Home » ახალი ამბები » სოციალური სამსახური უხეშად არღვევს კანონს, უარს ამბობს სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის რეაგირებაზე – „ახალგაზრდა ადვოკატები“

სოციალური სამსახური უხეშად არღვევს კანონს, უარს ამბობს სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის რეაგირებაზე – „ახალგაზრდა ადვოკატები“

სოციალური სამსახური უხეშად არღვევს კანონს, ფარულ გარიგებაშია მშობელთან, უარს ამბობს სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის რეაგირებაზე და 74 წლის ბებიას განზრახ არ აძლევს უფლებას შვილიშვილთან ურთიერთობაზე – „ახალგაზრდა ადვოკატები“

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების აღუსრულებლობას ხელს უწყობს, არ გამოსცემს სამართალდამრღვევისთვის ადმინისტრაციულ სახდელს სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობისთვის და არ ადგენს დროებით წესს, რომელიც შვილიშვილთან ბებიის ურთიერთობის სავალადებულო წესს შეეხება, რითაც ხელს უწყობს მაღალი საჯარო ინტერესის საქმეზე შერჩევითი სამართლის გამოყენებას და „სოციალური მომსახურების შესახებ“ კანონის დარღვევას. აღნიშნულის შესახებ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატრები“ ავრცელებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოებაშია „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ’’ 1980 წლის ჰააგის კონვენციის ფარგლებში, ევროკავშირისა და ჩეხეთის მოქალაქის, არასრულწლოვანის კვიპროსის რესპუბლიკაში შესაძლო დაბრუნების ან საქართველოში საცხოვრებლად დატოვების საქმე. სასამართლომ 2020 წლის 8 ივნისის განჩინებით, ბავშვის ერთ-ერთ კანონიერ წარმომადგენელს, რუსეთის მოქალაქე ოლივია ანტონს არასრულწლოვანი შვილის საქართველოდან გაყვანა (გადაადგილება) აუკრძალა. აღნიშნულის საფუძველი გახდა ორი სახელმწიფო დაწესებულების – სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების 2020 წლის 29 მაისის, 1 და 2 ივნისის ერთობლივი ოპერაციის შედეგები, რამაც გამოიწვია ბავშვის ერთი კანონიერი მშობლიდან მეორე კანონერ მშობელზე, ბავშვის ნების საწინააღმდეგოდ, გადაცემა და წართმევა. (აღნიშნული ქმედებების კანონიერების შემოწმების მიზნით, დავა გრძელდება თბილისის საქალაქო სასამართლოში) სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, ევროკავშირისა და ჩეხეთის მოქალაქის, არასრულწლოვანის მამის წარმომადგენლის, არჩილ კაიკაციშვილის სამართლებრივი დასაბუთება, რომელიც შეეხება დედის – ოლივია ანტონის მხრიდან საქართველოდან შვილის, როგორც ლეგალური, ასევე არალეგალური გზით გატაცების ობიექტურ საფრთხეს და მეუღლის მიმართ შურისძიების მოტივებს.

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო რეაგირებას არ ახდენს ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის, ოლივია ანტონის მხრიდან ორ უკანონო ქმედებაზე – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 ოქტომბრის დროებითი განკარგულებით, მას აქვს ვალდებულება სატელეფონო კომუნიკაცია იქონიოს მეორე მშობელთან, ვინაიდან ბავშვი ამჟამად იმყოფება მასთან, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1203-ე მუხლის თანახმად, აკრძალა შვილიშვილთან 74 წლის ბებიის კომუნიკაცია. ოლივია ანტონის ასეთ ქმედებებს ამართლებს სააგენტოს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული ცენტრის უფროსი სოციალური მუშაკი/უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნინო იობაშვილი და თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის უფროსი გიორგი ეპიტაშვილი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საგანგებოდ აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი მასალის ერთობლიობა, ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის სახელით, სააგენტოს დასახელებული წარმომადგენლები: ნინო იობაშვილი და გიორგი კუპრეიშვილი, ეწევიან არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის – მამის სრულ დისკრედიტაციას, დემორალიზაციას, რაც გამოიხატება ოლივია ანტონის მიმართ პირდაპირ მხარდაჭერასა და საქმის ირგვლივ სამართლებრივ რჩევებში – თუ რა სტრატეგიით, რა მოქმედებებით უნდა შეძლოდ დედამ მამისგან შვილის „დაცვა“. შესაბამისად, ირღვევა კანონი და სოციალური სამსახურის ქცევის ყველა სტანდარტი. არ არსებობს წარმოდგენილ პრეტენზიებსა და გადაცდომებზე დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სტრუქტურის – აუდიტის სამსახურის რეაგირება, რომელიც თავის მხრივ უწყების ქვეშ არსებული გადაცდომის ფაქტების დამალვითაა დაკავებული. კანონდარღვევებსა და გადაცდომებზე შეგნებული დუმილით ხდება უკანონობების წახალისება.

არ არსებობს უფლების დაცვის ელემენტარული შესაძლებლობაც კი, ქართული სოციალური სამსახური არ უსმენს ევროკავშირის მოქალაქეს და სააგენტოსთვისაც სულერთია ყველა წარდგენილი არგუმენტაცია, რაც პროცესის მონაწილე ერთ მხარესთან – ოლივია ანტონთან ასეთი ღია და მკაფიო მხარდაჭერის პროცესი, აჩენს საფუძვლიან ვარაუდს ფარული შეთანხმებების კორუფციულ მოტივებზე. მამა ბავშვს დაბადებიდან ზრდის და შვილს მამის მიმართ აქვს მიჯაჭვულობა, ხოლო დედა – ოლივია ანტონი, კანონიერ ძალაში შესული ქ. პრაღის სასამართლოს გადაწყვეტილებით, წარმოადგენს ნარკოტიკების მომხმარებელსა და არ გააჩნია შვილის აღზრდის უნარ-ჩვევები. აღნიშნულზე დანაშაულებრივად სდუმს სოციალური სამსახურის დასახელებული პირები და ადგილი აქვს ორმაგ სტანდარტებს. სოციალური სამსახურისთვის წარდგენილი ფაქტები, მით უფრო ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება – არაფერია,  არ იწვევს სპეციალური ღონისძიებების გამოყენების ან/და საკითხზე მოკვლევის დაინტერესებას.

ორგანიზაცია სამარცხვინოს უწოდებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების სახელით დასახელებული სოციალური მუშაკების ქმედებებს და კატეგორიულად მოითხოვს მათი საქმიანობის შემოწმებასა და თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დასმას. ნინო იობაშვილისა და გიორგი კუპრეიშვილის საქმიანობის კომპეტენცია ქმნის მიკერძოების და ანგარების საფუძვლებს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოუწოდებს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორს აიღოს სისტემაში არსებულ უკანონო გამოვლინებეზე პასუხისმგებლობას. ორგანიზაცია ყურადღების გარეშე არ დატოვებს არც ერთ ფაქტს, რომელიც ჩრდილს აყენებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში არაკომპეტენტური კადრების გადაცდომებს. ორგანიზაცია მოუწოდებს სააგენტოს, დაიყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე, გატარდეს ოლივია ანტონის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, დაუყოვნებლივ მოხდეს შვილიშვილის ბებიასთან კომუნიკაცია. ორგანიზაციას აღნიშნული მოთხოვნები სახელმწიფო უწყების მიმართ უკვე წარდგენილი აქვს, თუმცა უშედეგოდ.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქმეში 2019 წლის ნოემბერში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ჩაერთო. თბილისის სააპელაციო სასამართლო საქმეს სამი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს: ნატალია ნაზღაიძე (თავმჯდომარე), მაია სულხანიშვილი, მაია გიგაური, თბილისის საქალაქო სასამართლოში კი საქმე – ირინა ზარქუამ განიხილა. მხარე ვარაუდობს, რომ საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იმ საფუძვლებითად დადგა, რომ სასამართლომ საქმეზე გადაწყვეტილება კანონით მკაცრად დადგენილ 6-თვიან ვადის ბოლო დღეს გამოიტანა. „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ’’ 1980 წლის ჰააგის კონვენციის ფარგლებში, აღნიშნული დავის სახით, ქართული სასამართლო მეშვიდე დავას განიხილავს. არასრუწლოვანისა და მისი კანონიერი წარმომადგენლის – მამის ინტერესებს სასამართლოში ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი წარმოადგენს.

Share