Home » ეკონომიკა » ტურისტული სეზონი ბუნდოვანი პერსპექტივით – სექტორი ხელოვნურ სუნთქვაზეა მიერთებული

ტურისტული სეზონი ბუნდოვანი პერსპექტივით – სექტორი ხელოვნურ სუნთქვაზეა მიერთებული

ზაფხულის ტურისტული სეზონი წელსაც ჩიხშია შესული. შარშან, თუ რუსი დეპუტატის, გავრილოვის საქართველოში ვიზიტის შემდგომ, ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა ტურისტულ სეზონს სერიოზული დარტყმა მიაყენა, წელს პანდემიის გამო გაცილებით რთული ვითარებაში აღმოჩნდა ეკონომიკის ერთ-ერთი მოწინავე დარგი. ეპიდემიამ განაპირობა ის, რომ ამ დარგში დასაქმებული ადამიანების ბედი ყველა სხვა დარგში დასაქმებულ ადამიანებთან შედარებით ყველაზე ბუნდოვანია. პრობლემიდან გამოსვლის უნივერსალური მეთოდი ეფექტური ვაქცინის შექმნაა, რომელიც ზუსტად არავინ იცის როდის იქნება მზად.

საქართველოს მთავრობა ცდილობს ქვეყნის შიგნით ეპიდსიტუაციის რეგულირებას. საამისოდ ისინი არ ჩქარობენ რიგი ეკონომიკური აქტივობების დროზე ადრე გახსნას. ასევე, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ფრთხილია სახელმწიფოს პოლიტიკა საზღვრების გახსნასთან დაკავშირებითაც, რაც ასევე ურტყამს ტურისტულ სექტორს და იქ დასაქმებულებს.

თუმცა, გასულ კვირას, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 5 ქვეყანასთან – გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, საზღვრების უპირობო გახსნის თაობაზე. ჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით ჩამოსვლა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით. საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ კოვიდ19-ზე PCR ტესტი, ან გაიარონ სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი სახსრებით. ეს რა თქმა უნდა, არ ეხებათ ევროკავშირის წევრი იმ 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს, რომლებთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს.

ტურიზმის სექტორი არსებული ვითარებით უკმაყოფილოა. ორშაბათს ინდუსტრიის წარმომადგენლები მთავრობის კანცელარიასთან აქციის გამართვას გეგმავენ. როგორც ტურისტული კომპანიის, „ტრაფიკ თრეველის” მმართველი პარტნიორი, ცოტნე ჯაფარიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, აქცია სოციალური ხასიათისაა და ის პოლიტიკური პარტიების გარეშე ჩატარდება.

„მოგეხსენებათ, გუშინ ხელისუფლებამ დაანონსა, რომ ხუთი ქვეყნისთვის გახსნიან საჰაერო საზღვრებს. ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა. ეს არის მცირე ნაბიჯი, მაგრამ, ცხადია – სავსებით არა საკმარისი. დღევანდელი განცხადების შემდეგ, ჩვენს მოთხოვნებს დაემატა ლეგიტიმური და ლოგიკური მოთხოვნები.

1 – გაიხსნას რეგულარული და არა – ჩარტერული რეისები (რომელიც არც იყო ჩვენს მოთხოვნებში); 2 – მთავრობამ უზრუნველყოს საჰაერო სივრცეში იმ კომპანიების დაბრუნება, რომლებიც წარმატებით ოპერირებდნენ და ახორციელებდნენ რეგულარულ ფრენებს; 3 – გაუქმდეს საკარანტინო სივრცეები საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ბრუნდებიან სამშობლოში იმ ხუთი ქვეყნიდან, რომელთათვისაც გაიხსნა საჰაერო სივრცე; 4 – დროულად ითქვას რეგულარული ფრენების თარიღები, რათა კერძო სექტორი კიდევ ერთხელ არ შერცხვეს თავის უცხოელ პარტნიორებთან, რაც არა თუ ახლა, გრძელვადიან პერსპექტივაში პოვებს გამოუსწორებელ პრობლემებს;

მოვუფრთხილდეთ ქვეყნისა და კერძო სექტორის რეპუტაციას.

აქცია დაიწყება შავთელის ქუჩაზე 12 საათზე, გაბრიაძის მარიონეტების თეატრთან, რის შემდეგაც მსვლელობით ავალთ სახელმწიფო კანცელარიასთან. აქციას ექნება პერფორმანსის სახე”, – წერს ჯაფარიძე.

საქართველოს მიერ საზღვრების გახსნის თემას გამოეხმაურა პოლონეთის მმართველი პარტიიდან სეიმის თავმჯდომარის მოადგილე (ვიცე-მარშალი), დეპუტატი მაგოჟატა მარია გოშიევსკა. გოშიევსკა საქართველოს მხრიდან პოლონეთისთვის საზღვრის არგახსნის საკითხს შეეხო.. მისი თქმით, მთავრობის გადაწყვეტილება გაუგებარია და ახსნა ეპიდემიოლოგიური საფრთხის თვალსაზრისით არ არის მართებული.

„სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან? გუშინ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გახსნის ქვეყნის საზღვრებს ევროპის 5 ქვეყნისათვის. ესენია გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. სხვა ევროპის ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის პოლონეთის, შეუძლიათ საქართველოში ჩასვლა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წასვლამდე გაივლიან 14 დღიან კარანტინს, რომლის საფასურის დაფარვაც თავად მოუწევთ. რას ნიშნავს ეს საქართველოსა და მისი მოქალაქეებისთვის?

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებიდან ჩანს, რომ 2019 წელს, საქართველოს ესტუმრა 88.300 პოლონელი ტურისტი, (გერმანიიდან 89.051, საფრანგეთიდან 27.952, ლიეტუვიდან 22.381, ლატვიიდან 20.514, ესტონეთიდან 13,482).

ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ ქართული საზოგადოების 30%-ი ფინანსურად დამოკიდებულია ტურიზმზე. არაოფიციალური ინფორმაციით, მათი რიცხვი აღწევს 70-%ს. ფინანსურ მოგებას ტურისტულ სფეროში ნახულობენ არა მხოლოდ ზღვისპირა სასტუმროები და სამთო კურორტები, არამედ აგროტურიზმის მეურნეობები, სატრანსპორტო კომპანიები, ტაქსის მძღოლები, სასურსათო და სუვენირების მაღაზიები, რესტორნები და მეღვინეები.

აღსანიშნავია, რომ გერმანელი ტურისტებიდან ძირითადად სარგებლობას ნახავენ დიდი ტურისტული კომპანიები, რომლებიც არიან საზღვარგარეთ არსებული ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები საქართველოში ან ტურისტული სააგენტოები, რომელებიც არიან მთავრობასთან კავშირში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რიგითი ქართველები აღმოჩნდებიან კიდევ უფრო დიდ სიღარიბეში ვითარებიდან გამომდინარე ვიდრე ამჟამად.

რას ნიშნავს ეს პოლონეთისთვის, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს განვითარების ყველა სფეროს ?

საქართველოს ხელისუფლების განცხადებიდან ირკვევა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ზემოაღნიშნული ხუთი ქვეყნის ავიაკომპანიებთან, საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.

იქიდან გამომდინარე, რომ ყოველწლიურად არდადეგების პერიოდში უამრავი პოლონელი მიემგზავრება საქართველოში, შეგვიძლია, ვიფიქროთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება უშუალოდ ზიანს აყენებს პოლონურ ავიაკოპანია LOT-ს. მთავრობის გადაწყვეტილება გაუგებარია, მისი ახსნა ეპიდემიოლოგიური საფრთხის თვალსაზრისით არ არის მართებული, რადგან ბოლო 7 დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად გერმანიაში 500 ით მეტია ვიდრე პოლონეთში (დაინფიცირებულთა რიცხვი: გერმანია 2441 , პოლონეთი -1914 ).

უნდა აღინიშნოს, რომ ეპიდემიის დროს პოლონეთმა საქართველო არ დატოვა დახმარების გარეშე და ივნისში, სოლიდარობისა და თანამშრომლობის ფარგლებში, ვირუსთან საბრძოლველად პერსონალური დაცვის ეკიპირების სახით ჰუმანიტარული დახმარება გადასცა, რომელის ღირებულებაც შეადგენდა 183 ,000 ზლოტს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ჩნდება კითხვა, ვის ინტერესებს წარმოადგენს საქართველოს მთავრობა?”, – წერს მმართველი პარტიის – “კანონი და სამართლიანობა”, დეპუტატი სოციალურ ქსელში.

ვიცე-პრემიერი და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი პოლონეთთან საზღვრის არგახსნას გამოეხმაურა. მისი თქმით, პოლონეთში მაღალი ეპიდემიოლოგიური ფონია.

„მიუხედავად იმის, რომ პოლონეთი გამოთქვამდა მზადყოფნას საქართველოსთვის კარანტინის გარეშე საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით, სტატისტიკა რომ შევადაროთ, დღეს საქართველოს ავადობასთან დაკავშირებით საუკეთესო მაჩვენებელი აქვს და ეს არ არის უბრალო სიტყვები. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას.

პოლონეთი კი არის მზად, რომ საქართველოს გაუხსნას საზღვარი, სადაც ავადობის მაჩვენებელი დაბალია, მაგრამ სამწუხაროდ, პოლონეთშია მაღალი ავადობაა. ჩვენ თუ გვინდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ეკონომიკას და მოქალაქეების ჯანმრთელობას, ჩვენ საკმაოდ ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ამ ზონებს“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

გიორგი არაბული

Share