Home » საზოგადოება » ფინანსთა სამინისტრო პირველ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების გადავადებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტრო პირველ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების გადავადებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ავტოიმპორტიორებს 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა 2021 წლის პირველ მარტამდე გადაუვადდებათ, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, არ გამოიყენება პასუხისმგებლობის ზომები/სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებმაც ვერ შეძლეს 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების რეექსპორტის ან სხვა საბაჟო პროცედურებში მოქცევა კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.

სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ასევე თავისუფლდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საურავისგან“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

მათივე ცნობით, შეღავათი შეეხება 24 000-ზე მეტ მანქანის მფლობელს და გადავადებული გადასახადების ოდენობა შეადგენს 35 მილიონ ლარს.

2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა ავტოიმპორტიორებს აქამდე პირველ სექტემბრამდე ჰქონდათ გადავადებული.

„განბაჟების ვადის 2021 წლის პირველ მარტამდე გადავადება, ხელს შეუწყობს აღნიშნულ სექტორში დასაქმებულ ჩვენს თანამოქალაქეებს და მათ აღარ დაეკისრებათ დამატებითი ფინანსური ვალდებულებები“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

ავტოიმპორტიორებისთვის განბაჟების თარიღის გადავადების დავალება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გასცა.

Share