Home » საზოგადოება » საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს სააგენტოს 2019 წლის ანგარიში წარუდგინა

საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს სააგენტოს 2019 წლის ანგარიში წარუდგინა

საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ, 30 ივნისს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს საპენსიო სააგენტოს 2019 წლის ანგარიში წარუდგინა.

საპენსიო ფონდის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჭიჭინაძემ ყურადღება გაამახვილა და ისაუბრა იმ წარმატებებზე, სიახლეებზე და სარგებელზე, რაც ამ მომენტისთვის საპენსიო რეფორმას გააჩნია ყველა მონაწილისთვის.

„ფონდში აკუმულირებულ თანხას 58 მილიონზე მეტი სარგებელი დაერიცხა. საპენსიო სააგენტოს სქემიდან გამსვლელთა რაოდენობა მინიმუმამდეა დასული გასული თვეების მანძილზე, ახლადჩართულ მონაწილეთა რაოდენობა რადიკალურად აღემატება სქემიდან გასულთა რიცხვს, რაც ხაზს უსვამს სანდოობის ზრდას და ეფექტურ მუშაობას. ასევე, პანდემიის დროს ხარისხიანი სერვისის მიწოდების გამო არ გვქონია არსებითი შეფერხება, ყველა პროცესი იყო მართული და დახვეწილი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. ვფიქრობ, შედეგები საკმაოდ საიმედოა“, – აცხადებს გიორგი ჭიჭინაძე.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, 2020 წელი საპენსიო სააგენტოსთვის პროდუქტიული და წარმატებული იყო, რადგან სააგენტოში მოხდა ყველა მნიშვნელოვანი პროცესის დოკუმენტაცია. კონკურსის წესით დაინიშნა უფროსი საინვესტიციო ოფიცერი და მისი მოადგილე, ასევე, შეირჩა საინფორმაციო უსაფრთხოების ოფიცერი და მომავალი წლის განმავლობაში დაინერგება ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემები საერთაშორისო სტანდარტის ISO 27001 მიხედვით.

„მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტზე და უახლოეს პერიოდში ის გამოქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

თიბისისა და საქართველოს ბანკებთან შედგა მოლაპარაკება, კერძოდ მათ ინტერნეტ და მობაილ ბანკებში დაემატა საპენსიო დანაზოგების ნახვის ფუნქციონალი, გაუმჯობესდა და გაიმართა საპენსიო სააგენტოსა და ხაზინის სისტემას შორის სერვისები, კერძო სექტორის პორტალზე განხორციელებული ტრანზაქციების ნახვის და კონტროლის ფუნქციონალი დაემატა და დასრულდა დამსაქმებლებისა და დასაქმებულებისათვის შეტყობინებების გაგზავნის სერვისი.

დღეის მდგომარეობით, საპენსიო საგენტოს დანაზოგი შეადგენს – 832 მლნ ლარს, ხოლო დარიცხული ამონაგები – 58 მილიონ ლარამდეა. სქემაში ჩართულია 1,030,000 მონაწილე და 65,838 ორგანიზაცია. აქედან, კერძო სექტორიდან 798,121, ხოლო საჯარო სექტორიდან 231,493 მონაწილე. კერძო სექტორიდან მამაკაცების რაოდენობა 445,306 შეადგენს, ხოლო ქალბატონების 352,815-ს. საჯარო სექტორიდან მამაკაცები – 140,553, ქალბატონები – 90,940-ს. 30 ივნისის მდგოამრეობით სულ სქემიდან გასულია რეგისტრირებული მონაწილეთა საერთო რაოდენობის 16%, ხოლო სულ გასვლის უფლების მქონე პირთა შორის გასულია მონაწილეთა 45%, ხოლო სქემაში დარჩა 55%, სულ სქემიდან 166,261 მოქალაქე გავიდა.

საჯარო სექტორიდან გასულთა რაოდენობა სამჯერ ნაკლები მაჩვენებალია კერძო სექტორთან შედარებით. 30 ივნისის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოში საპენსიო დანაზოგით ისარგებლა 343 მონაწილემ. აქედან, ასაკის საფუძვლით 175, შშმ პირის სტატუსით 142, ქვეყნის დატოვები საფუძვლით 1-მა და მემკვიდრის უფლებით ისარგებლა 25 ადამიანმა. სულ საპენსიო სააგენტომ სქემის მონაწილეთა სასარგებლოდ გადაიხადა 240 ათას ლარზე მეტი. თქვენთვის ცნობილია, რომ საპენსიო სქემა წელიწადნახევარია რაც მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობით მიიღონ გრძელვადიანი სარგებელი.

სააგენტომ 2019 წლის 3 იანვარს დაიწყო დაგროვებითი საპენსიო სქემის იმპლემენტაცია – კერძოდ, საპენსიო შენატანების მიღება და ადმინისტრირება.

სააგენტოს ყველა ფუნქცია და სისტემები ამუშავდა არსებითი შეფერხებების გარეშე. საპენსიო დანაზოგების ადმინისტრირების პროცესი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Share