Home » ფინანსები » საქართველო პანდემიას სამაგალითოდ გაუმკლავდა, მაგრამ ეროვნული ვალუტა მაინც “დაინფიცირდა”

საქართველო პანდემიას სამაგალითოდ გაუმკლავდა, მაგრამ ეროვნული ვალუტა მაინც “დაინფიცირდა”

სომხეთსა და აზერბაიჯანში, სადაც ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ძალიან რთული ვითარებაა, სავალუტო რყევა არ დაფიქსირებულა

ქართულ ლარს სულ უფრო მეტად უჭირს. პანდემიის პირობებში, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ეროვნული ვალუტა ერთ-ერთ ურთულეს ვითარებაში აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მეზობელ ქვეყნებში, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, საქართველოსთან შედარებით, ბევრად რთული სიტუაციაა, ლარი მაინც ყველაზე მძიმე დღეშია. 

ასე ხდებოდა ყოველთვის. კრიზისული ვითარების დროს ქართულ ვალუტას ყველაზე მეტად უჭირდა. მაშინ, როდესაც მეზობელი ქვეყნების ფული მყარდებოდა, ლარი უფასურდებოდა და ანტირეკორდებსაც ამყარებდა. 

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ინფორმაციით, ლარი მაღალი მერყეობით პანდემიის გავრცელებამდეც ხასიათდებოდა და კორონავირუსის ეფექტმა უფრო მნიშვნელოვნად შეასუსტა მისი პოზიციები. 

„მარტში ლარი რეკორდულად, 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი და უკრაინული გრივნა აშშ დოლართან მიმართებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 20%-ით არის შემცირებული რუსული რუბლი, თურქული ლირა, დაახლოებით, 16%-ით, სომხური დრამი, აზერბაიჯანული მანათის რყევის დიაპაზონი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს“, – აღნიშნულია მიმოხილვაში.

გარდა ამისა, დოკუმენტში წერია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, ინფლაცია განსხვავებულად შეეხება რეგიონის სხვადასხვა ქვეყანას.

„სამომხმარებლო კალათის ფასების ზრდა საგრძნობი იქნება თურქეთში, სადაც ინფლაცია 12%-მდე გაიზრდება. საქართველოსა და უკრაინაში კი ინფლაციის მაჩვენებელი 5%-ს მიუახლოვდება. რუსეთსა და აზერბაიჯანში დაახლოებით 3%-იანი ინფლაციაა ნავარაუდევი. სომხეთს რეგიონში ინფლაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ექნება და ის 1%-ის ქვემოთ დარჩება“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ქართული ლარი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე არამყარი ვალუტაა. საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი, ფინანსისტი ნიკა შენგელია მიიჩნევს, რომ გაცვლითი კურსი ძალიან მეყრეობს და თუ ის 3.30-იან ნიშნულს გადასცდა, პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასების ხელახალი გადაანგარიშება მოგვიწევს. 

“ჩვენ, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, სხვაგვარი სურათი გვაქვს. წინა და ეს ხელისუფლება გადაჭარბებით ასრულებდა რეკომენდაციებს, რომ ტურიზმი საქართველოში ყოფილიყო წამყვანი სექტორი. ამან გარკვეული დაღი დაგვასვა კრიზისის დროს. წელს, შარშანდელთან შედარებით, ტურისტული შემოსავლები მკვეთრად შემცირდება, მინიმუმ – 50%-ით.

რა თქმა უნდა, დაიკლებს ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი თანხებიც. ჩემი ვარაუდით, მთლიანად წლიურ ჭრილში, ტრანზაქციების მოცულობა ჯამურად შემცირდება 38-48%-ის ფარგლებში. 

სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ ქართული ლარი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე არამყარი ვალუტაა და კურსი ძალიან მერყეობს. ბოლო პერიოდში ლარმა მაღალ ნიშნულს მიაღწია. ამჟამინდელი 3,20 არის ხელოვნური წონასწორობის წერტილი, რადგან ეროვნული ბანკი ყველანაირად ცდილობს, რომ ლარის შემდგომი დევალვაცია და გაუფასურება არ მოხდეს. 

გაცვლითი კურსი თუ 3.30-ს გადასცდება, მაშინვე მოხდება ფასების ხელახალი გადაანგარიშება პროდუქტებსა და მომსახურებაზე, რაც დამატებით 8-12%-ით გამოიწვევს საქონლის გაძვირებას. ამიტომ, როგორც ვიცით, სებ-ი აქტიურად ერევა სავალუტო ბაზარზე და, ჯერჯერობით, მარტის თვიდან დღემდე, 120 მილიონი დოლარი აქვს გამოტანილი ინტერვენციების სახით. 

ამ ეტაპზე ლარის კიდევ მეტად გაუფასურების საშიშროებას ვერ ვხედავ. ერთი თვის წინ გვქონდა პროგნოზი გაკეთებული, რომ მაისის ბოლოს ლარის კურსი სტაბილური იქნებოდა 3.10-3.20-ის შულედში და ვხედავთ, რომ ის სწორედ 3.20-იან ნიშნულის გარშემო ტრიალებს”, – უთხრა “რეზონანსს” ნიკა შენგელიამ. 

ლარის გაუფასურება ხდება მაშინ, როდესაც ამ მხრივ სამეზობლოში სიმშვიდეა. თანაც, საქართველოს ირგლივ ქვეყნებში, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ბევრად მძიმე ვითარებაა, ვიდრე ჩვენთან. მაშინ რა აუფასურებს ლარს და რატომ ხდება ისე, რომ ყველაზე რთული ვითარება საქართველოშია ხოლმე? ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ თოქმაზიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ეროვნული ბანკი ნაბიჯებს ყოველთვის დაგვიანებით დგამს. 

“ამ შემთხვევაში არსებობს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური მიზეზები. სუბიექტური მიზეზებიდან შეიძლება ხაზი გავუსვათ მთელი წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ პოლიტიკას. მისი რეაქცია ყოველთვის დაგვიანებულია ხოლმე, ამიტომ ნდობა დაეცა, ხოლო რისკები უფრო მეტად გაიზრდა. 

მეორე მხრივ, როგორც ვიცი, იმ ქვეყნებში, სადაც მკაცრი აკრძალვები არ ყოფილა, შესაბამისად, ეკონომიკამაც უფრო თავისუფლად იმუშავა. საქართველოში კი, კორონავირუსის პანდემიის პირობებში ყველაფერი გაჩერდა და ესეც არის მიზეზი იმისა, რომ ეროვნული ვალუტა გაუფასურდა. 

ალბათ, ქართული ლარი ამ ნიშნულზე შეჩერდება, მაგრამ საშაულოვადიან პერიოდში ის გაუფასურდება. შეიძლება, პროცესი დინამიკურად წარიმართოს, მაგრამ დღესდღეობით რამდენადაც არც ერთობლივი მოთხოვნა იზრდება ეკონომიკაში და მიწოდება მცირდება, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ საფინანსო ბაზარი შეიძლება, აღმოჩნდეს ცუდ მდგომარეობაში და, ფასების ზრდასთან ერთად, ეროვნული ვალუტაც გაუფასურდეს”, – განუცხადა “რეზონანსს” მიხეილ თოქმაზიშვილმა.

წყარო: “რეზონანსი”

Share