Home » საზოგადოება » ტალახაძე – შევეცდები, მოსკოვში, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნი ავაჟღერო, ეს იქნება პასუხი

ტალახაძე – შევეცდები, მოსკოვში, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნი ავაჟღერო, ეს იქნება პასუხი

ქართველი სპორტსმენების მთავარი მიზანი არის გამარჯვება და ვიბრძვით, რომ ქვეყანას გავუთქვათ სახელი, – ამის შესახებ ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონმა და რეკორდსმენმა ლაშა ტალახაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ლაშა ტალახაძე გამოეხმაურა, ბოლო პერიოდში ქართველი სპორტსმენების, მათ შორის, ქართველი მორაგბეების მიმართ პოლიტიკოსების შეურაცხმყოფელ განცხადებებს. გუშინ ფეისბუქ სტატუსი გამოაქვეყნა ასევე შალვა ნათელაშვილმა.

ლაშა ტალახაძის თქმით, ის შეეცდება, მოსკოვში, ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებას. ლაშა ტალახაძე ასევე წარმატებებს უსურვებს ქართველ მორაგბეებს, რომელთაც მომდევნო მატჩები ბელგიასა და რუსეთის ნაკრებებთან აქვთ დაგეგმილი.

„ჩვენ ვართ პოლიტიკისგან ძალიან შორს. ჩვენი მთავარი მიზანი არის გამარჯვება. ჩვენი მთავარი მიზანი არის გამარჯვება და ვიბრძვით, რომ ჩვენ ქვეყანას გავუთქვათ სახელი ჩვენი წარმატებით და გამარჯვებით. ჩემი აზრით, სპორტი საქართველოში ძალიან მაღალ დონეზე დგას და ყველას მინდა ვუთხრა, რომ თითოეული ჩვენგანი იბრძვის მხოლოდ გამარჯვებისთვის და საქართველოს სახელის საზღვრებს გარეთ გატანისთვის. ვიმარჯვებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ჰიმნი აჟღერდეს მსოფლიოს ყველა წერტილში.

მინდა, წარმატებები ვუსურვო ქართველ მორაგბეებს, რომლებსაც თამაში აქვთ ბელგიასთან და შემდეგ რუსეთის ნაკრებთან. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მოიპოგებენ გამარჯვებას. ასევე, წელს ჩვენც ევროპის ჩემპიონატი გვაქვს მოსკოვში, სადაც მივიღებთ მონაწილეობას. შევეცდები, რომ საქართველოს ჰიმნი ავაჟღერო მოსკოვში და ალბათ ეს იქნება ჩემი ყველაზე დიდი პასუხი ყველა იმ ადამიანისადმი, ვისაც ეჭვი ეპარება ჩვენს პატრიოტიზმში. წარმატებები ქართველ მორაგბეებს. აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

Share