Home » ეკონომიკა » საზღვარგარეთ სეზონურად დასაქმებულები 300-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ

საზღვარგარეთ სეზონურად დასაქმებულები 300-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ

სახელმწიფო დაეხმარება იმ მოქალაქეებს, რომლებიც სეზონურ სამუშაოებზე სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობდნენ”, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ განაცხადა.

მისი თქმით, მათ არანაირი დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არ ესაჭიროებათ, მხოლოდ საჭიროა, რომ დარეგისტრირდნენ 15 ივლისამდე ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის პორტალზე, ხოლო საზღვრის კვეთის შესახებ დამადასტურებელ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღებს.

დღეისათვის სახელმწიფოს დახმარება პანდემიის პერიოდში დაზარალებულმა უკვე 105 ათასამდე თვითდასაქმებულმა პირმა მიიღო. 26 ივნისიდან კი კომპენსაციის მიმღები ბენეფიციართა წრე გაფართოვდება და ის დასაქმებულები, რომლებიც სეზონურ სამუშაოებზე სხვადასხვა ქვეყანაში საქმდებოდნენ, დახმარებას, ერთჯერადი სახით, 300 ლარის ოდენობით მიიღებენ. 26 ივნისის, საქართველოს მთავრობის #388 დადგენილების თანახმად, „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში ცვლილება შევიდა.

ცვლილების თანახმად, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც თვითდასაქმებულები იყვნენ საქართველოს საზღვრებს გარეთ, რაც დასტურდება 2019 წელს 60-ჯერ ან/და 2019 წლის მარტის თვიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში 30-დან 120 კალენდარულ დღემდე საზღვრის კვეთით, ეძლევათ შესაძლებლობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან (შსს) გაცემული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში, დარეგისტრირდნენ კომპენსაციის მიმღებ პირებად ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე (https://compensation.moh.gov.ge/) განმცხადებლად არაუგვიანეს 2020 წლის 15 ივლისისა.

ამასთან, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე, სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ პირებს მიეცათ არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაციის განახლების საშუალება არაუგვიანეს 2020 წლის 15 ივლისისა.

29 ივნისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 156 186 პირი. მათგან 104 547 პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 31 364 100 ლარი.

Share