Home » საზოგადოება » საქართველოს სახელმწიფო დაქვემდებარების 4 კლინიკა კორონავირუსით ინფიცირებულთათვის 440 ადგილს გამოყოფს

საქართველოს სახელმწიფო დაქვემდებარების 4 კლინიკა კორონავირუსით ინფიცირებულთათვის 440 ადგილს გამოყოფს

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე მიიღეს.

„ინფექციური საავადმყოფო დარჩება, საუნივერსიტეტო კლინიკა (ყოფილი მერვე საავადმყოფო), მთლიანად დაიცლება – არ არის ჯერ ამის საჭიროება, მაგრამ საზოგადოება რომ მშვიდად იყოს, და ეს სერიოზული რესურსია, 140 საწოლია იქ და ძალიან კარგი რეანიმაციული განყოფილება 40 საწოლზე, ანუ ეს ძალიან ძლიერი რესურსია. მესამე: რესპუბლიკური საავადმყოფო მთლიანად გამოთავისუფლდება. დღეს თუ იქ კარანტინში იმყოფებიან პაციენტები, ისინი გადაინაცვლებენ სხვა სივრცეში და რესპუბლიკური საავადმყოფო გახდება მიმღები ავადმყოფების. მეოთხე: გორის ჰოსპიტალი, სადაც ასევე არის დაახლოებით 140 საწოლი. ეს ოთხი კლინიკა პლიუს ბოჭორიშვილის კლინიკაში 11 საწოლი. 4 კლინიკა 440 საწოლით უკვე მობილიზებულია, ხვალისთვის ისინი იქნება დაცლილი. ეს არის პირველი ეტაპი“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, კერძო სექტორთან მოლაპარაკებებს უშუალოდ გიორგი გახარია ახორციელებდა და წინასწარი შეთანხმებით, მოთხოვნიდან 2 დღის განმავლობაში „ევექსი“, „ავერსი“, „ნიუ ჰოსპიტალი“, „პსპ“ 3 600-ს საწოლს გამოყოფენ. თუმცა ცერცვაძეს ეჭვი ეპარება, რომ ქვეყანას ეს რესურსი დასწირდეს.

„ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ორ დღეში 440 საწოლი გაივსოს. ეს დაუჯერებელია ყველა ცუდი სცენარითაც კი. სულ ცოტა 2-3 კვირა ეს 440 საწოლი იქნება საკმარისი და შეიძლება საერთოდ გვეყოს, ისე დამთავრდეს ეპიდემია“, – განაცხადა ცერცვაძემ.

Share