Home » ბიზნესი » სადაზღვევო სექტორი გადაუჭრელი გამოწვევების წინაშეა – სავალდებულო დაზღვევის კანონი პარლამენტში “გაიჭედა”

სადაზღვევო სექტორი გადაუჭრელი გამოწვევების წინაშეა – სავალდებულო დაზღვევის კანონი პარლამენტში “გაიჭედა”

საქართველოში სადაზღვევო სექტორი მუდმივად ერთ–ერთ ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად ითვლება. ქართველი თუ უცხოელი ექსპერტები ხშირად მიუთითებენ იმაზე, რომ სადაზღვევო სექტორს განვითარების საკმაოდ დიდი რესურსი გააჩნია, თუმცა ფაქტია, რომ დღემდე ეს ბიზნესი საკმაოდ ნელი ტემპით ვითარდება. არსებულ რეალობას განაპირობებს ისიც, რომ, ერთი მხრივ საქართველოს მოსახლეობას საკმაოდ დაბალი სადაზღვევო კულტურა გააჩნია, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყანაში ფაქტობრივად არ არსებობს სავალდებულო დაზღვევები.

“ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ” კანონის საკითხი კვლავ გაურკვეველია”, – ამის შესახებ სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ, დევი ხეჩინაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა. მისი განმარტებით, ეს ნიშნავს იმას, რომ წელს აღნიშნული კანონპროექტის განხილვა  არ მოხდება.

“ვიცი,რომ მთავრობა ხედავს ამის საჭიროებას, ვიცი, რომ ევროკავშირიც ითხოვს ამას, რადგან ეს ისეთივე სტანდარტია, როგორც ძალიან ბევრი სხვა რამე”, – აცხადებს ხეჩინაშვილი.

მისი განცხადებით,სადაზღვევო კომპანიების ასოციაციამ მთავრობას კანონის ძალაში შესვლის  სხვადასხვა ვადები შესთავაზა. კერძოდ, მისი ამოქმედება ეტაპობრივად უნდა მომხდარიყო, ისე, როგორც ტექდათვალიერება გაკეთდა.

როგორც ხეჩინაშვილი აცხადებს, საქართველოს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის ისეთი სისტემა შექმნას, როგორიც გერმანიას აქვს.

როგორც ცნობილია, ავტომფლობელების სამოქალაქო პასუხისმგებლობის ე.წ. მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების შესახებ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტში 2018 წლის ბოლოს შევიდა, თუმცა ამ დრომდე მისი განხილვაც კი არ მომხდარა.

ხეჩინაშვილის განმარტებით, კანონპროექტის დაყოვნების მიზეზები ოფიციალურ სტრუქტურებს არ განუმარტავთ. თუმცა, მისი ვარაუდით, მიზეზი არჩევნებს უკავშირდება, რადგან აღნიშნული სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება ამომრჩევლისთვის სასურველი თემა არ არის.

“შეიძლება ითქვას, რომ კანონი “გაჭედილია” პარლამენტში. მთავრობამ კანონპროექტი პარლამნეტში 2018 წლის დეკემბერში შეიტანა და მერე ერთი წლის განმავლობაში ამ პროექტის განხილვა არ მომხდარა. ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ პარლამენტთან, კომიტეტებთან. იქ მხარდაჭერა იყო კიდეც და არც იყო – ეს უბრალო საკითხი არ არის. ბოლოს მოხდა ისე, რომ კანონპროექტი წლის ბოლომდე არ განხილულა. მიზეზი არავის უთქვამს. ვფიქრობ, მიზეზი პოპულიზმი, პოლიტიკა და არჩევნებია. აპრიორი ითვლება, რომ ეს არ არის ელექტორალურად მომგებიანი კანონი. თუმცა, ვფიქრობ, მთლად ასე არ არის, მაგრამ ეს არის ის ჩარჩო, რაშიც ვარსებობთ სავალდებულო დაზღვევებთან მიმართებაში”, – განაცხადა ხეჩინაშვილმა.

მისი განმარტებით, სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევით სახელმწიფო სადაზღვევო სექტორს სერიოზულ ბიძგს მისცემს, რადგან ამ მექანიზმის ამოქმედების შემთხვევაში, დაახლოებით მილიონი ადამიანი შევა სადაზღვევო ურთიერთობაში, საიდანაც დიდი ნაწილისთვის ეს პირველი სადაზღვევო პროდუქტი იქნება.

ხეჩინაშვილის განმარტებით, როგორც ევროპული სტატისტიკა აჩვენებს, მილიონ კაცზე დაახლოებით 80 000 სადაზღვევო შემთხვევა დგება; სომხური გამოცდილების მიხედვით, ეს ციფრი 110 000-ზეც ადის. სარგებელს კი ორი ამდენი ადამიანი მიიღებს, რადგან მესამე პირის მიმართ სამოქალაქო დაზღვევა ორ მხარეს გულისხმობს – ავტომფლობელს, რომელიც საგზაო შემთხვევაზეა პასუხისმგებელი და დაზარალებულს.

ხეჩინაშვილი ვარაუდობს, რომ კანონპროექტის განხილვა არც წელს მოხდება, რადგან საარჩევნო წელია, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა მესამე პირის მიმართ სამოქალაქო დაზღვევის საჭიროებას აცნობიერებს და ამას ევროკავშირიც ისევე ითხოვს, როგორც სურსათის უვნებლობის სტანდარტებს. სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ მესამე პირის მიმართ ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევის მექანიზმის დანერგვა წარმატებული იქნება, რადგან ქვეყნაში ამ ტიპის დაზღვევის ამოქმედებისთვის საჭირო ყველა რგოლი გამართულად მუშაობს.

“ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევისთვის მთლიანად სადაზღვევო ინდუსტრია ერთად იმიტომ ვდგავართ, რომ მისთვის აუცილებელი ნაწილები უკვე არსებობს. ვგულისხმობ ჩვენი პოლიციის სისტემას, რომელიც კორუფციული არ არის, ინფორმაციის გაცვლა იდეალურია. ეს ნაწილები, ყველაფერი მოწყობილია. ჩვენ შეგვიძლია, საქართველოში მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის ისეთი სისტემა შევქმნათ, როგორიც გერმანიაშია. ამის დემონსტრირება ჩვენ გავაკეთეთ იმ პატარა სავალდებულო დაზღვევით, რომელიც ეხება საქართველოში არარეგისტრირებული ტრანსპორტის მფლობელის მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევას. ნახეთ, როგორ იდეალურად მუშაობს, როგორც ინკასაციის, ისე ხარჯის ანაზღაურების კუთხით. ჩვენ რომ არ ვიყოთ დარწმუნებული, რომ ამას ძალიან კარგად გავაკეთებთ და ეს მართლა შეუწყობს ხელს სადაზღვევო კულტურის განვითარებას, ამაზე ამდენს არ ვილაპარაკებდით”, – აცხადებს ხეჩინაშვილი.

ლიკა მაისურაძე

Share