Home » საზოგადოება » „სამომავლოდ შესაძლებელია საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი საერთაშორისო ანალოგებით ჩანაცვლდეს“

„სამომავლოდ შესაძლებელია საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი საერთაშორისო ანალოგებით ჩანაცვლდეს“

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე აცხადებს, რომ საარსებო მინიმუმის მაჩვენებლის მეთოდოლოგიის გადახედვის ან მისი გაუქმების კუთხით ამ ეტაპზე კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა.

როგორც გოგიტა თოდრაძემ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სამომავლოდ შესაძლებელია საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი საერთაშორისო ანალოგებით ჩანაცვლდეს. მისივე განმარტებით, აღნიშნული მაჩვენებლის გაუქმება საკონსტიტუციო ცვლილებებს საჭიროებს, რაც საქსტატის კომპეტენციის სფერო არაა.

„ამ კუთხით კონკრეტული ცვლილება არ გვაქვს. იმ დინებით ვაგრძელებთ ამ მაჩვენებლის გაანგარიშებას, რომელიც 2003 წლიდანაა დანერგილი. თუმცა, ამასთან დაკავშირებით პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას იყო რეკომენდაციები. სამომავლოდ ალბათ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გვექნება გადასადგმელი, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ საერთაშორისო ანალოგიების დამკვიდრება ამ მაჩვენებლის ნაცვლად. მოგეხსენებათ, საარსებო მინიმუმის გაუქმებისთვის საკონსტიტუციო ცვლილებებია საჭირო, რაც საქსტატის კომპეტენცია არაა და არაა ჩვენზე დამოკიდებული“, – აცხადებს გოგიტა თოდრაძე.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის ივნისში საქართველოში, საარსებო მინიმუმი ოჯახის ტიპების მიხედვით შემდეგია: ერთსულიანი ოჯახის – 165,3 ლარი; ორსულიანი – 264,4 ლარი, სამსულიანი – 297,5 ლარი, ოთხსულიანი – 330,5 ლარი, ხუთსულიანი 371,9 ლარი, ექვსსულიანი და მეტი – 439,6 ლარი. საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი კი 165,3 ლარის შეადგენს.

Share