Home » ეკონომიკა » სოსო ფხაკაძე: კურსი იყო 2.8 და გახდა 3.2 – ლარის დევალვაციის ახალი ტალღა ბიზნესისთვის არის მკვლელი

სოსო ფხაკაძე: კურსი იყო 2.8 და გახდა 3.2 – ლარის დევალვაციის ახალი ტალღა ბიზნესისთვის არის მკვლელი

ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, რომ ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნა ქვეყნისთვის ძალიან ცუდია, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა განიხილეს, რომელიც პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების დაძლევას ისახავს მიზნად.

გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში 3.5 მილიარდი ლარი დაიხარჯება, საიდანაც 2.1 მილიარდი ბიზნესის მხარდაჭერაზე უნდა მიიმართოს. პაკეტი ასევე ითვალისწინებს მოსახლეობის სოციალური დახმარების კომპონენტსა და ჯანდაცვის სექტორის ხარჯებს.

საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის მოსაზრებით, პანდემიის გამო საქართველომ სამი ტიპის შოკი განიცადა, როგორიცაა მოთხოვნა-მიწოდების ერთდროული ვარდნა, ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნა და ეროვნული ვალუტის გაუფასურების ახალი ტალღა.

„როგორც ერთობლივი მოთხოვნის, ისე ერთობლივი მიწოდების მრუდმა ქვემოთ გადაინაცვლა, რაც უპრეცედენტოა და ძალიან დიდი შოკია მოთხოვნა-მიწოდების კუთხით. მეორე დიდი შოკი, რაც ყველა ქვეყანას არ აქვს ისე, როგორც ჩვენ და აუცილებელად უნდა აღინიშნოს, ეს არის ნავთობის ფასიდან გამომდინარე შოკი. არიან ქვეყნები, რომლებსაც გაცილებით ნაკლებად აინტერესებთ ეს თემა იმ კუთხით, თუ რამდენად ექნება გავლენა მათ ქვეყანაზე ნავთობის ფასის ასეთ ვარდნას. მაგრამ გაგახსენებთ, რომ 2014 წლის ბოლოს ჩვენი ქვეყნის შიდა სავალუტო ბაზარზე ძალიან დიდი არასტაბილურობა დაიწყო და ჩვენი ვალუტის კურსი საბოლოოდ 1.65-ლარიდან [ერთი აშშ დოლარის მიმართ] 3.20-მდე ჩამოვიდა. ბიზნესასოციაციაში 400-ზე მეტი ორგანიზაცია შედის და ჰიპოთეტურად რომ წარმოვიდგინოთ, ამ წლებში კურსი 1.65 რომ ყოფილიყო, რამდენი ასეული მილიონი ჩაიდებოდა ქვეყნის ეკონომიკაში და რამდენი ახალი სამუშაო ადგილი თუ ბიზნესი შეიქმნებოდა.

მე დარწმუნებული ვარ, რომ კორონავირუსი გადავა, მაგრამ თუ ნავთობის ფასები ზევით არ წავიდა, ჩვენ ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, რომ ძალიან ვართ დამოკიდებული იმ ქვეყნებზე, რომლებიც ნავთობის ექსპორტიორები არიან. ეს არის გადამწყვეტი და მე პარალელი გავავლე, რა ხდებოდა 2014, 2015, 2016, 2017 წლებში, როგორი დარტყმა მიაყენა არა მარტო ბიზნესს, არამედ მოსახლოებას. მესამე ფაქტორი, რაც მიმდინარე პერიოდში არც დასავლეთ ევროპას და არც ამერიკას განუცდია, იყო ის, რომ ამ ყველაფერს დაემთხვა არასტაბილურობა შიდა სავალუტო ბაზარზე. ლარის კურსი იყო 2.8 და გახდა 3.2. ლარის დევალვაციის ახალი ტალღა ბიზნესისთვის არის მკვლელი და შოკების ამპლიტუდა დიდია“, – განუცხადა სოსო ფხაკაძემ „ბიზნესპარტნიორს“.

Share