Home » ბიზნესი » სოფელი 2019 – რეკორდული რთველი და მუდმივად მზარდი ღვინის ექსპორტი

სოფელი 2019 – რეკორდული რთველი და მუდმივად მზარდი ღვინის ექსპორტი

სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ წლებია უკვე მიმდინარეობს საუბრები. ცალკე საკითხია მიწის რეგისტრაციის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც 726 932 წარმატებულად დასრულებული სარეგისტრაციო განაცხადია. აღნიშნული რეფორმის დასრულების შემდგომ საქართველოს მოქალაქეები მასზე საკუთრებას ოფიციალურად დაიკანონებენ და შედეგად, მიწის ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვის პერსპექტივაც მატულობს.

იმპორტდამოკიდებულება ამ დარგში რომ მაღალია, ამაზე ქვეყნის მოქმედი პრემიერიც საუბრობს და დარგის ხელმძღვანელობას ამ სექტორის მეტად განვითარებისკენ მოუწოდებს.

“სოფლის მეურნეობა უნდა გახდეს ეფექტურად მზარდი დარგი როგორც ექსპორტის ნაწილში, ასევე შიდა მოხმარების დაკმაყოფილებისა და პირველ რიგში იმპორტის შემცირების ნაწილში“, – აცხადებს გიორგი გახარია.

პრემიერი ხაზს უსვამს აგროსასურსათო ბალანსის გაუმჯობესების აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ მთავარი მიზანია, ქვეყანაში წარმოებულმა სოფლის მეურნეობის პროდუქციამ მაქსიმალურად ჩაანაცვლოს იმპორტი, დააკმაყოფილოს შიდა მოთხოვნა და გავიდეს ექსპორტზე.

გიორგი გახარიას თქმით, უმნიშვნელოვანესია მეტი აქცენტი გაკეთდეს ქართული ღვინის ინდუსტრიის ხარისხის სტანდარტებზე. პრემიერმა აღნიშნა, რომ საჭიროა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე კონცენტრირებულად მუშაობა და ისეთი თემები, როგორიცაა მიწის სისტემური რეგისტრაცია, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს, მაქსიმალურად მოკლე ვადაში დასრულდეს. გარდა ამისა, უნდა მოხდეს სამეწარმეო სიმძლავრეების გამსხვილება და ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას მეცხოველეობის ხელშეწყობისკენ.

სოფლის მეურნეობის დარგის წილი მშპ-ში

საინტერესოა, თუ რა მონაცემები ფიქსირდება სოფლის მეურნეობის სექტორში დღეს არსებული მონაცემებით, რამდენად მზარდია სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი საქართველოდან დანარჩენ მსოფლიოში.

ბოლო წლების განმავლობაში, სოფლის მეურნეობის დარგში პროდუქციის გამოშვება, 7-დან 11 პროცენტამდე მერყეობს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, თუ 2005 წელს, როდესაც საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი 17% იყო, ბოლო წლებში სოფლის მეურნეობის დარგის წილი მთლიან შიდა პროდუქტში იკლებს. ასე მაგალითად, 2013 წელს 8.6%, 2014 წელს 8.5%, 2015 წელს 7.8%, 2016 წელს 7.2%.

განსხვავებით წინა წლებისგან, 2018 წელს სოფლის მეურნეობის დარგის წილის მცირეოდენი ზრდა დაფიქსირდა მთლიან შიდა პროდუქტში და 7.7% შეადგინა. რაც შეეხება მიმდინარე წლის მონაცემებს, 2019 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით სოფლის მეურნეობის დარგის წილი მთლიან ეკონომიკაში ასევე 7.7 პროცენტს შეადგენს.

ღვინის ექსპორტი

ღვინის წარმოება და მისი ექსპორტი ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოფლის მეურნეობის დარგში. საქართველოს მთავრობა, კერძოდ კი სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ საკმაოდ ამბიციური გეგმა დაისახა, რომლის მიხედვითაც ქართული ღვინო უნდა გადავიდეს საშუალო და მაღალ საფასო სეგმენტში. ამის მიღწევას კი ხარისხისა და ცნობადობის კიდევ უფრო მეტად ამაღლებით აპირებს.

ამ დარგს პერსპექტივა ნამდვილად გააჩნია და წლებია სტაბილურობით გამოირჩევა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში ღვინის ექსპორტი 10%-ით გაიზარდა. სააგენტოს ცნობითვე, თერთმეტ თვეში მსოფლიოს 53 ქვეყანაში, ჯამში, 86 მლნ-მდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება კი 220 მლნ აშშ დოლარია, რაც 2018 წლის მონაცემზე 20%-ით მეტია.

2018 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო  86.2 მლნ ბოთლი ღვინო, რაც ბოლო 30 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, უკვე შეიძლება ითქვას, რომ 2019 წელიც დასრულდება ახალი რეკორდული მაჩვენებლით, ვინაიდან, ტრადიციულად, დეკემბრის თვეში ექსპორტის რაოდენობა მაღალია სხვა თვეებთან შედარებით.

11 თვის მონაცემებით, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 323-მა კომპანიამ განახორციელა.

რეკორდული რთველი 2019

რთველი 2019-ის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით გადამუშავდა ბოლო თითქმის 30 წლის რეკორდული მოსავალი – 271 ათასი ტონა ყურძენი, მათ შორის კახეთის რეგიონში – 268  ათასი ტონა.   აღნიშნული მაჩვენებელი თითქმის 10%-ით აღემატება შარშანდელ მონაცემს. სულ კახეთის რეგიონში გადამუშავდა 172 ათასი ტონა რქაწითელი, 82 ათასი ტონა საფერავი, 5,5 ათასი ტონა კახური მწვანე და 8,5 ათასი  ტონა სხვა ჯიშები. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მოწეული იქნა 1863 ტონა ყურძენი. მათ შორის ალექსანდროული და მუჯურეთული – 1828 ტონა.    საქართველოს დანარჩენ რეგიონებში – დაახლოებით 1130 ტონა. მთლიანად საქართველოს მასშტაბით ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 300 მლნ ლარზე მეტი.

ნარინჯისფერი რთველი

რაც შეეხება ნარინჯისფერ რთველს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით წელს ქართული მანდარინის ექსპორტი 12 ქვეყანაში მოხდება. ტრადიციულ ბაზრებს წელს შეემატება ლიეტუვა, სინგაპური, ყატარი და სლოვენია.

მათივე ინფორმაციით, 25 ნოემბრის მონაცემებით, მანდარინის ექსპორტმა 2,662 ტონა შეადგინა. უწყების ინფორმაციით, ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია: უკრაინა (387.1ტონა), რუსეთი (1.574 ტონა), სომხეთი (617.9 ტონა), ლატვია (40.6 ტონა), აზერბაიჯანი (22.0 ტონა), სინგაპური (0.1 ტონა).

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია გაიცემა. სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 10 თეთრიანი თანადაფინანსება იქნება. 10 თეთრს გადაიხდის საწარმო, შესაბამისად სამეწარმეო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება.

წარმატებული ტენდენციების პარალელურად, უნდა ითქვას ისიც, რომ ქართული ციტრუსისთვის ევროკავშირის მაღალგადახდისუნარიანი ბაზარი აუთვისებელია და იქ ქართული წარმოების ციტრუსი ექსპორტზე წელსაც არ გადის.

წელს, აჭარის რეგიონში ჯამში 55 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. ნარინჯისფერი რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რეგიონში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი მოქმედებს, რომლის ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა.

რაც შეეხება ფასს, წელს კილოგრამი მანდარინის ფასი 60 თეთრიდან იწყება და 1,5 ლარს აღწევს. გარდა ამისა, არასტანდარტულ მანდარინში სახელმწიფო ფერმერებს სუბსიდიის სახით თანხას წელსაც გადაუხდის.

სანდრო პირველი

Share