Home » ფინანსები » “საქართველოში საწვავის ფასი ყოველგვარ ეკონომიკურ და საერთაშორისო პროცესებსაა აცდენილი”
"საქართველოში საწვავის ფასი ყოველგვარ ეკონომიკურ და საერთაშორისო პროცესებსაა აცდენილი"

“საქართველოში საწვავის ფასი ყოველგვარ ეკონომიკურ და საერთაშორისო პროცესებსაა აცდენილი”

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბა საწვავის ბაზრის მორიგ კვლევას ასაჯაროებს.

 

როგორც “აფბას” ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი განმარტავს, კვლევა უკანასკნელ ოთხ თვიან პერიოდში, როგორც საქართველოში ისე საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე პროცესებს აღწერს, რომელთა შესწავლის საფუძველზეც ირკვევა, რომ ბაზარზე ხელოვნურად დაჭერილი ფასების პოლიტიკა და არაჯანსაღი გარემო შენარჩუნებულია.

„ქართულ საწვავის ბაზარს ფასების ზრდის ტალღამ პირველად 2016 წლის დეკემბერში გადაუარა და 2016 წლის 27 დეკემბრიდან დღემდე საწვავის, ფასი ზრდის მიმართულებით 8 ჯერ დაკორექტირდა. უფრო კონკრეტულად კი 2016 წლის დეკემბრის მიწურულიდან კომპანიებმა დაიწყეს ფასების ზრდა საწვავზე, ყველა საწვავის ფასის განმაპირობებელი, ფუნდამენტური ფაქტორების უცვლელობის პირობებში. რითიც წინასწარ ჩადეს საწვავის ფასში მოსალოდნელი აქციზის გაძვირება (წინასწარ გააძვირეს საწვავი). ამის შემდეგ 2016 წლის დეკემბრის ბოლოდან 2017 წლის იანვრის ბოლომდე, კომპანიებმა სულ 5 ჯერ გაზარდეს საწვავის ფასი, ამ მომენტისთვის კომპანიებს აქციზის გადასახადის ზრდამ ერთი ლიტრი საწვავი გაუძვირა 15 %-ით, მაგრამ ამავე მომენტში კომპანიებს საწვავი უკვე გაძვირებული ქონდათ 18.35 %- ით. ამას ფაქტს დაემატა, იმ პერიოდისთვის (2017 წლის იანვრის მიწურულისთვის) 10 % -ით გაიაფებული ნავთობის ფასი და მნიშვნელოვნად გამყარებული ეროვნული ვალუტა. ამ პროცესებიდან მოყოლებული დღემდე კომპანიებმა კიდევ ორჯერ გააძვირეს ყველა ტიპის საწვავი და ერთი ლიტრი პრემიუმის ტიპის ბენზინის ფასი აცდა 2.35 ლარს. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ სწორედ ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო მეტად გამყარდა და მსოფლიო ბზარზეც ბარელის ფასმა დაღმავალი ტრენდი განიცადა.

თებერვალსა და მარტში კომპანიებმა საწვავის ფასი კიდევ ორჯერ დააკორექტირეს და დღეისთვის ერთი ლიტრი ბენზინის ფასი 2.49 ლარს აღწევს. ამ მომენტისთვის კომპანიების ქმედება კიდევ უფრო ბევრ ეჭვს აჩენს, იმდენად რამდენადაც, იანვრის ბოლოდან დღემდე ეროვნული ვალუტა თითქმის 11 % -ით გამყარდა და თუ იანვრის მიწურულს ერთი დოლარის შეძენა 2.71 ლარად იყო შესაძლებელი, დღეს ერთი დოლარის ღირებულება 2.46 თეთრს არ აღემატება. მეტად საგულისხმოა, რომ ამ 2 თვიან მონაკვეთში მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი პრაქტიკულად არ შეცვლილა და ბარელის ღირებულება 52$-ის ფარგლებში მერყეობს.

კომპანიების მთავარი არგუმენტიც არის სწორედ ის, რომ კომპანიები დამოკიდებულნი არიან „პლატცის“ ფასზე და არა ნედლი ნავთობის, (ბარელის) ფასზე. ეს მართლაც ასეა და შესაძლებელია ბარელის ღირებულება განსხვავებული იყოს „პლატცის“ ფასისგან მაგრამ ეს მხოლოდ დროის მოკლე მონაკვეთშია შესაძლებელი. ვინაიდან „პლაცსის“ ფასი, სწორედ ბარელის ფასისგან წარმოდგება და შეუძლებელია დროის 2 თვიან მონაკვეთში ბარელის ღირებულება არ აისახოს „პლაცსის“ ფასზე. შესაბამისად ნავთობ კომპანიების მესვეურთა და ლობისტთა ეს არგუმენტიც მსუბუქად, რომ ვთქვათ სუსტია“ – აცხადებს ბაირახტარი.

Share