Home » ეკონომიკა » საბაზრო ეკონომიკას დაცვა სჭირდება პოლიტიკური ინტერვენციებისგან, მეტი დაბეგვრისგან – ბალცეროვიჩი

საბაზრო ეკონომიკას დაცვა სჭირდება პოლიტიკური ინტერვენციებისგან, მეტი დაბეგვრისგან – ბალცეროვიჩი

„მე გავაძლიერებდი იმას, რაც უკვე გატარდა, რადგან თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას დაცვა სჭირდება პოლიტიკური ინტერვენციებისგან, მეტი დაბეგვრისგან. ეს არის სამუშაო და შემდეგ უნდა შევხედოთ კონკურენციის დონეს. ძალიან მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა. ეს ნიშნავს მიუკერძოებელ პოლიციას, პროკურატურას – ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკისა და ცხოვრების დონის ამაღლებისთვის“, – ამის შესახებ პოლონეთის „სამოქალაქო განვითარების ფორუმის“ საბჭოს თავმჯდომარე ლეშეკ ბალცეროვიჩმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

პოლონეთის ეკონომიკური რეფორმების ავტორმა გადაცემის მსვლელობისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავისუფალი ბაზარი და კანონის უზენაესობა წარმატებული სახელმწიფოს აუცილებელი ატრიბუტებია.

მისი მოსაზრებით, ეს ორი ფაქტორი რუსეთის მიერ ქართული ტერიტორიების ოკუპაციით შექმნილი რისკფაქტორების განეიტრალებასაც კი შეძლებს.

„კომპენსაცია იმით უნდა მოახდინოთ, რომ უფრო წარმატებული იყოთ. წარმატება თავისუფალი საბაზრო რეფორმიდან და კანონის უზენაესობიდან მოდის. უცხოურ ინვესტიციებს ყოველთვის იზიდავს ის ფაქტორი, როდესაც სასამართლო სისტემა პოლიტიკოსებისგან დამოუკიდებელია, სასამართლოს გადაწყვეტილებები და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული ორგანიზაციები მიკერძოებულნი არ არიან“, – განმარტა ბალცეროვიჩმა.

მისი მოსაზრებით, კანონის უზენაესობას იმ რისკების გაწონასწორებაც კი შეუძლია, რაც პოლიტიკური არჩევნების დროს, როგორც წესი, ქვეყანაში ჩნდება.

„კანონის უზენაესობა უმნიშვნელოვანესია. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკოსები და მთავრობა შეზღუდულნი არიან როგორც ხალხზე, ისე ეკონომიკაზე ზემოქმედების თვალსაზრისით. მეორეს მხრივ, მემარჯვენე თუ მემარცხენე ძალებს მეტი პოლიტიკური ძალაუფლების ხელში ჩაგდება სურთ, რაც ძალიან ცუდია. პოლიტიკოსთა ძალაუფლება ძალიან შეზღუდული უნდა იყოს. ამის გამაწონასწორებელი სისტემა, დამოუკიდებელი პროკურორები და მოსამართლეები ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკისა და ხალხისთვის. საკუთარი პოლიტიკოსების არ უნდა გვეშინოდეს და ასეთ პირობებში არც შეგვეშინდება. ეს არის არჩევანი. პოლიტიკოსებისთვის დიდი ძალაუფლების მინიჭებაში საფრთხე უნდა დავინახოთ. კანონის უზენაესობის ჩარჩოებში სახელმწიფოს ჩართულობა უნდა შეიზღუდოს და ადამიანს მეტი თავისუფლება მიენიჭოს. ამაზე უნდა ვიზრუნოთ“, – განუცხადა ლეშეკ ბალცეროვიჩმა „ბიზნესპარტნიორს“.

Share