Home » ფინანსები » ”კორონავირუსის გამოწვევის ფონზე, საბანკო სექტორი მზადაა მომხმარებელს ყველა სერვისი დისტანციურად მიაწოდოს”

”კორონავირუსის გამოწვევის ფონზე, საბანკო სექტორი მზადაა მომხმარებელს ყველა სერვისი დისტანციურად მიაწოდოს”

საჭიროების შემთხვევაში, საბანკო სექტორი მოსახლეობას დისტანციურად ყველა სერვისს შეუფერხებლად მიაწვდის

ქვეყანაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით ხელისუფლებამ არაერთი რეკომენდაცია გამოაქვეყნა. მიმდინარე პროცესები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქართული ბიზნესისა და საფინანსო სექტორის გამართულ ფუნქციონირებაზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდოს ის სერვისი თუ მომსახურება რაც საჭირო გახდება არსებულ რეალობაში.

რამდენად მომზადებული შეხვდა საბანკო სექტორი კორონავირუსს, რამდენად მარტივად და ეფექტურად მოხდება დისტანციური არხებით კლიენტებისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვანი სერვისის მიწოდება ბანკების მხრიდან, რა გავლენას მოახდენს საბანკო რეგულაციების შერბილება საფინანსო სექტორზე და მსესხებლებზე, –  ამ და სახვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ”ბანკები და ფინანსებს” საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე ესაუბრა.

ბატონო ალექსანდრე, პირველ რიგში რომ გვითხრათ, რამდენად მომზადებული შეხვდა საბანკო სექტორი კორონავირუსს?

– საბანკო სექტორი ერთ–ერთი პირველი იყო, რომელიც გამოეხმაურა  იმ გამოწვევებს, რომელიც დადგა დღის წესრიგში კორონავირუსთან დაკავშირებით და ამ ყველაფერზე მოახდინა ოპერატიული რეაგირება. საბანკო სექტორში  საკმაოდ დიდი ხნის წინ პრაქტიკულად უკვე არსებობდა ყველა ის დისტანციური სერვისი, სტრესტესტი თუ ბიზნესუწყვეტობის უზრუნველყოფის პროცედურები რაც აუცილებელი გახდა მიმდინარე ეტაპზე. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არსებული გამოწვევა მაინც განსხვავებული იყო აქამდე არსებულისგან.

შემიძლია ვთქვა, რომ საბანკო სექტორმა არამხოლოდ სრული მზაობა გამოხატა მიმდინარე პროცესებზე, არამედ მისი მომხმარებლებისთვის ყოველთვიური გადასახადების წნეხის შესამცირებლად მსესხებლებს სამთვიანი საშეღავათო პერიოდი ოპერატიულად შესთავაზა. დამიჯერეთ, ამ ნაბიჯის გადადგმა არ იქნებოდა მარტივი  სექტორი, რომ არ ყოფილიყო მზად კონკრეტული გამოწვევისთვის. კომერციულმა ბანკებმა მომდევნო სამი თვის განმავლობაში პრაქტიკულად იმ შემოსულობებზე თქვა უარი, რაც უზრუნველყოფდა ამ პერიოდში ბანკების მეტ ლიკვიდობას. ეს იყო მიმდინარე პროცესებზე ადეკვატური პასუხი და საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობის მაჩვენებელია საბანკო სექტორის მხრიდან.

უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ 3 თვიან საშეღავათო პერიოდთან დაკავშირებით, აღნიშნული გადავადება გულისხმობს ამ პერიოდში გადასახდელი თანხების შემდეგ პერიოდზე გადანაწილებას. არსებობს ორი ფორმის შეთავაზება – შეიძლება ეს დავალიანება გადანაწილდეს არსებულ ვადაზე, ან ვადის დაგრძელებით მოხდეს აღნიშნული თანხის გადანაწილება. ვადის გაგრძელება მოხდა იქიდან გამომდინარე, რომ მაქსიმალურად შეემსუბუქებინათ მსესხებლებისთვის ის წნეხი რაც ყოველთვიური გადასახდელის ზრდით შესაძლოა იყოს გამოწვეული. ბანკებმა მოახერხეს, რომ მაქსიმალურად მიუახლოვდეს ყოველთვიური გადასახდელი აქამდე არსებულს. რა თქმა უნდა, აღნიშნული გადავადება გამოიწვევს კლიენტისთვის გადასახდელი თანხის მცირედით ზრდას, იქიდან გამომდინარე, რომ ამ სამი თვის განმავლობაში არ მოხდება კლიენტის მხრიდან ძირი თანხის შემცირება. მაგრამ წლიური საპროცენტო განაკვეთი რჩება იგივე მოცულობის და ბანკებმა აღნიშნული გადავადება საკომისიო ან სხა თანხებით არ დატვირთეს.

თუკი ქვეყანაში დადგება უფრო ფორსმაჟორული სიტუაცია და ბანკებს მოიწევთ თანამშრომლების დროებით დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა, რამდენად მზად არის საბანკო სექტორი iმისათვის, რომ ყველა მომსახურება შეუფერხებლად მიაწოდონ კლიენტებს?

– უპირველეს ყოვლისა,  უნდა აღინიშნოს, რომ საბანკო სექტორი არამარტო მომხმარებლების, არამედ თანამშრომლების კუთხითაც სრულ მზადყოფნაში შეხვდა აღნიშნულ გამოწვევას. ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ,  ყველა ბანკში დაიწყო სადეზინფექციო სამუშაოები, ადგილზე განთავსდა სადეზინფექციო სითხეები, მომხმარებელს მიეწოდა სრული ინფორმაცია დისტანციურ მომსახურებასთან დაკავშირებით და მაქსიმალურად ცდილობს სექტორი, რომ უზრუნველყოს მისი თანამშრომლების უსაფრთხოება და გადაიყვანოს ისინი როგორც დისტანციურ მუშაობაზე, ასევე ფილიალებში მაქსიმალურად ხდება ყველა იმ რეკომენდაციის გათვალისწინება რაც მთავრობის მიერ არის გაცემული.

რაც შეეხება მომსახურების სერვისებს – პრაქტიკულად ყველა ბანკს აქვს უკვე დისტანციური სერვისები დანერგილი. ბუნებრივია ზოგს უფრო მეტი სერვისის შეთავაზება შეუძლია და ზოგს შედარებით ნაკლების, მაგრამ ინტერნეტბანკის და სატელეფონო მომსახურების საშუალებით პრაქტიკულად კლიენტს შეუძლია ყველა მომსახურება მიიღოს შეუფერხებლად.  ბაზარზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ფაქტობრივად ბანკის ყველა მომხმარებელს აქვს პლასტიკური ბარათი და მათ ამ  ბარათების საშუალებით  შეუძლიათ, რომ ყველა სერვისი მიიღონ, როგორც ბანკში, ასევე დისტანციურად.

რაც შეეხება სების გადაწყვეტილებას საბანკო რეგულაციების შერბილებასთან დაკავშირებით,  როგორ შეაფასებდით ეროვნული ბანკის ამ ნაბიჯს და კონკრეტულად რას გულისხმობს რეგულაციების შერბილება?

– საბანკო რეგულაციების ამოქმედებისთანავე იყო საუბარი, რომ შესაძლოა მისი შერბილება მომხდარიყო, ასევე 2 თვის წინ დაანონსდა, რომ  ცვლილების შერბილება იგეგმებოდა.  შესაბამისად, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობდით, როგორც ეროვნულ ბანკთან ასევე მთავრობასთან და  გვქონდა სრული მხარდაჭერა, რომ ეს ცვლილებები შესულიყო ძალაში. ამავდროულად, მნიშვნელოვანი იყო, რომ მიგვეღო ისეთი ცვლილებები, რომელიც რეალურ ეფექტს გამოიღებდა ფიზიკური პირების დაკრედიტებასთან მიმართებაში.

 საბოლოო ჯამში, უნდა ითქვას, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა ძალაში. აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ფუნდამენტურად რეგულაცია არ შეცვლილა. თუ შევადარებთ ჩვენ არსებულ ცვლილებებს 2018 წლის რეგულაციებს დავინახავთ, რომ ისევ არსებობს ჩარჩოები რომლის მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელონ არამარტო ბანკებმა, არამედ ყველა საფინანსო ინსტიტუტმა. ძალაში რჩება ვადის შეზღუდვა და კონკრეტული კოეფიციენტების შეზღუდვა. ფუნდამენტური პრინციპი, რომ ეს რეგულაცია ემყარება კლიენტის შემოსავლის შესწავლის მეთოდს  რჩება ძალაში და  შესაბამისად პრინციპი უცვლელია.

რაც შეეხება მიღებულ ცვლილებებს, ეს განხორციელდა რამდენიმე მიმართულებით – იპოთეკურ სესხთან მიმართებაში გაიზარდა ვადა 15–დან 20–წლამდე, ასევე გაიზარდა შუალედები. სხვადასხვა შემოსავლის პირებზე იყო ოთხი შუალედი, ახლა კი რჩება მხოლოდ ორი შუალედი. ამან საკმაოდ გაზარდა შემოსავლის ფონზე ყოველთვიური გადახდის კოეფიციენტი რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებაა და გასულ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუამარტივებს იმ სერვისის მიღებას კლიენტებს რაც მათ სჭირდებათ. შესაბამისად, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2019 წელთან შედარებით, მიმდინარე წელს მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვნად გაიზრდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა.

ესაუბრა გიორგი კაპანაძე

Share