდროს წაუკითხავს რაიმე ამის შესახებ. ის არ არის პროაქტიური პოლიტიკოსი, რომელიც თვითონ იბრძვის დიალოგისათვის ქართველებთან. ის არის რეაქტიული – როცა ეკითხები, პასუხობს.

ესაუბრა ბაჩანა ჯინჭარაძე

Share