Home » საზოგადოება » სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა კორონავირუსზე საქართველოს სტატისტიკაში ეჭვი შეიტანა

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა კორონავირუსზე საქართველოს სტატისტიკაში ეჭვი შეიტანა

„სპუტნიკ არმენიას“ ინფორმაციით, სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე მინისტრმა განაცხადა, რომ სომხეთში საქართველოდან ჩასულ არაერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა.

ტოროსიანს საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში ეჭვი შეაქვს და აინტერესებს, რამდენად არის სტატისტიკაში ასახული პნევმონიით გარდაცვლილი პირები.

ამასთან, მინისტრის აზრით, საქართველოში არსებულ დადებით ციფრებზე გავლენა შესაძლოა, მეთოდოლოგიაში არსებულ განსხვავებას და ჩატარებული ტესტების რაოდენობას მოეხდინა.

„ჩვენი ეპიდემიის საწინააღმდეგო სისტემა უკეთესია. ამას ვამბობ როგორც ფაქტს, რადგან ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ ჩვენ მეზობლებს ეპიდემიოლოგიის საწინააღმდეგო ძლიერი სისტემა ჰქონდეს.

შესაძლოა, რომ 40 ათასი ტესტიდან, რომელიც საქართველოში გაკეთდა, ყველა პი-სი-არ ტესტი არ ყოფილა, არამედ მათი ნაწილი სწრაფი ტესტები იყო. ჩვენთან სწრაფ ტესტებს არ აკეთებენ, ვინაიდან ისინი არ არის ზუსტი და სარწმუნო.

საჭიროა იმის გაგება, გადიან თუ არა ტესტირებას პირები, ვისაც მძიმე რესპირატორული ვირუსული ინფექცია გააჩნია. მათ შორის შესაძლოა, იყვნენ კოვიდ-19-ის იოლი ფორმის მატარებლები, პნევმონიით გარდაცვლილი ყველა ადამიანი იყო თუ არა სტატისტიკაში შეყვანილი.

საქართველოდან სომხეთში ჩასულ ადამიანებს შორის ბევრს გამოუვლინდა კოვიდ-19, მათ შორის მძღოლებს. სომხეთი გამჭვირვალედ წარმოადგენს თავის სტატისტიკას”, – აცხადებს მინისტრი.

Share