Home » ფინანსები » სახელმწიფო კომპანიების ზარალი წლიდან წლამდე იზრდება

სახელმწიფო კომპანიების ზარალი წლიდან წლამდე იზრდება

უკანასკნელი მონაცემებით, სახელმწიფოს საკუთრებაში 200-ზე მეტი საწარმოა. სახელმწიფო საწარმოები გვხვდებიან, თითქმის ყველა სექტორში. სახელმწიფოს კუთვნილი საწარმოები არიან ისეთ ეკონომიკურ სექტორებში როგორებიცაა, ლოჯისტიკა, გადაზიდვები კომუნალური მომსახურება და სახვა. თუმცა, ამ საწარმოების მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ მათი უმრავლესობა წამგებიანია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს საწარმოები მუშაობენ ბიუჯეტის ხარჯზე და არამც თუ მოგებაზე გადიან, არამედ მათი საქმიანობა და ფუნქციონირება, წლიდან წლამდე ბიუჯეტის სუბსიდიით ფინანსდება. ერთად გავაანალიზოთ თუ რა არის, ამის მთავარი მიზეზი და რამდენს აღწევს კომპანიების ზარალიანობა წლიდან წლამდე.

სახელმწიფო კომპანიების ზარალი

დეტალურად რომ გავშალოთ, სახელმწიფოს საკუთრებაში სულ 236 საწარმოა, ეს საწარმოები ოპერირებენ, ჯანდაცვის, სოციალური დახმარების, კომუნალური და პერსონალური მომსახურების გაწევის, უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევის სფეროებში. სახელმწიფო კომპანიები, ასევე, გვხვდებიან ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში, ელექტროენერგიისა და წყლის წარმოება მომარაგების სექტორებში. ამ საწარმოების უმრავლესობას “საპარტნიორო ფონდი” აერთიანებს. შესაბამისად, “საპარტნიორო ფონდის” ზარალიც კოლოსალურია, მაგალითად 2018 წელს ამ ფონდის ზარალმა 600 მლნ ლარს გადააჭარბა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

თუმცა, საკმაოდ მაღალი და რაც მთავარია მზარდია, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სხვა კომპანიების ზარალიც. ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე, საკმაოდ აქტუალურია “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია”. ეს სწორედ ის კომპანიაა, რომელმაც გუდაურსა და ბაკურიანში, ტურისტულ სეზონზე რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ მოახერხა წყლის მიწოდების უზრუნველყოფა. რასაც მოგვიანებით კომპანიის დირექტორის თანამდებობაც შეეწირა. ასეთ რეალობაში გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვით, რომ სწორედ “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაა”, სახელმწიფო ზარალიანი კომპანიების მებაირახტრე.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

იმის მიუხედავად, რომ მსხვილი ქალაქების გარდა, სახელმწიფო კომპანია მთელ საქართველოს ამარაგებს წყლით, კომპანია ამის მიუხედავადაც წამგებიანია. მაგალითად, თუ “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანის” ზარალი 2012 წელს 3.8 მლნ აღწევდა, 2013 წელს მისი ზარალი 13.7 მლნ ლარამდე გაიზარდა. 2014 წელს კომპანიის ზარალმა, თითქმის 28 მლნ მიაღწია. 2015 წელს კი ზარალი თითქმის 3- ჯერ გაიზარდა და 78 მლნ გადასცდა. 69-63 მილიონიანი ზარალებით დაამთავრა კომპანიამ 2016 – 2017 წლები. 2018 წელს კი კომპანიის ზარალი 40 მილიონს ლარს შეადგენდა.

თუმცა, აღნიშნული დინამიკით მხოლოდ “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია” არ ხასიათდება. მაგალითად, უკვე რამდენიმე წელია, წელს ზარალით ამთავრებს, ს.ს “საქართველოს რკინიგზა”, რომლის ზარალმაც გასულ წელს თითქმის 700 მლნ-ს მიაღწია. 102 მლნ ზარალით დაასრულა წელი, შპს “მარაბდა კარწახის რკინიგზამ”, თითქმის 53 მლნ ზარალი ნახა “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამაც”. საგულისხმოა ისიც, რომ 2018 წელს უმსხვილესი 67 სახელმწიფო კომპანიის მთლიანმა ვალდებულებებმა მშპ-სთან მიმართებით 18.5% შეადგინა.

რაც შეეხება საერთო სურათს, 2013 წელს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიების საერთო ზარალმა 45 მლნ ლარი შეადგინა, 2014 წელს ეს რიცხვი 61 მლნ -მდე გაიზარდა, 2015 წელს 757 მლნ -ს გაუტოლდა, 2016 წელს – 2015 წელთან შედარებით მცირედით შემცირდა ზარალიანობა და 437 მლნ შეადგინა, 2017 წელს კი, ისევ გაიზარდა 562 მლნ- მდე. 

ამ რეალობიდან გამომდინარე კიდევ უფრო გაუგებარი ხდება ამ კომპანიების ხელმძღვანელების შრომის ანაზღაურება, რომელიც წლიდან წლამდე მზარდია. მაგალითად, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის ხელფასმა ჯერ კიდევ 2016 წელს გადააჭარბა 400 000 ლარს. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ საგანელიძეს ქონებრივ დეკლარაციაში მიღებული ხელფასის შესაბამისი გრაფის შევსება უბრალოდ “გამორჩა”, მისი გადახდილი საშემოსავლო გადასახადის მონაცემებით, მარტივად შეიძლება იმის დათვლა, რომ დავით საგანელიძემ 2016 წლის განმავლობაში თანამდებობრივი ანაზღაურების სახით 404 250 ლარი მიიღო, რაც თვეში საშუალოდ 33 687  ლარს ნიშნავს.

საერთაშორისო შეფასებები და სახელმწიფო კომპანიებზე

სწორედ მსგავსი შეუსაბამობების გამო ჯერ კიდევ 2017 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) საქართველოს მთავრობას საპარტნიორო ფონდთან დაკავშირებით, კონტროლის გამკაცრებისკენ მოუწოდა. “საქართველოს მთავრობამ უნდა შეზღუდოს და მონიტორინგი გაუწიოს საპარტნიორო ფონდის ბალანსს”, – აღნიშნული იყო სავალუტო ფონდის რეკომენდაციაში.

თუმცა, საერთაშორისო ორგანიზაციების გარდა, სახელმწიფო კომპანიებში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც. მაგალითად, სახელმწიფო კომპანიების არასაკმარის გამჭვირვალობაზე და ანგარიშვალდებულებაზე ხაზგასმით არის საუბარი, სახელმწიფო აუდიტის მიერ 2015 წელს განხორციელებულ სახელმწიფო საწარმოების მართვის და განკარგვის ეფექტიანობის აუდიტში. სადაც აღნიშნულია, რომ არსებული სისტემები საზოგადოებას არ აძლევს საშუალებას შეაფასოს სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობა და დაინახოს, აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემები.

ზემოთ მოყვანილ გარემოებებს კი მმართველი გუნდი პრაქტიკულად ვერაფერს უპირისპირებს. წამგებიანი საწარმოების ტოპ-მენეჯმენტის ანაზღაუება ისევ მსუყეა, ეს კომპანიები ისევ გადასახადის გადამხდელთა თანხებით აგრძელებენ ოპერირებას და ამ პრობლემების მოგვარების კონკრეტული გზებიც ისევ არ ჩანს.

პაატა თურქია

Share