Home » საზოგადოება » სილაგავა – პრობლემა არ არსებობს არც მარაგების და არც პურ-პროდუქტებზე ფასის მხრივ

სილაგავა – პრობლემა არ არსებობს არც მარაგების და არც პურ-პროდუქტებზე ფასის მხრივ

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას განცხადებით, ხორბლის იმპორტი, ხორბლის ადგილობრივი წარმოება, წისქვილკომბინატები და პურის ქარხნები სტაბილურად მუშაობს და პრობლემა არ არსებობს არც მარაგების, არც პურ-პროდუქტებზე ფასის მხრივ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროში შეხვედრა გაიმართა იმპორტიორ და სადისტრიბუციო კომპანიებთან, რომლებიც ქვეყანას სასურსათო და პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქციით ამარაგებენ.

უწყების ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბიზნესსექტორის წარმომადგენელებისგან პირადად მოისმინა ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი ლევან კაკავა და ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი.

როგორც საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა აცხადებს, ქვეყანაში მარაგების მხრივ მდგომარეობა სტაბილურია.

„ქვეყანაში ხორბლის საკმაოდ სერიოზული მარაგებია, დაახლოებით ორი თვის. მინდა ვთქვა, რომ დღეს იცლება ბათუმში ორი გემი, ერთი გემი იცლება ფოთში, გზაში არის ასევე გემები. ამასთან, ხორციელდება რკინიგზით ხორბლის შემოტანა. აქედან გამომდინარე, ფქვილი, როგორც ხორბლის გადამუშავების პროდუქტი, ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს, ფასთან მიმართებაში – არის სტაბილური ფასი, რომელიც გადადის პურის ფასში და შესაბამისად, პურის ფასიც არის სტაბილური“, – განაცხადა ლევან სილაგავამ.

ამასთან, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით: ხორბლის იმპორტი, ხორბლის ადგილობრივი წარმოება, წისქვილკომბინატები და პურის ქარხნები, – ეს ჯაჭვი სტაბილურად მუშაობს და ქვეყანაში პრობლემა არ არსებობს როგორც მომარაგების, ისე პურპროდუქტებზე ფასის მხრივ.

Share