Home » საზოგადოება » სოფელი დასამარებისკენ მიდის

სოფელი დასამარებისკენ მიდის

სოფელი დასამარებისკენ მიდის

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ ინიცირებული კანონი საბოლოოდ დაასამარებს კოოპერატივების შექმნის პროცესს“

წლებია უკვე საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებაზე მიმდინარეობს საუბარი. დარგის განვითარება დიდ ინვესტიციებთან (იქნება ეს კერძო თუ სახელმწიფო ინვესტიციები), მაღალკვალიფიციურ პერსონალთან და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე გადის.

საქართველოს პრემიერმა, გიორგი გახარიამ საკმაოდ ამბიციური და ამავდროულად ყველასთვის სასიხარულო მიზანი დაისახა. მისი თქმით, სოფლის მეურნეობა უნდა გახდეს ეფექტურად მზარდი დარგი როგორც ექსპორტის ნაწილში, ასევე შიდა მოხმარების დაკმაყოფილებისა და პირველ რიგში იმპორტის შემცირების ნაწილში.

უნდა ითქვას, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა და მათ საქმიანობაზე ხელშეწყობა. ეს გულისხმობს წარმოების გამსხვილებას, რესურსების ოპტიმიზაციას და შესაბამისად, უფრო მეტ შესაძლებლობებს აგრობიზნესში ჩართული ადამიანებისთვის.

საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებულია ცვლილებები და დამატებები კანონში „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“. წარმოდგენილი კანონპროექტის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოსაპოვებლად, კოოპერატივმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს პაის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი.

პროფესორი, ექსპერტი აგრარულ ეკონომიკაში, პაატა კოღუაშვილი, მოსალოდნელ ცვლილებას ნეგატიურად აფასებს. მისი თქმით, ცვლილების განხორციელებით კიდევ უფრო დამძიმდა სოფლის მოსახლეობის მდგომარეობა და გართულდება კოოპერაციის პროცესის განვითარება.

“საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებები და დამატებები კანონში „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“, უმეტესი ნაწილის მიღება დაუშვებელია. იგი კიდევ უფრო დაამძიმებს სოფლის მოსახლეობის მდგომარეობას და გართულებს კოოპერაციის პროცესის განვითარებას.

წარმოდგენილი კანონპროექტის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოსაპოვებლად, კოოპერატივმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს პაის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც ნიშნავს, რომ სტატუსის მოპოვების ეტაპზე კოოპერატივს სრულად უნდა ქონდეს შეტანილი პაი.

პაის შეტანა კოოპერატივში წარმოებს მეპაიის ეკონომიკური მონაწილეობის შესაბამისად, რომელიც, თავის მხრივ, უმეტეს შემთხვევაში, გადანაწილებულია სამეურნეო წლის სხვადასხვა პერიოდზე.

კოოპერატივს თავიდანვე არ ჭირდება საპაიო შენატანების 100%-ს მობილიზება და პაის შეტანის გადანაწილებას იგი ახდენს გარკვეული გრაფიკით, გასაწევი ხარჯების პერიოდების შესაბამისად.

წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, მეპაიეებს დააწვება პაის მთლიანი შეტანის უაზრო და ყოვლად გაუმართლებელი მძიმე ტვირთი (განსაკუთრებით, იმ შემთხვევებში, როცა პაის ღირებულება დიდია) და რაც მთავარია, ეს ხდება მაშინ, როცა კოოპერატივს არაფერში ჭირდება უქმად დადებული მთლიანი საპაიო შენატანები.

ამ შემთხვევაში მათი უმრავლესობა ვერ შეძლებს ერთიანი თანხის მობილიზებას და შესაბამისად ვერ მიიღებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსს“, – აცხადებს კოღუაშვილი.

ექსპერტის შეფასებით, აღნიშნული ცვლილებების განხორციელება საბოლოოდ დაასამარებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის პროცესს. 

„აქედან გამომდინარე, ძნელი მისახვედრი არაა, რომ ამ უაზრო და ყოვლად გაუმართლებელი ნორმის მიღება მიმართულა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის საწინააღმდეგოდ, რაც საბოლოოდ დაასამარებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის პროცესს.

ამიტომ წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

დ) პაის ღირებულების მთლიანი ან ნაწილობრივი შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო პაის სრულად დაფარვის დამადასტურებელი დოკუმენტი, სტატუსის მინიჭებიდან არა უმეტეს 1 წლის განმავლობაში.

სხვა ყველა შემთხვევაში, კატასტროფა გველის”, – აღნიშნავს კოღუაშვილი.

ცნობისთვის, დღეისათვის საქართველოში სხვადასხვა დარგის 1000-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული, რომელშიც გაერთიანებულია 11000-ზე მეტი ფერმერი.

სანდრო პირველი

Share