Home » საზოგადოება » საქართველოს მაღალმთიან სოფლებში 207 ოჯახს მზის პანელები დაუმონტაჟეს

საქართველოს მაღალმთიან სოფლებში 207 ოჯახს მზის პანელები დაუმონტაჟეს

,,მაღალმთიანი დასახლებების 87 სოფლის 207 ოჯახს მზის პანელები დაუმონტაჟეს, რომლის საშუალებითაც ისინი, არა მხოლოდ ნათურის ანთებას, არამედ საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამოყენებასაც შეძლებენ“, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა რეგიონებში განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.

პრეზენტაციაზე რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რეგიონების განვითარების მიზნით არსებული ფონდებითა და პროგრამებით გამოყოფილი თანხების ათვისების 2019 წლის ანგარიში და 2020 წლის გეგმები  წარადგინა.

რეგიონების განვითარებისათვის 2019 წელს რეგიონებში დაფინანსდა 402 მილიონი ლარის  6 774 პროექტი. მთის ფონდიდან, რომლის ბიუჯეტიც 11.8 მილიონი ლარს შეადგენდა დაფინანსდა და განხორციელდა 28 პროექტი, მათ შორის  მაღალმთიანი დასახლებების მაცხოვრებლებისთვის დამონტაჟდა მზის პანელები.

მზის ელექტროსადგურები გათვალისწინებული იყო მხოლოდ იმ სოფლებისთვის, სადაც მუდმივი მცხოვრებლები არიან. პანელები დამონტაჟდა საქართველოს შვიდ რეგიონში, კერძოდ:  მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, კახეთისა  და აჭარის 16 მუნიციპალიტეტის 87 სოფლის 207 ოჯახში.

მზის პანელის სიმძლავრე 1 500 ვატით განისაზღვრა, რაც საკმარისია ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობის (სახლის განათება, ტელევიზორი, მაცივარი და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა) ჩასართავად.

პროექტის განხორციელებისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ტექნიკურ დახმარებას აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ენერგეტიკის პროგრამა (USAID/Energy Program) უწევდა.

სამინისტროს ინფორმაცით, მუნიციპალიტეტებმა  მზის პანელები  შესაბამის იდენტიფიცირებულ ოჯახებს უვადო სარგებლობის უფლებით გადასცეს და მათთან ეტაპობრივად ფორმდება ხელშეკრულებები. მზის პანელების მიწოდება-მონტაჟი და თანმდევი საგარანტიო მომსახურება კომპანია „იუჯითიმ“ განახორციელა. ბატარეებზე მწარმოებლის გარანტია 25 წელია.

საქართველოს მთავრობის ეს  ინიციატივა, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსდა.

Share