Home » ახალი ამბები » ხუნდაძე – გამოვიყენოთ გულწრფელი, გულთბილი და უსაფრთხო მისალმება, საკუთარ გულზე ხელის დადებით

ხუნდაძე – გამოვიყენოთ გულწრფელი, გულთბილი და უსაფრთხო მისალმება, საკუთარ გულზე ხელის დადებით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს ვირუსის შეკავება და არ მოხდეს გავრცელება, მაგრამ, მისივე თქმით, საჭიროა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენა და რეკომენდაციების მკაცრი დაცვა.

დიმიტრი ხუნდაძე მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ხელის ჩამორთმევით და გადახვევით მისალმებისგან და მიესალმონ ერთმანეთს საკუთარ გულზე ხელის დადებით.

„ეპიდვითარება კორონავირუსთან დაკავშირებით გლობალურად წარმოადგენს საფრთხეს. საბედნიეროდ ჩინეთის საზღვრებს შიგნით რადიკალურად გაუმჯობესებულია მდგომარეობა და იმედისმომცემია, მაგრამ ჩინეთს გარეთ ნეგატიურად იცვლება სურათი და მზარდია.

რაც შეეხება საქართველოს, ყურადღების ღირსია ვითარება. ამის გამო პრემიერის ხელმძღვანელობით, ყოველდღიურად იკრიბება საკოორდინაციო საბჭო, სადაც პარლამენტიც ყოველდღიურ რეჟიმში არის ამ საბჭოს ფორმატში წარმოდგენილი. ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კომიტეტი, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოხდეს შეკავება და არ მოხდეს გავრცელება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, აუცილებელია, სოციალური პასუხისმგებლობა. რეკომენდაციები ყველა უნდა შესრულდეს ძალიან მკაცრად. ასევე მინდა ერთი რჩევა მოგცეთ ყველას, მათ შორის საზოგადოებასაც, რომ ჩვეული ტრადიციული წესიდან გამომდინარე, ვგულისხმობ, მისალმებას, ხელის ჩამორთმევით და დაგახვევით, გთხოვთ დროებით შევაჩეროთ ასეთი წესი. გამოვიყენოთ გულწრფელი, გულთბილი და უსაფრთხო მისალმება, საკუთარ გულზე ხელის დადებით. ამით ჩვენ დავიცავთ საკუთარ ჯანმრთელობას და დავიცავთ სხვა პიროვნებასაც“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Share