Home » ახალი ამბები » „სმარტმა” „ვისოლ ჯგუფის” დასვენების და მომსახურების კომპლექსში ხაჭაპურის ფესტივალი გამართა

„სმარტმა” „ვისოლ ჯგუფის” დასვენების და მომსახურების კომპლექსში ხაჭაპურის ფესტივალი გამართა

„სმარტმა” „ვისოლ ჯგუფის” დასვენების და მომსახურების კომპლექსში ხაჭაპურის ფესტივალი – „ლედეგენდა ხაჭაპურზე“ გამართა. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს „სმარტის” თანამშრომლებმა, რომლებმაც წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და რეცეპტების მიხედვით ხაჭაპური და ლობიანი მოამზადეს.

საუკეთესო ხაჭაპურისა და საუკეთესო ლობიანის ნომინაციაში გამარჯვებული კონკურსანტები ჟიურიმ გამოავლინა, რომლის წევრებიც „გასტრონავტის” თანადამფუძნებელი და რესტორატორი ლევან ქოქიაშვილი, შეფმზარეული გურამ ბაღდოშვილი და საქართველოს გასტრონომიული ასოციაციის პრეზიდენტი დალი ცატავა იყვნენ.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აღნიშნავენ, ერთი წლის განმავლობაში „სმარტის” ქსელში არსებულ საცხობებში მომხმარებლებს გამარჯვებული მონაწილეების რეცეპტებით მომზადებულ ლობიანსა და ხაჭაპურს შესთავაზებენ.

„მოხარული ვარ, რომ პირველად ვმასპინძლობთ ფესტივალს, რომელსაც ჰქვია „ლეგენდა ხაჭაპურზე“. ეს არის „სმარტის“ მიერ ორგანიზებული ფესტივალი საქართველოს მნიშვნელოვან მაგისტრალზე, ზესტაფონი-არგვეთის გზაზე. ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ ხაჭაპურის პოპულარიზაციას ჩვენს ინფრასტრუქტურაში.

კონკურსმა საშუალება მოგვცა გამოგვევლინა საუკეთესო რეცეპტი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს ჩვენს საცხობებში.

„სმარტი“ ყოველთვის გამორჩეული იყო თავისი პროდუქტებით, თუმცა ამ ღონისძიებით გვინდა გასტრონომიულ პატრიოტიზმში შევიტანოთ ჩვენი წვლილი, რამეთუ ავამაღლოთ ხაჭაპურის ხარისხობრივი პარამეტრები და მეტი მომხმარებელი გვყავდეს, „სმარტის“ კაფეები კი, გამოირჩეოდეს თავისი განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით“, – განაცხადა „სმარტის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ.

ჟიურის ერთ-ერთი წევრის, შეფმზარეული გურამ ბაღდოშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ხარისხიანი სწრაფი კვება იყოს.

„პირველ რიგში, ხაჭაპური არის გასტრონომიის დედოფალი. „სმარტმა“ შეძლო ერთნაირი ხარისხი დაიკავოს თავის ყველა ობიექტზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ უმაღლესი ხარისხის პროდუქტით ამზადებს ამ კერძებს. ეს ყველაფერი ბიზნესისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ასევე, ჩვენი კეთილდღეობისთვის, რათა გადაადგილების პერიოდში, სწრაფი კვება იყოს ხარისხიანი“, – განაცხადა გურამ ბაღდოშვილმა.

როგორც „სმარტში“ აცხადებენ, „სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის საკუთარი იმპორტის თუ ადგილობრივი პროდუქტებით და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „სმარტ კაფეები“ სუპერმარკეტების განუყოფელი ნაწილია, სადაც მომხმარებლებს „სმარტის“ საწარმოსა თუ საცხობების უგემრიელესი საკონდიტრო ნაწარმის, პურ-ფუნთუშეულისა და სხვა გამომცხვარი პროდუქტების დაგემოვნება კომფორტულ გარემოში შეუძლიათ.

„ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტი” ქსელის განვითარებას საწყის ეტაპზე შერჩეულ ფორმატში, ავტო და გაზ-გასამართ სადგურებზე და ავტობანებზე განაგრძობს.

Share