Home » ეკონომიკა » საქართველოს სატრანსპორტო დერეფნებში, 2019 წლის 11 თვის მონაცემებით, ტვირთბრუნვა გაიზარდა

საქართველოს სატრანსპორტო დერეფნებში, 2019 წლის 11 თვის მონაცემებით, ტვირთბრუნვა გაიზარდა

საქართველოს სატრანსპორტო დერეფნებში, 2019 წლის 11 თვის მონაცემებით, ტვირთბრუნვა გაიზარდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის 11 თვეში, საქართველოს სატრანსპორტო დარგებმა 38.1 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდეს, რაც 2018 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს ერთი მილიონი ტონით აღემატება. საზღვაო ნავსადგურებსა და საზღვაო ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების მოცულობამ 15.8 მლნ ტონა შეადგინა, რაც 2 მლნ ტონით მეტია 2018 წლის იმავე პერიოდის მონაცემზე.

რაც შეეხება საზღვაო ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობას, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში ჯამურმა მოცულობამ 584 879 TEU ერთეული შეადგინა, ზრდა 41.7 პროცენტია. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის 11 თვეში გადამუშავებული კონტეინერების მოცულობა 2018 წლის ჯამურ მაჩვენებელს აღემატება, რაც 453 938 TEU ერთეული იყო.

ამასთან, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში სამოქალაქო ავიაციამ 22.8 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა. გაიზარდა რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა და 2019 წლის 11 თვეში 9.8 მლნ ტონას შეადგენს. ეს მაჩვენებელი 2018 წლის ანალოგიურ პერიოდს 0.8 მლნ ტონით აღემატება.

რაც შეეხება პორტებს, გაზრდილია ფოთის საზღვაო ნავსადგურში გადამუშავებული ტვირთების მოცულობა. 2019 წლის იანვარ-ნოემბერში ფოთის პორტში 7.9 მლნ ტონა ტვირთი გადამუშავდა (2018 წელს 5.8 მლნ ტონა) ბათუმის პორტში კი, გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა შემცირდა და 2.9 ტონა შეადგინა (-0.5 მლნ ტონა).

Share