Home » ფინანსები » “საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”

“საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”

„პირველ ეტაპზე, ფქვილის ფასზე სერიოზულად არ აისახება რუსულ ხორბალზე კვოტირების დაწესების ფაქტორი“

ბოლო წლების განმავლობაში რუსეთში ხორბლის რეკორდული მოსავალი მოდის. 2019 წელს ქვეყანაში 120,7 მლნ ტონა ხორბალი აიღეს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ისტორიაში. შედეგად, 2018-2019 წლების სეზონზე რუსეთიდან 35,8 მლნ ტონა ხორბლის ექსპორტი განხორციელდა საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ რეკორდული მოსავლების პარალელურად, მზარდია რუსული ხორბლის ექსპორტიც. მზარდი ექსპორტის პარალელურად, რუსეთმა საკუთარ ხორბალზე კვოტირება-შეზღუდვა დაადგინა. რომელიც ქვეყნიდან ზედმეტი ხორბლის გატანას ზღუდავს და რუსეთის სასურსათო უსაფრთხოებისკენ გადადგმულ ნაბიჯად ითვლება.

რა გავლენას მოახდენს საქართველოზე რუსულ ხორბალზე შეზღუდვების დაწესება და რამდენად გაზრდის ფქვილისა და პურის ფასს ის ჩვენს ქვეყანაში, თემაზე “ხორბლისა და ფქვილის ასოციაციის”

 აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ “ბანკები და ფინანსებთან” ისაუბრა.

– როგორც ცნობილია, რუსეთი ხორბალზე შეზღუდვებს აწესებს, რას მოიაზრებს ეს შეზღუდვები?

– ამ მექანიზმის ამოქმედებით, რუსეთი ცდილობს დაარეგულიროს, რომ ზედმეტი ხორბლის გატანა არ მოხდეს ქვეყნიდან და ამით თავის სასურსათო უსაფრთხოებას არ შეექმნას საფრთხე. მით უმეტეს იმის ფონზე, რომ 2019 წელს ქვეყნიდან ხორბლის ძალიან დიდი რაოდენობა გავიდა ექსპორტზე, ახალი მოსავლის პირობები კი არ იციან როგორი იქნება. აღნიშნული შეზღუდვა ნიშნავს, რომ 1-ელ ივნისამდე ანუ 6 თვის განმავლობაში რუსეთიდან ხორბლის გატანის შემთხვევაში საბაჟო კავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის კვოტა/შეზღუდვა იქნება შემოღებული.

კვოტირება ეხება 20 მილიონ ტონას, რომელიც საკმაოდ დიდი მოცულობაა, ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ ეს უფრო გადაზღვევაა, რადგან 20 მილიონი ტონის გატანას რუსეთი ამ ექვსი თვის განმავლობაში ისედაც ვერ შეძლებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჯერ არ კონკრეტდება, თუ როდის ამოქმედდება ეს მექანიზმი, 2020 თუ 2021 წლიდან. თუმცა, ბოლო ინფორმაციით, უფრო ფიქრობენ, რომ მექანიზმი ამ წლიდან ამუშავდება.

ასეთი მექანიზმი უკრაინასაც გააჩნია. უბრალოდ მათ აქვთ მემორანდუმი გაფორმებული ექსპორტიორების ასოციაციასთან. განსაზღვრული აქვთ გარკვეული რაოდენობა იმის თაობაზე, თუ რამდენი ტონა ხორბლის გავა ექსპორტზე წლის განმავლობაში. ამით არეგულირებენ ქვეყნები თავიანთ ბაზრებს, რომ შიდა მოხმარებისთვის საკმარისი ხორბალი ჰქონდეთ.

– რამდენადაა მოსალოდნელი აღნიშნული შეზღუდვების ამოქმედების ფონზე საქართველოში პურისა და ფქვილის ფასის გაზრდა?

– ასეთი შეზღუდვები არამარტო ჩვენთან, არამედ მსოფლიო ბაზრებზეც იწვევს გარკვეულ რყევებს იმიტომ, რომ რუსეთი არის ხორბლის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ქვეყანა მსოფლიოში. შესაბამისად, ასეთი გადაწყვეტილებები მსოფლიო ბაზრებზეც მოქმედებს. საერთაშორისო ბირჟებზე გარკვეული ძვრები ამ ინფორმაციის გაჟღერების შედეგად უკვე დაიწყო. დღეს თუ ბირჟებს შევხედავთ, ძირითადად, ორი ფაქტორი მუშაობს. ეს არის რუსეთის გადაწყვეტილება კვოტირებასთან დაკავშრებით და მეორე, აშშ-ჩინეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც აშშ-დან უფრო მეტი ხორბალი შევა ჩინეთში. შესაბამისად, ეს ცვლილებები ფასს გარკვეულწილად გაზრდის. ეს არის ბირჟების პირველი რეაქცია, მაგრამ დასტაბილურების მოლოდინი არსებობს.

რაც შეეხება საქართველოს ბაზარს, გარკვეულწილად დივერსიფიცირებაზე იმუშავეს როგორც წისქვილკომბინატებმა, ასევე ტრეიდერებმაც. შესაბამისად, გარკვეული რაოდენობა უკვე შემოსულია ყაზახეთიდან და აშშ-დან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველ ეტაპზე, ფქვილის ფასზე სერიოზულად არ აისახება რუსული კვოტირების ფაქტორი.

– რა ხდება ყაზახური ხორბლის საქართველოში შემოტანის მხრივ, რამდენად მზარდია აღნიშნული ბაზრის ათვისების ტემპები?

–  მთავრობასთან ერთად გარკვეული მოლაპარაკება გავმართეთ, რომ ყაზახეთიდან წამოსული ხორბალი ყაზახური მხრიდან დასუბსიდირებულიყო. საუბარია ტრანსპორტირების სუბსიდირებაზე. სექტემბრიდან საქართველოში შემოტანილი ხორბლის ტრანსპორტირებას ასუბსიდირებს ყაზახური მხარე 50 პროცენტით. წელს ყაზახეთმა, სამწუხაროდ, საკმაოდ დაბალი მოსავალი მიიღო, 3 მილიონით ნაკლები, ვიდრე შარშან. წელს შემოვიტანეთ დაახლოებით 80 000 ტონა ყაზახური ხორბალი. მოლოდინი უფრო მეტის შემოტანის არსებობდა, თუმცა დაბალი მოსავლის გამო, ეს მოლოდინი არ გამართლდა, მაგრამ ის რაოდენობაც კარგია, რაც შემოვიდა.

– ამერიკულ ხორბლის შემოსვლა საქართველოში, რამდენად იმოქმედებს ფასების დაწევაზე?

– ცოტა ხნის წინ ამერიკიდან შემოვიდა ხორბალი, რომელიც ერთ-ერთ კომპანიას შემოაქვს. 2000 წლებიდან მოყოლებული ჩვენთან ამერიკული ხორბალი არ შემოსულა. 2000 წელს შემოვიდა ხორბალი, თუმცა ის იყო დახმარების სახით. ახლა რაც შემოვიდა, კომერციულია. ფოთის კომბინატთან ხელშეკრულება არსებობს, რომლის ფარგლებშიც შემოვიდა აღნიშნული ტვირთი. ორ თვეში ამერიკიდან კიდევ 30 000 ტონა ხორბალს ველოდებით.

საფასო პოლიტიკას ყველა კომპანია თავისით გადაწყვეტს. ეს გამომდინარეობს თავიანთი მარაგებიდან და ბიზნეს ინტერესებიდან, მაგრამ დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, დრამატულ გაძვირებას არ ველოდებით, როგორიც იყო 2018 წლის ბოლოს, როცა 13 ლარით გაძვირდა ფქვილი და შემდგომ ის პურის ფასშიც აისახა. საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, შეიძლება იყოს რყევები დაახლოებით 1-2 ლარის ფარგლებში. თუმცა, ეს არის ის გაძვირება, რომელიც დრამატულად მოქმედებს ფქვილის ფასზე და შემდგომ პურის ფასზეც. დანარჩენი პურის მწარმოებლებზე იქნება დამოკიდებული. სამწუხაროდ, ვართ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა, გარე ფაქტორებზე დამოკიდებული. ყოველი გადაწყვეტილება მსოფლიო ბაზრებზე მუშაობს და შემდგომ ჩვენთანაც აისახება. იდეალური იქნება ჩვენი ხორბალი გვქონდეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი რაოდენობის. ის რომ 10 000 ტონა მოსავალი მოიწიეთ და მისი ნახევარი იყო სასურსათოდ ვარგისი, ეს ვერ თამაშობს მნიშვნელოვან როლს იმ 700 000 ტონაში, რომელიც ჩვენ სასურსათოდ გვჭირდება. აქ მთავარია ცოდნა და ტექნოლოგიები. დღევანდელი სიტუაციით ჩვენი მოსავლიანობა არის ერთ ჰექტარზე ორი ტონა, როცა საშუალო ევროპული მაჩვენებელი და მათ შორის რუსეთშიც, ერთ ჰექტარზე არის 6-7 ტონა. ჩვენ თუ ავწევთ ამ მაჩვენებელს, ანუ ორ ტონას ოთხ ტონამდე მაინც, საკმაოდ კარგ რაოდენობას მივიღებთ და ეს პრინციპში აგრონომიის და ტექნოლოგიების ცოდნით უნდა მოხდეს. ამ მიმართულებით უნდა განვითარდეს, რათა რყევებზე ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული. მთლიანად ვერ ჩავანაცვლებთ, მაგრამ ამის მიღწევა კარგი იქნებოდა. მეორე ფაქტორი კი დივერსიფიცირებაა.

ესაუბრა ბაჩანა ჯინჭარაძე

Share