Home » ეკონომიკა » საქართველო, შესაძლოა, ნავთოროდუქტების ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს

საქართველო, შესაძლოა, ნავთოროდუქტების ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს

 საქართველო, შესაძლოა, ნავთოროდუქტების ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს. საუბარია ყულევში მაღალტექნოლოგიური გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე, ლიდერი კომპანიების მონაწილეობით (Axens, Tecnicas Reunidas, Royal dutch Shell).

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამოქმედებით, საქართველო, იმპორტიორებიდან, ექსპორტიორ ქვეყნებში უნდა გადაინაცვლოს.

ყულევის ქარხნის მშენებლობის დაწყება 2021 წლისთვის იგეგმება და 3 წელში უნდა დასრულდეს. 5 წლის შემდეგ, როცა ქარხანა სრული სიმძლავრით ამოქმედდება, საგადასახადო შეღავათები მოიხსნება და წინასწარი გათვლებით, სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად მიახლოებით $50-60 მილიონს მიიღებს.

პროექტის ინვესტორი კომპანია “ფაზის ოილია”. ინვესტიციის მოცულობა 1.2 მილიარდი დოლარი იქნება.

“დაახლოებით წელიწადი და 8 თვე დაგვჭირდა იმისათვის, რომ შეგვესწავლა მთლიანად ეკოლოგიური საკითხები. პროექტი აბსოლუტურად უსაფრთხო იქნება. ჩვენი გათვლებით ნავთობის ფასი საქართველოში, პროექტის განხორციელების შემდგომ 15-20%-ით დაიკლებს”, – აცხადებს “ფაზის ოილის” გენერალური დირექტორი გია შავდია.

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის, ლევან დავიტაშვილის თქმით, საწარმოს მიმართ საკმაოდ მაღალი მოთხოვნები აქვთ.

“ამ პროექტის მიხედვით, სადაც არის ჩართული და წარმოდგენილი მსოფლიოს ყველაზე წამყვანი კომპანიები, როგორიც არის Royal dutch Shell-ი, იგეგმება თანამედროვე, ყველაზე მაღალი სტანდარტების მქონე საწარმოს მშენებლობა. საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები გვაქვს და შესაბამისად, კომპანიას ეს გათვიცნობიერებული აქვს. მხოლოდ ეკოლოგიურად უმაღლესი სტანდარტების საწარმოს მშენებლობა და მოწყობაა გათვალისწინებული”, – აცხადებს მინისტრი.

სანდრო პირველი

Share