Home » ახალი ამბები » საპენსიო სააგენტოს დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადების მიღება დაიწყო

საპენსიო სააგენტოს დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადების მიღება დაიწყო

„საპენსიო სააგენტო” ახალ დირექტორს ეძებს. შესაბამისი ვაკანსია 10 იანვარს გამოქვეყნდა და განაცხადების მიღება 31 იანვრამდე იწარმოებს.

როგორც ვაკანსიაშია მითითებული, „საპენსიო სააგენტოს” დირექტორის ყოველთვიური ანაზღაურება 10 000-დან 15 000 ლარამდე იქნება.

როგორც ცნობილია, ლევან სურგულაძე „საპენსიო სააგენტოს” დირექტორის თანამდებობას 16 იანვრიდან ტოვებს. 16 იანვრიდან ახალი დირექტორის შერჩევამდე, სააგენტოს დირექტორის მოვალეობას რომელიმე მოადგილე შეასრულებს, რომელსაც სამეთვალყურეო საბჭო შეარჩევს.

შეგახსენებთ, „საპენსიო სააგენტოს“ დირექტორმა, ლევან სურგულაძემ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით სამეთვალყურეო საბჭოს, სადაც ფინანსთა, ეკონომიკის და ჯანდაცვის მინისტრები შედიან, განცხადებით მიმართა. როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, სამეთვალყურეო საბჭო არ შეეწინააღმდეგება „საპენსიო სააგენტოს“ დირექტორის სურვილს, რომ თანამდებობა დატოვოს. სურგულაძე თანამდებობაზე 5 წლის ვადით იყო დანიშნული და ვადაზე ადრე თანამდებობის დატოვების მიზეზად „სხვა გეგმების” ქონას ასახელებს.

Share