Home » ფინანსები » საწვავზე ფასების შემცირების მაგივრად კომპანიები ფასის გაზრდაზე საუბრობენ

საწვავზე ფასების შემცირების მაგივრად კომპანიები ფასის გაზრდაზე საუბრობენ

რატომ არ შემცირდა საწვავზე ფასები ლარის გამყარების მიუხედავად


ბოლო რამდენიმე თვეა საწვავის ფასი საქართველოში, თითქმის არ შეცვლილა. იმის მიუხედავად, რომ ამ პერიოდში როგორც ადგილობრივ ეკონომიკაში, ისე გლობალურ ბაზრებზე მრავალი ცვლილება მოხდა, ეს ადგილობრივ საწვავის ბაზარზე პრაქტიკულად არ ასახულა. მეტიც ბოლო პერიოდში ირანისა და აშშ-ს დაძაბული მდგომარეობის გამო, ადგილობრივი მსხვილი იმპორტიორები საწვავის ფასის მატებაზეც ალაპარაკდნენ. ერთი შეხედვით ეს ლოგიკურიცაა, თუ ბოლო კვირებში რამდენიმე დოლარით გაძვირებულ ნავთობის ფასს შევხედავთ. თუმცა, საინტერესოა რა მდგომარეობაა სინამდვილეში და რამდენად არსებობს საბაზრო და ობიექტური საფუძველი საწვავზე ფასების გასაზრდელად.


იმის გასაგებად, თუ რა ხდება სინამდვილეში ბოლო 2 თვის მონაცემები ქრონოლოგიურად გავაანალიზოთ და შევხედოთ ყველა იმ პარამეტრს, რომელსაც ზეგავლენის მოხდენა შეუძლია საწვავის ფასზე.


მთავარი ფაქტორი რომელზეც ობიექტურად პირდაპირ ვართ დამოკიდებულები, არის ნავთობის ფასი. თუ 2019 წლის დეკემბრის მონაცემების მიმოვიხილავთ დავინახავთ, რომ დეკემბერში მცირედით ნამდვილად იზრდებოდა ბარელის ბასი. კერძოდ, მთელი დეკემბრის განმავლობაში ჭთI-ის ნავთობის ფასმა 3 დოლარით მოიმატა. ეს მართალია მიზერული ფასის მატებაა და ადგილობრივ ბაზარზე საწვავზე ფასის გასაზრდელად არასაკმარისი არგუმენტია, თუმცა როგორც მინიმუმ, ასეთ რეალობაში ვერც ფასები შემცირდებოდა ადგილობრივ ბაზარზე, რომ არა მეორე, ასევე მთავარი გარემოება, ეროვნული ვალუტის კურსი.


საქმე ის გახლავთ, რომ ზემოთ ხსენებულ პერიოდში, ადგილობრივ ბაზარზე სახეზე გვქონდა ეროვნული ვალუტის შეუქცევადი გამყარება. საერთო ჯამში კი ეროვნულმა ვალუტამ პოზიციები 15 პუნქტით გაიუმჯობესა, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ნახტომია.


კერძოდ თუ ნოემბრის ბოლოს 1 დოლარი 2.98 ლარად ივაჭრებოდა, დეკემბრის თვეში 1 დოლარის ღირებულება 2.83 ლარს აღარ აჭარბებდა. ცხადია ლარის ასეთი დოზით გამყარებას გაცილებით უფრო დიდი ეფექტი ჰქონდა და გადაფარა კიდეც ბარელის 3 დოლარიანი გაძვირება, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე მსხვილ იმპორტიორებს ფასები თითქმის არ დაუკორექტირებიათ, თუ არ ჩავთვლით 5 თეთრიან შემცირებას, რომელიც დეკემბრის მიწურულს განხორციელდა და რომელიც, მხოლოდ კომპანიების ნაწილმა განახორციელა.


ფასების შემცირება, რომ გაცილებით მეტად იყო შესაძლებელი, ამას ცხადყოფს არაბრენდირებული კომპანიების საფასო პოლიტიკაც. რომლებმაც ფასები საშუალოდ 10-15 თეთრით შეამცირეს ლიტრზე. მეტიც ფასები შემცირდა ბრენდირებული კომპანიების საკუთრებაში არსებულ, არაბრენდირებულ ა/გ-ც.
მაგალითად, თუ ამავე პერიოდში კომპანია “სოკარის" ბრენდირებულ სადგურებზე საფასო პოლიტიკის ცვლილებას ადგილი არ ქონია,სოკარის~ არაბრენდირებულ სადგურებზე ყველა ტიპის საწვავის ფასი შემცირდა. ცხადია ამას კომპანია ვერ გააკეთებს და ვერც არაბრენდირებულ სადგურზე წაგებაზე ვერ გაყიდის პროდუქტს, თუ რეალურად საბაზრო პრინციპები, ამის საშუალებას არ აძლევს.


მეტი თვალსაჩინოებისთვის შეგვიძლია კიდევ ერთ სტატისტიკას გადავავლოთ თვალი და ვნახოთ, თუ როგორ იქცეოდნენ კომპანიები ფასის მატების დროს და რამდენპუნქტიანი ვალუტის ცვლილებაზე რეაგირებდა, მათი საფასო პოლიტიკა ფასის ზრდის მიმართულებით.


მაგალითად, ივლისის თვეში ეროვნული ვალუტა სულ 3 თეთრით გაუფასურდა, თუმცა ბრენდირებული კომპანიებისთვის ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რათა საწვავზე ფასები 5-7 თეთრით გაეზარდათ. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ამავე პერიოდში საშუალოდ 4 დოლარით შემცირდა ბარელის ფასი გლობალურ ბაზრებზე.


თუმცა როგორც ვახსენეთ არსებულ სიტუაციაში კომპანიები უკვე საწვავის ფასის გაზრდასაც განიხილავენ, რომ არაფერი ვთქვათ შემცირებაზე. ზემოთ მოყვანილი გარემოებები ნათლად აჩვენებს, რომ კომპანიებს შეძლოთ საწვავზე ფასების შემცირება, თუმცა არსებული არაკონკურენტული გარემოს გამო მათ ამის აუცილებლობას ბაზარი არ უყენებდა და ფასები საწვავზე პრაქტიკულად უცვლელი დატოვეს.


რაც შეეხება დღეს არსებულ მდგომარეობას სიტუაცია დღეს ბევრად უფრო სტაბილურია, ვიდრე მაგალითად 2019 წლის მიწურულს. მაგალითად თუ გასული წლის მეორე ნახევარში ეროვნულ ვალუტას გაუფასურების ტრენდი ეჭირა, დეკემბრის მეორე ნახევრიდან დღემდე, კურსი სტაბილურია და როგორც მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმისთვისაა დამახასიათებელი, საკუთარ დერეფანში მოძრაობს, რომელიც 2.88 ლარიან ნიშნულს არ აღემატება. ეს კი ლარისთვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პოზიციაა 2019 წლის მდგომარეობასთან შედარებით, რაც კომპანიებს საკმაოდ ოპტიმალურ მდგომარეობაში აყენებს, თუმცა საწვავის ფასებზე ეს პოზიტიური მდგომარეობა არ მოქმედებს.


მნიშვნელოვანია ნავთობის ფასის უკანასკნელი მდგომარეობაც, რომელიც ასევე ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. კერძოდ, ბოლო ერთი კვირაა ბირჟებზე ნავთობი მნიშვნელოვნად იაფდება და ბარელის ფასი უკვე 4 დოლარით არის შემცირებული. ასეთ რეალობაში გაუგებარია რა პარამეტრებზე დაყრდნობით განიხილავენ კომპანიები საწვავზე ფასების მატებას.


თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს რიგი გარემოებები, რომელიც საწვავის ბაზარზე წლების განმავლობაში მიმდინარეობს. ამ მიმართულებით თვალსაჩინოა მაკონტროლებლის მიერ, ნავთობის ლობის წინააღმდეგ გამოჩენილი სისუსტე. საუბარია კონკურენციის სააგენტოს მეორად დასკვნამდე, რომლის თანახმადაც კონკურენციის სააგენტომ 18.5 -ჯერ შეუმცირა კომპანიებს საჯარიმო სანქცია. თუმცა არავის განუმარტავს თუ რის საფუძველზე იქნა დაშვებული ეს ამნისტია კომპანიებისთვის. იმდენად, რამდენადაც კონკურენციის სააგენტოს მომზადებული მეორადი დასკვნა, არსებითად არ განსხვავდებოდა პირველადი დასკვნიდან და დარღვევები, რომელზეც კომპანიები სავსებით სამართლიანად დაჯარიმდნენ, მეორად დასკვნაშიც თითქმის უცვლელი სახით გვხვდებიან.


საგულისხმოა ისიც, რომ კონკურენციის სააგენტოს ახალი ხელმღვანელი ჰყავს, რომელმაც მთელს საზოგადოებას ცოტახნის წინ მისცა პირობა, რომ სააგენტო დაარეგულირებდა ნებისმიერ ბაზარს, სადაც კონკურენციის კანონმდებლობის გადაცდომას ექნებოდა ადგილი, თუმცა ჯერ-ჯერობით, სააგენტო საწვავის ბაზრით დაინტერესებას არ აპირებს.


პეტრე ლეკიშვილი

Share