Home » ახალი ამბები » ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა.

2020 წლის 15 ივლისს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან საქართველოში, კრისტიან ურსესთან, რომელიც საქართველოში ხუთწლიან მისიას ასრულებს.

ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებული პროექტების როლს ქვეყნის განვითარებაში, მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ევროსაბჭო და საქართველო გააგრძელებენ თანამშრომლობას არსებული საკანონმდებლო ჩარჩოების გასაუმჯობესებლად.

თავის მხრივ, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს წარმატებული თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ მხარეებმა მიმოიხილეს იმ პროგრამების მიმდინარეობა, რომელსაც ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი (CEB) აფინანსებს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSMEs), ასევე, საჯარო ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის სფეროში. ისაუბრეს „თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგო ეფექტურობის გაზრდის პროექტის“ შესახებ, რომლის მიზანია, თბილისის საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია-გამაგრება და აღნიშნულ სკოლებში ენერგო ეფექტურობის გაზრდა.

შეხვედრის დასასრულს, ფინანსთა მინისტრმა დიპლომატს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა საქართველოში ნაყოფიერი საქმიანობისთვის და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

Share