Home » საზოგადოება » ტრამპმა ბრძანება გასცა კორონავირუსის სამკურნალოდ გამოიყენონ პრეპარატი, რომელსაც საქართველოში უკვე თვენახევარია იყენებენ

ტრამპმა ბრძანება გასცა კორონავირუსის სამკურნალოდ გამოიყენონ პრეპარატი, რომელსაც საქართველოში უკვე თვენახევარია იყენებენ

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, პრეპარატს, რომლითაც საქართველოში ინფექციონისტები პაციენტებს კორონავირუსისგან მკურნალობენ, მალე ამერიკაც მოიხმარს. შესაბამისი ბრძანება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ გასცა. ამ წამალს იყენებენ საფრანგეთში, რაც ე.წ. მარსელის გაიდლაინში არის აღნიშნული.

„გუშინ გამოქვეყნდა საფრანგეთის რეკომენდაციები, რომლებშიც ფრანგები „პლაქვენილს“ ერთ-ერთ სამკურნალო საშუალებად ასახელებენ. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვერ დაელოდება FDA-ის ოფიციალურ რეკომენდაციას და ექსპერტების რჩევის საფუძველზე როგორც პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას, რომ ამ პრეპარატის გამოყენება ლეგიტიმური გახდეს. ამის გამო სამსახურში მცირე ზეიმიც კი გვქონდა, იმიტომ რომ, იმას, რაც ტრამპმა თქვა გუშინ, ჩვენ თვენახევარია ვაკეთებთ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტთან საუბრისას.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მალარიისა და ართრიტის წინააღმდეგ სამკურნალო მედიკამენტმა, „ჰიდროქსილქლოროკინმა“ კორონავირუსის წინააღმდეგ შესანიშნავი შედეგები აჩვენა.

მისი თქმით, „ჰიდროქსილქლოროკინი“ დაუყოვნებლივ იქნება ხელმისაწვდომი კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებისთვის ექიმის დანიშნულებით.

ამასთან, მისივე თქმით, პრეპარატი თავდაპირველად გამოიყენება დამხმარე დანიშნულებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ექიმებს შეუძლიათ მოითხოვონ ამ ექსპერიმენტული პრეპარატის გამოყენება პაციენტებზე, ხოლო შემდეგ სურსათისა და მედიკამენტების ზედამხედველობის სამსახური შეძლებს შეაგროვოს მონაცემები მისი უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ კიდევ ერთმა პრეპარატმა, „რემდესივირმა“ ძალიან კარგი შედეგები აჩვენა კორონავირუსის წინააღმდეგ. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ზედამხედველობის სამსახური უახლოეს დროში დაამტკიცებს აღნიშნულ პრეპარატს.

სანდრო პირველი

Share