Home » საზოგადოება » “ფულადი გზავნილების დადებითი დინამიკა მნიშვნელოვანია, რადგან სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებას ზრდის”

“ფულადი გზავნილების დადებითი დინამიკა მნიშვნელოვანია, რადგან სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებას ზრდის”

ფულადი გზავნილების გაუმჯობესება სახეზეა, თუმცა არა ისეთი სწრაფი ტემპით, როგორც შეიძლება სტატისტიკიდან ჩანდეს, – ასე ეხმაურება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ზრდას.

როგორც ის განმარტავს, ივნისსა და ივლისში ფულადი გზავნილების ზრდა იმანაც განაპირობა, რომ პანდემიის საწყის ეტაპზე არსებული შეზღუდვების გამო დაგროვილი გზავნილების გამოგზავნა შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ მოხდა.

“ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება. ივნისში 17.8%-ით ზრდის შემდეგ, ივლისში წლიური ზრდა 22.1% იყო. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ პანდემიამდე ფულადი გზავნილების გარკვეული ნაწილი (საბანკო გზავნილების დაახლოებით 8%) საქართველოში არასაბანკო არხებით, ვიზიტორების მეშვეობით, შემოდიოდა.

საერთაშორისო მოგზაურობის შეზღუდვის გამო, გზავნილების ამ ნაწილმა საბანკო არხებში გადაინაცვლა და, შედეგად, ფულადი გზავნილების აღნიშნულ ზრდაშიც შეიტანა წვლილი.

გარდა ამისა, პანდემიის საწყის ეტაპზე არსებული შეზღუდვები, სავარაუდოდ, გზავნილებზეც მოქმედებდა.

ამ შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ დაგროვილი გზავნილების გამოგზავნა მომდევნო თვეებში მოხდა, რამაც ასევე იმოქმედა ივნის-ივლისში გზავნილების ზრდის მაჩვენებლებზე.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ამ ფაქტორების გათვალისწინებითაც, ფულადი გზავნილების გაუმჯობესება სახეზეა, თუმცა არა ისეთი სწრაფი ტემპით, როგორც შეიძლება სტატისტიკიდან ჩანდეს.

აღნიშნული დადებითი დინამიკა მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებას ზრდის და, საბოლოო ჯამში, უფრო დაბალი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს განაპირობებს”, – წერს კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.1%-ით გაიზარდა.

კერძოდ, 2020 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 188.7 მლნ აშშ დოლარი (578.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 22.1%-ით (34.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

Share