Home » საზოგადოება » „სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ რამდენიმე ცვლილება განხორციელდება“
„სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ რამდენიმე ცვლილება განხორციელდება“

„სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ რამდენიმე ცვლილება განხორციელდება“

სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ რამდენიმე ცვლილება განხორციელდება, – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მარიანა მორგოშიამ განაცხადა.

მარიანა მორგოშიას განმარტებით, იმისთვის, რომ პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკიდან გაცემული სესხი მაქსიმალურად ეფექტურად მოხმარდეს პროგრამის მიზნებს, წარმოების გაზრდას და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის სტიმულირებას, შეიზღუდება გაცემული სესხით უძრავი ქონების შეძენა, ან კომპანიების აქციების/წილების შეძენა და მართვაში აღება.

მისივე თქმით, სესხი მოხმარდება მხოლოდ საწარმოო ტექნოლოგიების განვითარებას და ძირითად საშუალებებში ინვესტირებას.

ამასთან, როგორც მარიანა მორგოშიამ განმარტა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უცხოურ ვალუტაში აღებული კრედიტის რეფინანსირება შესაძლებელი იქნება იმავე უცხოურ ვალუტაში, თუ ბანკი პროგრამის ბენეფიციარს შეუმცირებს სესხის წლიურ პროცენტს, მაგრამ არ გაიზრდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ პროცენტის თანადაფინანსების თანხა და თანადაფინანსების თავდაპირველი ვადა.

„გარდა ამისა, თუ პროგრამის ბენეფიციარი უკვე არსებულ სესხთან ერთად აიღებს პარალელურ კრედიტს, ამ კრედიტისთვის პროცენტის თანადაფინანსებაში და უზრუნველყოფაში თანამონაწილეობის ვადის ათვლა დაიწყება ახლიდან და არ იქნება მიბმული პირველ სესხზე, როგორც ეს ამჟამად არის. ამ ცვლილებით ბენეფიციარები შეძლებენ, რომ ყველა სესხზე (რომელიც ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 5 000 000 ლარს) ისარგებლონ სააგენტოს მიერ პროცენტის თანადაფინანსების ინდივიდუალური გრაფიკით, რაც კიდევ უფრო გაზრდის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამით მეწარმეების დაინტერესებას და მეტ სტიმულს მისცემს ქვეყანაში ეკონომიკურ აქტივობებს“, – განაცხადა მორგოშიამ.

მისივე თქმით, შესაძლებელი ხდება კრედიტისა და ლიზინგის კომპონენტის ერთდროულად სარგებლობა.

როგორც მორგოშიამ აღნიშნა, პროგრამის ინდუსტრიული, სასტუმროს ინდუსტრიისა და ლიზინგის ნაწილის ბენეფიციარი ვეღარ იქნება მეწარმე, რომელმაც ერთხელ უკვე ისარგებლა პროგრამით განსაზღვრული ლიმიტით.

გარდა ამისა, მარიანა მორგოშიას განცხადებით, სასტუმროს საერთაშორისო ბრენდის გამოყენებისას (ფრენშაიზინგი), შესაძლებელი იქნება სააგენტოსთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გადახდილი საფასურის დაფინანსება (არაუმეტეს საქმიანობის დაწყებიდან 24 თვისა, არსებული რედაქციით ფრენშაიზინგის საფასურის დაფინანსება შესაძლებელია სააგენტოსთან ხელშეკრულების გაფორმებამდე არსებულ გადახდებზეც). ამასთან, მისივე თქმით, მთავრობა აღარ იქნება უფლებამოსილი, ფრენშაიზიგნისას პროგრამის ბენეფიციარზე გასცეს პროგრამით გათვალისწინებულ მაქსიმალურ თანხაზე მეტი (წელიწადში 300 000 ლარი).

მისივე თქმით, იმ პროექტებზე, რომლებიც საჭიროებენ მთავრობის გადაწყვეტილებას პროგრამით განსაზღვრული დაფინანსების ოდენობის გასაზრდელად (სესხი, ლიზინგი დაკინოინდუსტრიის ნაწილში კვალიფიციური ხარჯი), ცვლილების შედეგად, ეკონომიკის მინისტრი დაადგენს კრიტერიუმებს, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელი იქნება მთავრობისათვის საკითხის წარსადგენად.

ასევე, მორგოშიას თქმით, 2%-ით იზრდება პროგრამით დადგენილი საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრები სალიზინგო კომპანიებისთვის; ზუსტდება პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული კონტრაქტორის შერჩევის კრიტერიუმები – აუცილებლად გასათვალისწინებელი ხდება საპროექტო წინადადებების ბიუჯეტის კომპონენტი.

როგორც მორგოშიამ აღნიშნა, პროგრამაში ცვლილება შედის კინოინდუსტრიის ნაწილშიც, კერძოდ, აქამდე ტელე ან მინისერიალის, სარეკლამო და მუსიკალური ვიდეორგოლის საქართველოში გადაღებით დაინტერესებული პირი სააგენტოსგან დაფინანსებას იღებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი თავის პროდუქციის დისტრიბუციას განახორციელებდა საქართველოს გარდა, მინიმუმ სამ ქვეყანაში. მოროგოშიას განცხადებით, ეს რიცხვი მცირდება და აღნიშნული ვიდეოპროდუქციის გადაღების მსურველი დაფინანსებას მიიღებს იმ შემთხვევაშიც, თუ იგი პროდუქციის დისტრიბუციას მოახდენს ერთ რომელიმე სხვა ქვეყანაში.

„ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მაღალბიუჯეტიანი რეკლამების გადაღების პროცესის სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოში გადმოტანას და გაზრდის პროექტის მიმზიდველობას“, – განაცხადა მორგოშიამ.

Share