Home » საზოგადოება » „ფხვნილისგან და პასტა-რძეებისაგან არც ერთი თავმოყვარე ქვეყანა დედამიწის ზურგზე ყველს არ აკეთებს“

„ფხვნილისგან და პასტა-რძეებისაგან არც ერთი თავმოყვარე ქვეყანა დედამიწის ზურგზე ყველს არ აკეთებს“

„ირანიდან იმპორტირებული გაყინული რძის შეძენის შემთხვევაში, ქართველი ფერმერები ფაქტობრივად, ბაზრის გარეშე რჩებიან“

ქართული ყველი BBC-ის ყურადღების ცენტრში მოექცა. სპეციალისტების მხრიდან გაჩნდა მოსაზრებაც, რომ საქართველო შესაძლოა ყველის სამშობლოც იყოს. რა დატვირთვის მატარებელია და როგორი შედეგის მომტანია ქართული ყველის ასეთი მასშტაბეის მქონე გამოცემის ყურადღების ცენტრში მოხვედრა, ასევე, რამდენად უსაფრთხოა ირანიდან შემოტანილი გაყინული რძე-პასტები, თემაზე „ბიზნესპარტნიორში“ ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ ისაუბრა.

– ქართული ყველის სახეობები BBC-ის ყურადღების ცენტრში მოექცა. ვრცელ კვლევაში ქართული ყველის უნიკალური სახეობებია ნახსენები და თქვენ ქართული ყველის დედად მოგიხსენიებენ. ზოგადა, რა მნიშვნელობის და შედეგის მომტანია ყველის სექტორისთვის, როცა ასეთი გამოცემა წერს მის შესახებ?

– პირველ რიგში, გილოცავთ ყველას ასეთი მაღარლი ტრიბუნიდან ქართულ ყველაზე აქცენტის გაკეთებას. მოგეხსენებათ BBC არ არის რიგითი მედია საშუალება, ის არის მსოფლიო მასშტაბის მედია საშუალება. სანამ BBC დაიწყებდა ამ სტატიაზე მუშაობას, მას წინ უსწრებდა ნიუ-იორკში გამოსული მსოფლიო რანგის კულინარიულ ჟურნალში დაბეჭდილი სტატია ასეთივე პატოსით. იქაც აქცენტი იყო სამ უნიკალურ ყველზე, რომელიც მაინცდამაინც გახმაურებული არ არის და სწორედ ახლა ვიწყებ ამ სახეობის ყველების ადვოკატირებას. ასეთ სტატიებს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს პირველ რიგში არის პასუხიმგებლობა. ამ სტატიას კითხულობს გურმანი საზოგადოება, ექსპერტები, ვინც ეძებს, სად გასინჯონ კარგი ღვინო და ყველი. ასეთი სტატიები პირდაპირი გზამკვლევია. ეს არ არის რიგითი აღიარება. ყველაზე მნიშვნელოვანი გახდა ის, რომ დევიდ ფარი, რომელიც არის საკმაოდ ცნობილი ბლოგერი, ძალიან ბევრ გამოცემასთან თანამშრომლობს, მათ შორის BBC-სთან, მან პირდაპირ მოითხოვა ექსპედიციაში გამოყოლა, რომელიც ტურიზმის დეპარტამენტმა დააფინანსა, ვიყავით სვანეთში, მესხეთში და აჭარელი ეკომიგრანტებით დასახლებულ სოფელ დისველში, სამი ყველი დევიდ ფარლიმ ჩვენთან ერთად აღმოაჩინა. სწორედ მის სტატიას მოჰყვა „ბიბისის“ გამოხმაურებაც. დასავლური სამყარო უძველესი ტრადიციებით დამზადებულ ყველის სახეობებს მსოფლიო საგანძურად მიიჩნევს. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს არ არის მარტო ქართული საზოგადოების და ქართველი ერის საკუთრება. ასეთი აღმოჩენები ყველას ეკუთვნის – ეს არის მუდამ მათი პათოსი, რომ მსოფლიოში კიდევ ერთი ადგილია, სადაც მივიწყებული სახეობები აღდგა. ახლა ასეთი ტენდენციაა, რომ როგორმე ტრადიციებს დაუბრუნდნენ და რაღაც ისეთი იპოვონ, რაც ეკოლოგიურად სუფთაა, ტრადიციულია და საგემოვნო თვისებებითაც გამოირჩევა.

– სტატიის მიხედვით, თქვენ არ გამორიცხავთ, რომ საქართველო იყოს ყველის სამშობლო. რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს და ზოგადად, რა პოტენციალი აქვს ქართულ ყველას, რომ კონკურენცია გაუწიოს სხვა ქვეყნების პროდუქციას?

– ეს ფრაზა არაერთხელ მომისმენია ექსპერტებისგან, მათ შორის, როდესაც 2010 წელს მსოფლიო მეღვინეთა 33-ე კონგრესი ჩატარდა. ამ ფესტივალის ფარგლებში ყველის პირველი ფესტივალიც გაიმართა. დელეგაციის ხელმძღვანელმა ეს პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ არც კი ჩამოვდიოდით ავტობუსებიდან ყველის ფესტივალის სანახავად, რადგან რესტორნებში მხოლოდ ოთხი სახეობის ყველი მქონდა ნანახი და ისიც ძალიან მარილიანიო. მაგრამ როცა ჩამოვიდნენ და გასინჯეს ეს სხვადასხვა სახეობები, პირდაპირ ეთერში თქვა, ისე გავოგნდი, როცა ამდენი სახეობის ასეთი საგემოვნო თვისებების ყველი ვნახე, რომ თქვენ მგონი მარტო ღვინის კი არა ყველის სამშობლოც ხართო. მანამდე, ყველს ეთნოგრაფიის კუთხით ვსწავლობდი, მერე არქეოლოგიურადაც შევისწავლე. სპეციალისტებს მივმართე და პირველი, რაც ვიპოვე, იყო მცხეთის მუზეუმში საყველე ჭურჭელი, უამრავი საყოფაცხოვრებო ნივთი, რაც ყველის მომზადებას სჭირდება და თითოეულის ასაკი არც მეტი არც ნაკლები 80 საუკუნეა. უფრო მეტსაც გეტყვით, ისეთი გამოცემები, როგორებიცაა „ნეიშენალ ჯეოგრაფიკი“, „პარმაზანო“, გარკვეული არქეოლოგიური არტეფაქტები იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ საქართველო ყველის სამშობლოა. მათი მხრიდანაც ასეთი აურა იქმნება ქართული ყველის მიმართ.

– სოფლის მეურნეობის მინისტრთან გქონდათ შეხვედრა, სადაც ითქვა, რომ ირანული რძის გამოყენება შეიზღუდება. კონკრეტულად რაზე შეთანხმდით ამ შეხვედრაზე, არის თუ არა ეს პროდუქტი პრობლემური და თუ არის რატო?

– მე არც მიკრობიოლოგი ვარ და არც მერძევე სპეციალისტი. ამიტომ ვერ დავიწყებ ვერც ძაგებას და ვერც ქებას. ეს არის ბიზნესი ჩვეულებრივი. გინდათ იყიდით ირანიდან შემოსულ რძეს და გინდათ არა. აქ წმინდა პატრიოტულ ემოციაზე გადის ხაზი, რადგან ირანიდან იმპორტირებული გაყინული რძის შეძენის შემთხვევაში, ქართველი ფერმერები ფაქტობრივად, ბაზრის გარეშე რჩებიან, ქართველი მერძევეობა უბრალოდ, მოკვდება, რადგან მათ რძეს არავინ იყიდის, იყიდიან გაყინულ რძე-პასტას, ფასშია განსხვავება, მიწოდება უფრო გარანტირებული და სტაბილურია. საქმე ისაა, რომ ჩვენთან ერთგვარი „ველური“ მიდგომაა ფასების მიმართ, არის ე.წ. ზაფხულის და ზამთრის ფასი. ეს დიფერენცირება ხარისხის მიხედვით არ ხდება – ამაში რასაკვირველია ფერმერული საზოგადოება სცოდავს. თუმცა, იმ მსხვილ ფერმერებთან, რომლებსაც მაღალპროდუქტიული საქონელი ჰყავთ ჩამოყვანილი და არაჩვეულებრივ რძეს აწარმოებენ, იქ ყველაფერი დაცულია. წვრილ ფერმერებს აქვთ პრობლემები. არის სანიტარიული პრობლემა, დაავადებების პრობლემა – ბევრი პრობლემაა. ხელაღებით ვერ ვიტყვით, რომ ნედლი რძე არაჩვეულებრივია. თუმცა ფხვნილისგან და ასეთი პასტა-რძეებისაგან არც ერთი თავმოყვარე ქვეყანა დედამიწის ზურგზე ყველს არ აკეთებს. რაღაც რძე-მჟავა პროდუქტებს აკეთებენ რასაკვირველია, როგორიცაა იოგურტი, ხაჭო და ა.შ. მაგრამ ჩვენ ქვეყანაში უკვე დარეგისტრირებული გვაქვს იმერული ყველი, სულგუნი, მაწონი და სხვა ადგილწარმოშობისა და გეოგრაფიული აღნიშვნების მქონე პროდუქტები, რომელთა არაქართული და არანედლი რძით წარმოება კანონით იკრძალება. მინისტრს არ აქვს უფლება, ბიზნესს წარმოება აუკრძალოს და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების წინააღმდეგ წავიდეს. თუ საქმე ჯანმრთელობას ეხება – კი ბატონო, მაგრამ, ამ შემთხვევაში, საქმე ამას არ ეხება. ლაპარაკია არჩევანზე. მივმართავ მომხარებელს, როცა რძის პროდუქტს ვყიდულობთ, კეთილი უნდა ვინებოთ და წავიკითხოთ ეტიკეტი. 2020 წლის პირველი იანვრიდან ეტიკეტირების წესები კიდევ უფრო მკაცრდება. მთავრობამ გუშინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რძის წვრილი მწარმოებლები, ვინც ადრე კონტროლს არ ექვემდებარებოდნენ, უკვე კონტროლს დაექვემდებარებიან. ეს არ არის ვინმეს უფლების შეზღუდვა. ეს არის მომხმარებლის დაცვა და იმავე მეწარმის დაცვაც.

სანდრო პირველი

Share