Home » ახალი ამბები » ტაბახმელაში ჰასკმა 5 წლის ბავშვი გიურზას თავდასხმისგან გადაარჩინა

ტაბახმელაში ჰასკმა 5 წლის ბავშვი გიურზას თავდასხმისგან გადაარჩინა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი ვახტანგ ლომჯარია ფეისბუქის პირად გვერდზე ტაბახმელაში მომხდარი შემთხვევის შესახებ წერს.

ლომჯარიას ინფორმაციით, ჰასკმა ხუთი წლის ბავშვი გიურზას თავდასხმისგან გადაარჩინა.

„წარმოიდგინეთ ეზო ტაბახმელაში, სადაც მშობლებს ხუთი წლის პატარა უსაფრთხოდ ეგულებათ. თამაშობენ, მხიარულობენ და მოულოდნელად ძაღლი იწყებს წარმოუდგენელ ყეფას.

ებრძვის „რაღაცას“, ეს „რაღაცა“ კი საქართველოში გავრცელებული ყველაზე საშიში გველი გიურზაა. სამწუხაროდ, გველმა მოასწრო, ძაღლისთვის ეკბინა. ოჯახის წევრებმა მალევე გაიაზრეს სიტუაციის სირთულე. განარიდეს ბავშვი ტერიტორიას, ჩართეს შესაბამისი სამსახურები და ძაღლი გადაიყვანეს კლინიკაში.

მისი მდგომარეობა იყო ძალიან რთული და დღის განმავლობაში ბევრჯერ განვიცადეთ მისი დაკარგვის შიში. მის გადარჩენას მერიის მთელი ხელმძღვანელობა გულშემატკივრობდა. მინდა, სიხარულით გამცნოთ პატარა ჯარისკაცის გამარჯვების შესახებ. ვფიქრობ, საპატიოდ დაიმსახურა დღის გმირის წოდებაც. წარმოდგენაც კი მაშინებს, რა შეიძლება მომხდარიყო, ეზოში ბავშვი რომ ძაღლის გარეშე ყოფილიყო.

სახეზე დროებითი სასაცილო ასიმეტრიაა აქვს და სწორედ ეს ხდის სასაცილოს და მეტად საყვარელს“, – წერს ვახტანგ ლომჯარია.

Share