Home » ეკონომიკა » სასარგებლო წიაღისეული – მიწაში დაფლული სიმდიდრე, რომელსაც ვერ ვიყენებთ

სასარგებლო წიაღისეული – მიწაში დაფლული სიმდიდრე, რომელსაც ვერ ვიყენებთ

საქართველო სასარგებლო წიაღისეულის კუთხით უმდიდრესი ქვეყანაა. ქვეყნის მინერალური რესურსული ფონდი მოიცავს 950 საბადოსა და გამოვლინებას. რესურსული ფონდის 62.8% წარმოადგენს მსხვილ (ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის) საბადოს, 30.9% – ადგილობრივი მნიშვნელობის საბადოს, 6.,2% – გამოვლინებას.  განსაკუთრებით აღსანიშნავია  მაგნუმის მარაგები, ვინაიდან საქართველოში მსოფლიო მნიშვნელობის მანგანუმის მარაგები არსებობს, მათ შორის ჭიათურის საბადოს სიდიდისა და მადნის თვისებების მიხედვით, მეორე რეიტინგი აქვს მსოფლიოში.

ეს ის უდიდესი რესურსია, რომელიც დღეს მიწაშია დაფლული და ამ მიმართულებით სწორი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში ქვეყანას რეალური რესურსი უჩნდება, რომ წარმოება და შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკა განავითაროს.

არსებული მონაცემებით, დღემდე გაცემულია 4200 წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, აქედან 550 ლიცენზია მხოლოდ გასულ 2019 წელს გაიცა.  არსებული საბადოები ქვეყანას საშუალებას აძლევს, რომ განავითაროს ადგილობრივი წარმოება სხვადასხვა მიმართულებით, შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები და ერთი მხრივ, ადგილზე შეიქმნას ის პროდუქცია რაც ძირითადად იმპორტით შემოდის ქვეყანაში და მეორე მხრივ, ვაწარმოოთ მზა საექსპორტო პროდუქცია, რომელზეც საკმაოდ დიდი მოთხოვნა არსებობს მთელ მსოფლიოში.

დღეს არსებული სიტუაციით, ძირითადად მოპოვება ხდება სასარგებლო წიაღისეულის და იგი პირდაპირ გადის ექსპორტზე, ხოლო ადგილობრივი საწარმოები, რომლებიც ადგილზე გადაამუშავებდნენ მოპოვებულ წიაღისეულს და შექმნიდნენ მზა პროდუქციას, საკმაოდ მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი.

სასარგებლო წიაღისეულის საბადოები საქართველოში

საქართველო სასარგებლო წიაღისეულის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია რკინის, ბრინჯაოს,სპილენძის, ვერცხლის, ოქროსა და თიხის უამრავი უძველესი ნივთი, რაც ადასტურებს, რომ ჩვენს ქვეყანაში უძველესი დროიდან მოიპოვებდნენ სხვადასხვა სახის წიაღისეულს.

საქართველოს ტერიტორიაზე დღესაც მოიპოვება ლითონები შავი და ფერადი მეტალურგიისათვის, მინერალები ქიმური მრეწველობისათვის, ოქრო, კვარცის სხვადასხვა სახეობა, საცემენტე ნედლეული, სამშენებლო– მოსაპირკეთებელი ქვები და საწვავი წიაღისეული – ქვანახშირი და ნავთობი. ყველაზე მნიშვნელოვანია ჭიათურის მანგანუმის, ტყიბულისა და ტყვარჩელის ქვანახშირის და მადნეულის სპილენძ–ტყვია– თუთიის საბადოები.

ქვემო ქართლში, სოფელ კაზრეთის მიდამოებში, მიწის ზედაპირთან ახლოს თითქმის ჰორიზონტალურად განლაგებულია სპილენძით მდიდარი ფენა, საიდანაც სპილენძს ღია წესით მოიპოვებენ, კაზრეთში მადნის მოპოვება XX საუკუნის 70–იან წლებში დაიწყეს, რის შედეგადაც ამ ადგილს “მადნეული” უწოდეს.

საინტერესოა, რომ კაზრეთის მადანი სპილენძის გარდა შეიცავს ტყვი–თუთიას, ვერცხლსა და ოქროსაც კი.

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში – კახეთში, ქართლსა და გურიაში ნავთობის არსებობაზე ძველთაგანვე მიუთითებდნენ ქართველი თუ უცხოელი მკლევარები. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, “ტფილისის სამხრეთ–აღმოსავლეთით დის ნავთი კიდესა ტკურისასა”. აქედან მოდის თბილისის ამ უბნის სახელი “ნავთლუღი”. XIX საუკუნეში ნავთობს კუსტარული მეთოდით მოიპოვებდნენ, დღეს კი მისი ამოღება თანამედროვე მეთოდებით ჭაბურღილების მეშვეობით ხდება

ამჟამად ნავთობს მოიპოვებენ მირზაანში, პატარა შირაქში, მანავში, ნორიოში, თელეთში, სამგორი–პატარძეულსა და სუფსაში. მთელ საქართველოში წელიწადში მხოლოდ 50 ათასს ტონა ნავთობს მოიპოვებენ, რაც მეზობელ აზერბაიჯანთან შედარებით 600–ჯერ ნაკლებია, თუმცა ქართული ნავთობი ძალიან ხარისხიანია.

საქართველოში ბევრგან მოიპოვებენ სხვადასხვა ფერის მარმარილოს და მათ სახელს ადგილის მიხედვით არქმევენ; მაგალითად: ლოპოტის თეთრი მარმარილო ნაცრისფერი ძარღვებით( კახეთში) ; დიზის ნაცრისფერ ზოლიანი და ღია ნაცრისფერი მარმარილო (სვანეთში) ; შროშის მარმარილო ღია წითელ ფონზე მიმოფანტული თეთრი ლაქებით (იმერეთში). მეტრო “რუსთაველის” მიწის ქვეშა ვესტიბიული სალიეთის მარმარილოთია მოპირკეთებული.

ასევე, ქვანახშირის საბადოებია ტყიბულ-შაორში,ტყვარჩელში,გელათში,მაგანში.ბზიფაში. მურა ნახშირი – ახალციხეში; ტორფი – კოლხეთის დაბლობზე. რკინა – ფოლადაური,ძამა. მანგანუმი – ჭაითურა,ყვირილას საბადო (აჯამეთ-ჩხარის და შქმერის ექსპულატაცია დაკარგული საბადოები); ბარიტი – ჩორდი(რაჭა). დარიშხანი-ლუხუმი(რაჭა), ცანა (სვანეთი); მერგელი – კასპი; მინერალური წყაროები -საირმე, უწერა, ლუგელა, მენჯი, შოვი; სამკურნალო ტალახი – ახტალა და ასე შემდეგ.

ხელისუფლებამ ქვეყნის უდიდესი რესურსი გაიხსენა

მისასალმებელი ფაქტია, რომ ხელისუფლებამ მიწაში დაფლული  ქვეყნის უდიდესი სიმდიდრე – სასარგებლო წიაღისეული გაიხსენა. პროექტის ”100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” ფარგლებში წიაღისეულის ათვისების მიზნით ასი პარალელური, სალიცენზიო აუქციონი გამოცხადდება.

”გვსურს რომ საქართველოს წიაღისეული, ჩვენი ეროვნული სიმდიდრე არამხოლოდ მოპოვებულ იქნას საქართველოში, არამედ მისი გადამუშავებაც მოხდეს საქართველოში ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პროგრამის პრეზენტაციისას.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შერჩეულია საინვესტიციოდ მიმზიდველი წიაღითსარგებლობის ობიექტები, რომელთა ჯამური საწყისი სააუქციონე ფასი 82 000 000 ლარს შეადგენს, ხოლო მოსალოდნელი ინვესტიცია 120 მილიონ ლარს აჭარბებს.

”ახალი ინიციატივა – წიაღისეულის ლიცენზიების ასი პარალელური აუქციონი, ერთი მხრივ, ემსახურება ბიზნესის განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ ემსახურება მიზანს, რომ წიაღის გადამუშავებით შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი და ისეთი კონკურენტული პროდუქცია, როგორიც არის ჩვენი საშენი მასალა, კერამიკა, წყალი, ბალნეოლოგიურ კურორტებზე განვითარებული მინერალური წყლის საბადოები და ა.შ. ასევე ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საკუთარი საშენი მასალა დომინირებდეს ჩვენს ბაზარზე, ჩვენი წიაღისეული პროდუქცია იყოს გაცილებით უფრო კონკურენტუნარიანი, ვიდრე იმპორტირებული და საექსპორტო ბაზრებზე დაიმკვიდროს თავისი ღირსეული ადგილი.

გვსურს, რომ ქართული მარმარილო გადამუშავდეს აქ და მოხმარდეს ახალი საშენი მასალის წარმოებას, ჩვენი ბაზალტი გადამუშავდეს აქ და მისგან ხელოვნური ბოჭკოები იწარმოებოდეს საქართველოში, ჩვენი თიხიდან იწარმოებოდეს ქართული კერამიკა და მან იმპორტი ჩაანაცვლოს, ჩვენი სასმელი წყალი ჩამოისხას საქართველოში და ცნობილი გახდეს უამრავ საექსპორტო ბაზარზე”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ამას მთავრობა სხვადასხვა პროგრამებით მიაღწევს, მათ შორის “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” ფარგლებში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თავის გამოსვლაში კიდევ ერთ საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც წიაღისეულის მოპოვება/გადამუშავების პროცესში მაღალი ეკოლოგიური სტანდარტის დაცვას ეხება და რაც გათვალისწინებული იქნება სალიცენზიო პირობებში.

“ჩვენ უფრო მაღალ ეკოლოგიურ სტანდარტს ვთხოვთ ინვესტორებს და უფრო მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქართველოდან გაგვაქვს  წიაღისეული, რომელსაც მზა პროდუქციის სახით უკან, სხვა ქვეყნებიდან ვყიდულობთ

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების კუთხით საქმიანობა, რომ გასააქტიურებელია ამას სტატისტიკური მონაცემების ცხადყოფს. საქსტატის 2019 წლის წინასწარი მონაცემების მიხედვით უმსხვილეს საიმპორტო სასაქონლო ჯგუფში მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრანტები 603.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.7 პროცენტი). ხოლო რაც შეეხება ექსპორტს, ამ შემთხვევაში უკვე მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 651.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 17.3 პროცენტი). ანუ, ადგილობრივი წარმოების არარსებობის გამო, ქვეყნიდან გაგვაქვს მოპოვებული წიაღისეული, ხოლო მზა პროდუქციის სახით შემდეგ მას სხვა ქვეყნებიდან ვყიდულობთ. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ წიაღისეულის სალიზენზიო აუქციონის კვალდაკვალ, ხელისუფლებამ მოპოვებული წიაღისეულის გადამამუშავებელი საწარმოების მშენებლობაზეც იფიქროს.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს,  2019 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნულმა სააგენტომ ბიუჯეტში 70 მლნ ლარის მობილიზება უზრუნველყო.

წიაღის  განკარგვის შედეგად საბადოებზე ქვეყნის მასშტაბით 5115 სამუშაო ადგილი შეიქმნა, ხოლო მოზიდული ინვესტიციის მოცულობამ 91 მლნ ლარი შეადგინა.

ასევე, სააგენტოს ცნობით, გასულ წელს 651 606.2 ათასი აშშ დოლარის ღირებულების სპილენძის მადნები და კონცენტრატები გავიდა ექსპორტზე, რაც 2018 წლის მაჩვენებელს დაახლოებით 150 000 დოლარით აღემატება. 21.2 პროცენტით არის გაზრდილი მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტიც – 2019 წელს, წინა წელთან შედარებით 133 570.7 ათასი დოლარის პროდუქცია გავიდა ქვეყნიდან.

რაც შეეხება ოქროს, წიაღის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, 4.3 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. 2019 წელს 72.8 მილიონი აშშ დოლარის ოქრო იყო ექსპორტირებული, 2018 წელს კი,  69.8 მილიონი აშშ დოლარი.

გიორგი კაპანაძე

Share