Home » ბიზნესი » სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ოლიგოპოლია ძლიერდება – მსხვილი კომპანიები კონკურენტებს “ყლაპავენ”
სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ოლიგოპოლია ძლიერდება - მსხვილი კომპანიები კონკურენტებს "ყლაპავენ"

სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ოლიგოპოლია ძლიერდება – მსხვილი კომპანიები კონკურენტებს “ყლაპავენ”

ინტერნეტბაზარზე ორი კომპანია ,,სილქნეტი” და ,,მაგთიკომი” ბაზრის 77%–ს აკონტროლებენ

სატელეკომუნიკაციო ბაზარზე რომ სრული ქაოსი და განუკითხაობაა, ამაზე ,,ბანკები და ფინანსებში” არაერთი პუბლიკაცია გამოქვეყნებულა. არაერთხელ ითქვა და დაიწერა, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიის მხრიდან საჭიროა გარდამტეხი ნაბიჯების გადადგმა, რათა ბაზარზე მოქმედი მსხვილი ოპერატორების თავაშვებულ ქმედებას წერტილი დაესვას. სხვა შემთხვევაში, ბაზარზე ისედაც არარსებული კონკურენცია სრულად გაქრება, ვინაიდან მსხვილი კომპანიები კონკურენტებს ან თავად ყიდულობენ და იერთებენ კონკურენტებს, ან თავისუფლად ოპერირების საშუალებას არ აძლევენ და ხელს უწყობენ ბაზრიდან მათ გაქრობას.

ჯერ იყო და  ,,კავკასუს ონლაინის” მიერ საცალო ქსელის მიერთების შემდეგ, ,,მაგთიკომმა” ერთმანეთის მიყოლებით შეიძინა მცირე ინტერნეტპროვაიდერებიც  – ,,დელტაკომი”, ,,დელტანეტი”, “ანეტი” და G-NETI – ანუ, ფაქტობრივად, უმსხვილესი კომპანია გახდა. შედეგად, დღეს სახეზე გვაქვს რეალობა, როდესაც ინტერნეტბაზარზე ორი კომპანია ,,სილქნეტი” და ,,მაგთიკომი” ბაზრის 77%–ს აკონტროლებენ. დანარჩენი წვრილი ინტერნეტპროვაიდერებიც მხოლოდ რამდენიმე რეგიონში თუ  ახერხებენ  ოპერირებას და იქაც მსხვილი კომპანიები ხელს უშლიან თავისუფლად მოქმედებაში. ამის ნათელი მაგალითია დასავლეთ საქართველოში არსებული სიტუაცია, სადაც მცირე ინტერნეტპროვაიდერებს სურთ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით ინტერნეტის გაყვანა მოსახლეობისთვის, ამისათვის მათ სჭირდებათ ბოძები, რომლებიც ,,ენერგო პრო ჯორჯიას” საკუთრებაშია. ,,ენერგო პრო” კი აცხადებს, რომ ბოძების გამოყენების უფლება ექსკლუზიურად “მაგთიკომის” მფლობელობაში მყოფ ,,დელტაკომს” გადასცა.

შესაბამისად, მცირე პროვაიდერები ვერ ახერხებენ ბოძებით სარგებლობას და მოსახლეობისთვის ინტერნეტის მიწოდებას. მათთვის ერთადერთი გამოსავალია ალტერნატიული ბოძების დამონტაჟება და ამის მეშვეობით ინტერნეტის მიწოდება, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. აღნიშნული ვითარების გამო წვრილმა ოპერატორებმა  სარჩელით კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასაც მიმართეს, თუმცა კომისიამ სარჩელი არ მიიღო და საკითხის შესწავლაზე უარი განაცხადა.

რაც შეეხება სატელევიზიო ბაზარს – სადაც ასევე ორი კომპანია ,,მაგთიკომი” და ,,სილქნეტი” აკონტროლებენ ბაზარს და მათ მხოლოდ ორი ძირითადი კონკურენტი ჰყავდათ, თუ შეიძლება მათაც კონკურენტი ეწოდოთ, ვინაიდან ,,სუპერ TV” და ,,გლობალ TV” ბაზრის მხოლოდ 16% აკონტროლებენ, ხოლო დარჩენილი 84% – ,,სილქნეტის” და ,,მაგთიკომის” ხელშია. მიუხედავად ამისა, ,,მაგთიკომის” მსგავსად, ,,სილქნეტმაც” გადაწყვიტა კონკურენტის ხელში ჩაგდება და უახლოეს პერიოდში ,,სილქნეტი” ,,გლობალ TV” შეიძენს. ამ ყველაფერს, ბუნებრივია, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამაც არ შეუშალა ხელი და  “სილქნეტს” “გლობალ TV”-ს (“გლობალ კონტაქტ კონსალტინგი”) შეძენაზე წინასწარი თანხმობა მისცა.

საქმის წარმოების შედეგად, კომისიამ მიიჩნია, რომ “სილქნეტის” მიერ აქტივების შეძენის შემთხვევაში, ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე და იგი შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

“შეძენას დაქვემდებარებულ საოპერაციო აქტივებს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიები #F36 და #F54, ანტენები, ანტენის თავაკები, სპლიტერები, კონექტორები, კოაქსიალური კაბელები წარმოადგენს”, – აცხადებენ მარეგულირებელ უწყებაში.

კომპანიების თხოვნის საფუძველზე, გადაწყვეტილება ძალაში კომისიის სხდომაზე მიღებისთანავე შევიდა. ანუ, ბაზარზე მხოლოდ სამი კომპანია დარჩება და მოსალოდნელია, რომ უახლოეს პერიოდში ,,სუპერ TV”–იც მიიერთოს ,,მაგთიკომმა” ან ,,სილქნეტმა” და ბაზარზე არსებულ ოლიგოპოლიურ მგდგომარეობას კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი. ვინაიდან, ძნელად წარმოსადგენია ,,სუპერ TV”–მ მოახერხოს კონკურენცია და  სავარაუდოდ ისიც დანებდება ,,ბაზრის ლიდერებს”.

როგორც ვხედავთ, როგორც ინტერნეტ, ასევე სატელევიზიო ბაზარზე მხოლოდ ორი კომპანია ,,სილქნეტი” და ,,მაგთიკომი” რჩება და კიდევ მრავალი წლის განმავლობაში შეინარჩუნებენ ოლიგოპოლიური მდგომარეობას. კვლავ გაგრძელდება სიტუაცია, როდესაც ორი კომპანია ფაქტობრივად, შეთანხმებულად ოპერირებს და ფასების შემცირების ნაცვლად პერიოდულად ზრდის ხოლმე მას. რაც ყველაზე ცუდია, ამ სიტუაციას არ ეწინააღმდეგება კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია, არ ცდილობს ბაზარზე რეალური კონკურენციის შექმნას და, ფაქტობრივად, არ ზრუნავს მოსახლეობაზე, რომელიც საკმაოდ რთულ სიტუაციაშია და მიუხედავად არაერთი პროტესტისა, ვერანაირ რეალურ შედეგს ვერ აღწევს. საქართველო კი იმ იშვიათი  ქვეყნების კატეგორიაში რჩება სადაც ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ არ ხდება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ტარიფების შემცირება და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა.

შედარებით უკეთესი სიტუაციაა ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე, სადაც ,,ბილაინი”, ,,ჯეოსელი” და ,,მაგთიკომი” მეტნაკლებად ცდილობენ კონკურენტული გარემოს შექმნას. თუმცა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ,,სილქნეტმა” ,,ჯეოსელი” შეიძინოს და თუკი ინფორმაცია გამართლდა, ამ გარიგების განხორციელების შემთხვევაში ნამდვილად ცუდი რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით. მივიღებთ სრულ ოლიგოპოლიას სატელეკომუნიკაციო ბაზარზე და ,,სილქნეტის” და ,,მაგთიკომის” თავაშვებული ქმედების შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს, მაღალ ტარიფებს ბაზარზე და კონკურენციის გაქრობას. კონკურენციისას, რომელიც ისედაც დღესდღეობით ყველაზე მეტად აკლია  და სჭირდება სატელეკომუნიკაციო ბაზარს.

გიორგი კაპანაძე

Share